გავრცელებული ინფორმაციით ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა თანამდებობას დატოვებს
ავტორი: გურიის მოამბე
გავრცელებული ინფორმაციით ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა თანამდებობას დატოვებს

"გურიის მოამბეს" ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა თანამდებობას - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს რეგიონებში დიდი საკადრო წმენდის ფარგლებში - დატოვებს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, კუჭავას რეიტინგი 15%-ის ირგვლივ მერყეობს და ამ მონაცემებით ის საქართველოს მუნისიპალიტეტების მერებს შორის ბოლოდან მესამეა. 

ჩვენი წყაროს ცნობით, რეიტინგზე მეტად მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი მისი ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ახლო ურთიერთობა სახელდება.

ასევე ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კუჭავა გარკვეულ "გზავნილებს" ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" მისამართით ახორციელებს.

კერძოდ, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, ის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რამდენჯერმე შეხვდა ყოფილ პარლამენტარს და შევარდნაძისდროინდელ მაღალჩინოსანს ზაზა სიორიძეს, რომელიც დღეისათვის გურიაში "ლელოს" ნომერ პირველი მხარდამჭერია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს რეგიონებში დიდი საკადრო წმენდა რომ იგეგმება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოები, მმართველ პარტიაში, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.

როგორც GUARDIAN.GE-იმ გაარკვია, ივანიშვილის წინასაარჩევნოდ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სოლოლაკის სასახლეში რეგიონების პირველ პირებთან – გუბერნატორებთან, მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ინტენსიური შეხვედრები, სადაც ივანიშვილმა არაერთი რეგიონის ხელმძღვანელის მუშაობა უარყოფითად შეაფასა და განსაკუთრებული უკმაყოფილება მათ მიმართ გამოხატა, ვინც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავიანთ საარჩევნო ოლქებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ვერ უზრუნველყო.

„ქართული ოცნების“ ლიდერის საკადრო წმენდის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ისიცაა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებში მერის კანდიდატურების შერჩევა უმეტესწილად მასთან შეთანხმების გარეშე, ძირითადად მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და მისი დაჯგუფების მიერ მოხდა, და 2018 წლის გაზაფხულზე პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი – რომელმაც ძალიან მალე კვირიკაშვილი აიძულა თანამდებობიდან წასულიყო – რეგიონებში საკადრო წმენდით, თავისი უშუალო კონტროლის მაქსიმალურად დამყარებას შეეცდება.

GUARDIAN.GE-ის ინფორმაციით, რამდენიმე მუნიციპალიტეტის უავტორიტეტო მერების თანამდებობიდან წასვლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მერის პირველი მოადგილეების კანდიდატურების, ავტორიტეტული პირების შერჩევა, რომლებიც კანონის შესაბამისად, ახალი არჩევნების დანიშვნამდე მერის მოვალეობას შეასრულებენ.

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში. თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდება, რიგგარეშე არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში ჩატარდება, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდება − უახლოეს მაისში.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, რამდენიმე რეგიონში უკვე მოხდა თანამდებობებიდან ივანიშვილისთვის არასასურველი კადრების სხვადასხვა მიზეზით ჩამოცილება – მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდა.

'.$TEXT['print'].'