"ლელოს" მაჟორიტარი გურიაში ზაზა სიორიძის შვილი გიორგი სიორიძე იქნება
ავტორი: გურიის მოამბე
"ლელოს" მაჟორიტარი გურიაში ზაზა სიორიძის შვილი გიორგი სიორიძე იქნება

დიდი ალბათობით, პოლიტიკური ორგანიზაცია "ლელოს" მაჟორიტარი გურიის მაჟორიტარულ ოლქში, შევარდნაძისდროინდელი ოზურგეთელი მაღალჩინოსნის, ზაზა სიორიძის შვილი - გიორგი სიორიძე იქნება.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

რედაქცია ამ საკითხზე "ლელოს" ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძრვანელს, კახა სიორიძეს დაუკავშირდა:

"დღეს ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, გიორგი "ლელოს" კურატორია გურიის მხარეში, ვინ იქნება მაჟორიტარი გურიაში ეს რამდენიმე დღეში გადაწყდება და შეგატყობინებთ" - გვითხრა კახა  სიორიძემ.

გიორგი სიორიძის ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია - სიორიძე გიორგი გერმანიის ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი (Magister iuris). ქ. კიოლნში ჩაბარებული აქვს ნორდრაინ-ვესტფალიის უზენაესი სასამართლოს იუსტიციის საგამოცდო უწყების სახელმწიფო (სალიცენზიო) გამოცდები (Staatliche Pflichtfachprüfung, 1. Staatsexamen). არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. გიორგი 2014 წლის ოქტომბერში, 8 წლის მერე დაბრუნდა საქართველოში. 2015 წლიდან დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასოცირებული მკვლევარი. 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. იგი არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (მათ შორის გერმანულ ენაზე).

ბოლო წლებში, სანამ პოლიტიკაში გადავიდოდა, გიორგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ "ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს" თავმჯდომარე იყო.

კვლევის სფერო: სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, კონსტიტუციური შედარებითი სამართალი, რელიგიისა და კულტურის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი.

რაც შეეხება მის მამას, ზაზა სიორიძეს, მისი კარიერული წინსვლა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ვანო ჩხარტიშვილთან ერთად დაიწყო, 1995 წელს ოზურგეთის მაჟორიტარული ოლქიდან საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, მოგვიანებით კი 99-2003 წლების მოწვევის პარლამენტარი "მოქალაქეთა კავშირის" პარტიული სიით.ხელმძღვანელობდა პარლამენტში ეკონომიკურ ფინანსურ ბლოკს (საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე), იყო მინისტრი, თუმცა მისი და ჩხარტიშვილის გზები მოგვიანებით გაიყო, სააკაშვილის მმართველობისას ის "ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო საზოგადოებას" ხელმძღვანელობდა და ლიხაურში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) წმინდა ექვთიმეს მუზეუმის მსენებლობა რეაბილიტაცია და გახსნა მისსა და მისი მეუღლის - ნინო მამარდაშვილის - სახელს უკავშირდება.

წარმოშობით ზაზა სიორიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათიდან არიან, თუმცა ახლა ოჯახი ქალაქ თბილისში ცხოვრობს.

გიორგი სიორიძე თბილისში 1987 წელს დაიბადა.

გარდა თბილისისა, 2003 წლის ქონებრივი დეკლარაციით თუ ვიმსჯელებთ სიორიძეების ოჯახი საცხოვრებელ სახლებს ფლობენ მცხეთაში, საგურამოში და ნატანებში (შეკვეთილი).

'.$TEXT['print'].'