"აგრობარათის" მოსახლეობაზე გაცემას "ლიბერთი" საკუთარი ბიზნეს ინტერესებისათვის იყენებს
ავტორი: გურიის მოამბე
"აგრობარათის" მოსახლეობაზე გაცემას "ლიბერთი" საკუთარი ბიზნეს ინტერესებისათვის იყენებს

მთავრობის მიერ გამოცხადებულ პროგრამას (რომელიც ფერმერების დახმარებას ისახავს მიზნად და მათ "აგრობარათები" ურიგდებათ) ამ აგრობარათების ექსკლუზიურად გამცემი "ლიბერთი ბანკი" საკუთარი ბიზნეს ინტერესებისათვის იყენებს.

მაგალითისათვის, ბანკი უარს ამბობს "აგრობარათები" გასცეს იმ პირებზე, ვისაც "ლიბერთი ბანკის" დავალიანება აქვთ, მანამ, სანამ ისინი დავალიანებას არ დაფარავენ.

როგორც დაზარალებული ფერმერები გვეუბნებიან, არა აქვს მნიშვნელობა დავალიანება 1 ლარს შეადგენს, 2 -ს თუ ასე შემდეგ:

"საათობით ვდგავართ თაკარა მზეში რიგში, უცებ გვეუბნებიან თქვენ გქონდათ ანგარიში ლიბერთი ბანკში ად არა გაქვთ გადახდილი მომსახურეობის თანხა, წლების განმავლობაში უფუნქციო ანგარიშებზე გვარიცხია 20-30-40- ლარი და გვეუბნებიან სანამ ამ თანხას არ გადაიხდით თქვენი აგრო ბარათი დაბლოკილია. ზოგმა გადაიხადა და უთხრენ ხვალ მოდით, რადგან დავალიანება ამეღამ განულდებაო, ამ მიზეზის გამო ბევრი საერთოდ უარს ამბობს აგრობარათზე" - გვითხრეს "გურიის მოამბეს" გაბრაზებულმა ფერმერებმა.

პროგრამა, რომელიც ფერმერების „პირდაპირ დახმარებას“ ითვალისწინებს, 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიის მისაღებად საჭიროა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია

სააგენტოში, რომელიც ამ პროგრამას ახორციელებს, აცხადებენ, რომ აღნიშნული აგრობარათები თავის დროზე დაურიგდა მხოლოდ მათ, ვისაც მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი მაინც ჰქონდა საკუთრებაში.

მათ, ვისაც არ აქვთ აგრობარათები და ეკუთვნით სუბსიდია, უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკს“, სადაც ასეთ ბარათს უსასყიდლოდ დაუმზადებენ.

სააგენტომ 20 მაისამდე მოამზადა ბაზა, სადაც ყველა ფერმერი შევა, ვისაც სუბსიდია ეკუთვნის. გამოქვეყნდება ასევე იმ სპეციალიზებული მაღაზიების ჩამონათვალი, სადაც ფერმერს ბარათზე დარიცხული ქულების გახარჯვა შეეძლება [ერთი ქულა ერთი ლარია].

რაც შეეხება საწვავს – ფერმერი მიმართავს სააგენტოს წარმომადგენლობებს მუნიციპალიტეტებში [აჭარის შემთხვევაში კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს], სადაც მას მისცემენ ფასდაკლების ტალონს [იმ რაოდენობის საწვავზე, რაც ეკუთვნის] და ამ ტალონით შეიძენს დიზელს ბენზინგასამართ

სადგურზე. თუ რომელ სადგურებზე, ეს ჩამონათვალიც 20 მაისიდან იქნება ცნობილი.

1 ჰექტარზე სუბსიდია 200 ლარია [200 ქულა], თუმცა, მაგალითად გურიაში, 1 ჰექტარი ფართობის დახვნაში, დაფარცხვასა და დათესვაში გლეხი ჯამში 350 ლარს იხდის.

იმ ფერმერებმა კი, ვისაც საშუალება ექნებათ ბარათზე დარიცხული ქულები დახვნისთვის გამოიყენონ, მხოლოდ და მხოლოდ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ უნდა მიმართონ. სხვა შემთხვევაში ამ ქულებს ვერ გამოიყენებენ.

სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია კი, [იგივე, ყოფილი შპს „მექანიზატორი“] სახელმწიფო კომპანიაა და მის 100% წილს ა[ა]იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ფლობს. ამ სააგენტოს გამგეობის 6 წევრიდან 3 მოქმედი მინისტრია – სოფლის მეურნეობის [ლევან დავითაშვილი, გამგეობის თავმჯდომარე], ფინანსთა [ივანე მაჭავარიანი] და ეკონომიკის [ნათია თურნავა].

 სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  200 000-ზე მეტი ფერმერი ლიბერთის ,,აგრო ბარათს“ მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი პროგრამით ისარგებლებს. 

20 მაისიდან, ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის ეტაპობრივად დაიწყო „სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა და  ლიბერთის მიერ "აგრო ბარათების" დამზადებისა და დარიგების პროცესი. 

37 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, ვისაც საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში აქვს საჯარო რეესტრში  რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25ჰა-დან 10 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთი. პროგრამის თანახმად, ფერმერებს, სუბსიდიის თანხის შესაბამისი ქულები (1 ქულა = 1 ლარს) დაერიცხებათ ლიბერთი ბანკის ,,აგრო ბარათებზე“ 0.25 ჰექტარზე -  50 ქულა,1 ჰექტარზე -  200 ქულა,  10 ჰექტარზე - 2 000 ქულა. 

ბარათის ასაღებად ფერმერმა უნდა მიმართოს ლიბერთი ბანკს. სუბსიდიის მოცულობისა და ბარათის მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე myliberty.ge. დარიცხული სუბსიდიის შესაბამისი ქულების გახარჯვა შესაძლებელია ,,აგრო ბარათის“ პოსტერმინალზე გატარებით, ლიცენზირებულ სასოფლო-სამეურნეო საქონლის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და შპს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიაში.  დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მფლობელებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე, შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია, რის შემდგომაც ისინი შეძლებენ პროგრამაში მონაწილეობას.

პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.  ფიზიკური პირები რომელთაც, თანასაკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები, "აგრო ბარათებზე" ქულები დაერიცხებათ ეტაპობრივად 1 ივნისიდან და დარიცხული ქულების გამოყენება  შესაძლებელი იქნება 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით.

'.$TEXT['print'].'