ეს სასწაული ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში მოხდა. 1927 წელს ბოლშევიზმის პირსიხლიან ხანაში მთელმა სოფელმა ერთი "პატარა" საფლავისთვის გაწირა თავი
ეს სასწაული ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში მოხდა. 1927 წელს ბოლშევიზმის პირსიხლიან ხანაში მთელმა სოფელმა ერთი "პატარა" საფლავისთვის გაწირა თავი
ოკუპაციის კვირეული

სასწაული

ეს სასწაული ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში მოხდა. 1927 წელს ბოლშევიზმის პირსიხლიან ხანაში მთელმა სოფელმა ერთი "პატარა" საფლავისთვის გაწირა თავი. სამების მკვიდრთა გაუგონარი თავდადება 22 წლის იუნკერის მაკარ სოლომონის ძე ბურჭულაძის ნათელ ხსოვნას ეძღვნებოდა. მაშინ ლენინურმა რევკოვმმა სამშობლოსთვის თავდადებული გმირის ობელისკიანი საფლავის განადგურების დადგენილება მიიღო. ეს ამბავი შეიტყო სოფლის მაშინდელმა დირექტორმა სეფე ბურჭულაძემ, რომელმაც ღამით ყველა ფეხზე დააყენა. დილით კი სოფლის სასაფლაოზე მისულ ბოლშევიკებს სამასი კაცი დაახვედრა წინ. მომხდურმა უკან დაიხია და საფლავი კიდევ ერთხელ გადარჩა, მისი განადგურების პირველი მცდელობა 1923 წელს იყო, როცა ბოლშევიკებმა საფლავის ობელისკი დაცხრილეს. მემორიალურ დაფას ტყვიის კვალი ახლაც ამჩნევია. როგორც ამბობენ, გასროლა სისასტიკით გამორჩეულმა წითელმა მეთაურმა ობოლაძემ მოახდინა. მასვე მიუღია, "მტრების" ადგილზე დახვრეტის მანდატი, რასაც დიდი გულმოდგინებითაც ასრულებდა, თურმე მოგვიანებით გურიაში ჩადენილი მკვლელობებისა და ხალხის აწიოკების გამო ობოლაძე ოზურგეთში მოკლეს.
ეროვნული გმირის საფლავის დაცვა ძალიან ძვირად დაუჯდა სოფელ სამების მკვიდრ მოსახლეობას, რომელიც ყოველ ჯერზე საშინელი რეპრესიებით ისჯებოდა. კონტრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით ბევრი დახვრიტეს, მრავალიც გადაასახლეს .ზოგმა კი გაქცევით უშველა თავს და სოფელი განახევრდა კიდეც, მაგრამ ხალხის თავგანწირვას ღვთის საწაულებრივი მადლი მოჰყვა და საფლავი გადარჩა. ამრიგად, სამებაში ერისა და ბერის, ამქვეყანაზე მებრძოლი თავდადებულებისა და ცხონებული გმირის ერთობამ გააკეთა ის, რომ მეოთხედი მსოფლიოს დამპყრობელი წითელი ბოლშევიზმი სინამდვილეში ერთ პატარა სოფელს ვერ მოერეოდა.

გმირი

მაკარ ბურჭულაძე 1899 წელს დაიბადა. 1918 წელს, თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ არ დაუმთავრებია. 1921 წელს სამშობლოში დაბრუნდა, საარტილერიო ნაწილში ჩაირიცხა და მტერს კოჯორთან დახვდა. აი, რას წერდა იგი მამას ფრონტიდან: "უსაშინელესი ჯოჯოხეთია. რუსები უმოწყალოდ გვიტევენ ცეცხლითა და მახვილით. თავის წამოწევა არ შეიძლება. ტყვიამფრქვევი ცელავს ყველაფერს, ჩვენ კი ვაზნები გამოგველია. შევსება არ ჩანს. მეორე დღეა, ლუკმა არ აგვიღია. რა ლომივით ბიჭები დაეცნენ, ძნელია ატანა. მამა შენ ხომ იცი ჩემი ხასიათი. საქართველოს მტრების სიძულვილი შენ ჩამინერგე ბავშვობიდანვე. საფუძვლიანად კი რუსეთში ყოფნისას შემძულდა იგი. ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ვნახოთ რას მოიტანს მომავალი. იარაღი გვინდა, იარაღი! ცარიელი ხელებით რა უნდა გააკეთო. იყინება ყველაფერი. ქარბუქი ძვალსა და რბილში გადის. ტანსაცმელი მაინც გვქონდეს შესაფერი. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ. დედას ეს წერილი არ წაუკითხო! გარედანაც ვაწერ გაფრთხილებას. არ დამიჯერებ, როცა გიამბობ, რა გასაჭირს ვიტან სამშობლოსთვის.
შენი მაკარი, 22 თებერვალი 1921 წელი".

ორი დღის შემდეგ შეუპოვარ გმირს გულში ტყვია მოხვდა, რომელმაც ჯერ ჯიბეში შენახული დედის ფოტოსურათი გახვრიტა, თითქოს დედა შვილს წინ გადაეფარაო. მაკარის ოჯახს გვერდით მთელი სოფელი ამოუდგა. სეფე ბურჭულაძის ვაჟი ვლადიმერი კი მაკარის მამას ცხედრის მოსაძებნადაც გაჰყვა. იუნკერთა გაყინული სხეულები ძნელი ამოსაცნობი გამხდარიყო, მაგრამ მაკარი დედის ფოტოსურათით იცნეს და სოფელში გადაასვენეს. სამშობლოსთვის თავდადებული დიდი პატივით დაკრძალეს. მადლიერმა თანასოფლელებმა გმირს სამმეტრიანი ობელისკიც დაადგეს, რომლის პატარა საცავში, როგორც რელიქვია, შეინახეს იუნკერის სისხლიანი ტანსაცმელი, წერილები და დედის ნატყვიარი ფოტოსურათი. მარმარილოს მემორიალურ დაფაზე კი შემდეგი წარწერა ამოტვიფრეს: "1899/5/1-1921/24/2. აქ განისვენებს სტუდენტი მაკარ სოლომონის ძე ბურჭულაძე, რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე კოჯორი-ტაბახმელას მიმართულებით სამშობლოსთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დაუვიწყარი იქნება მისი სახელი".

ობელისკი

სოფლის სასაფლაოზე წმინდა სამების სახელობის ძველი ტაძარი იდგა. მაკარი მის გვერდით დაკრძალეს და ობელისკიც აღმართეს. სამმეტრიანი ქვის სვეტი ქვისავე ჯვრით გვირგვინდებოდა და ერთ პატარა საცავს ითავსებდა, რომელშიც წამებული იუნკერის პირადი ნივთები ინახებოდა. მემორიალური დაფის ზემოთ, სავარაოდოდ სახატე უნდა ყოფილიყო. ბოლშევიკების თავდასხმების შედეგად ჯვარი დამტვრეულია, სახატე ცარიელია, დაფა ნატყვიარია, ხოლო საცავი გაძარცვული.
აღარც ის ძველი სამების ტაძარი დგას, რომელიც ბოლშევიკებს ჯერ უმღვდლოდ დაუტოვებიათ, მერე სატუსაღოდ გადაუქცევიათ და საფლავის დამცველები შიგ ჩაუყრიათ, ბოლოს კი მთლიანად დაუნგრევიათ.
რამდენიმე წლის წინათ იქვე ახალი მშვენიერი ტაძარი აუშენებია პაატა ბურჭულაძეს, რომელიც წარმოშობით იმ სოფლიდანაა. ტაძარი, ისევე როგორც ძველი, წმინდა სამების სახელობისაა. როგორც მისი წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ჟღენტი ამბობს, გმირი იუნკერის ობელისკი ისევე აღდგება, როგორც ტაძარი. გამოიკვეთება ჯვარი, შეივსება სახატე, რესტავრირდება მემორიალური დაფა და თუ კი რაიმე ნივთის მოძიება გახდება შესაძლებელი, ობელისკის საცავიც გაკეთდება. დღესდღეობით მაკარ ბურჭულაძის მხოლოდ ის წერილია შემორჩენილი, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ.

ბურჭულაძეები

ჩოხატაურის რაიონის სოფელ "სამებას" ცხოვებაში პაატა ბურჭულაძის ღვაწლი განუზომელია. ჯერ ერთი, თავდაუდებელია მისი ცხოვრებისეული მაგალითი და მეორეც, მართლაც შეუფასებელია სოფლისთვის მისი სულიერი თანადგომა, რაც გამოიხატა ჯვარგუმბათოვანი ბრწყინვალე თეთრი ტაძრის აშენებაში. იქ ხომ სამშობლოსთვის შეწირულ გმირის სულს მარად მოიხსენიებენ. მამა გიორგიმ ბრძანა: "უფალმა გამოგვიგზავნა ჩვენი პაატა ბურჭულაძე იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სახელი გაეთქვა, უამრავი კეთილი საქმე გაეკეთებინა და ტაძარი აეშენებინა".
შეძლებისდაგვარად, არანაკლებ მნიშვნელოვანი ყოფილა, სოფლისადმი სხვა ბურჭულაძეების ღვაწლი, თუმცა აქ "სხვა" პირობითადაა გამოყენებული. სეფე ბურჭულაძე, რომელმაც იუნკერის საფლავის დასაცავად მთელი სოფელი ფეხზე დააყენა, პაატას დიდი ბაბუა იყო, ხოლო ვლადიმერ ბურჭულაძე, რომელმაც ოჯახს ცხედარი აპოვნინა და გადმოასვენებინა შვილი - პაატას ბაბუა.
ისტორიკოსი გური ბურჭულაძე კი, რომელმაც იუნკერის საფლავის ისტორია მეცნიერულად გამოიკვლია და დაადგინა, თავად მაკარის ნათესავი გახლდა. სამწუხაროდ, ის აღარაა ჩვენს გვერდით, და ამ ჯერზე ამიტომაც გაჭირდა თავდადებული იუნკერის ისტორიის შესახებ სხვა მასალების მოძიება. თუმცა, ამ მხრივ გასახარია, რომ სოფელში ახალგაზრდა ენთუზიასტები გამოჩნდნენ, რომლებიც დაინტერესდნენ გმირი მამულიშვილის ცხოვრებით და ყველაფერს აკეთებდნენ მისი გამომზეურებისთვის. ჩვენც სწორედ ისინი დაგვიკავშირდნენ: ძმები ტიტე და სერგო მახარაძეები, კახა გოგელია, ალეკო მახარაძე და სხვები, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ.

ფუფუნება

მაკარ ბურჭულაძის ცხოვრების შესახებ საუბრისას მამა გიორგიმ ბრძანა, რომ გმირის ცხოვრება და სიკვდილი უფლისაგან ბოძებული ფუფუნებაა. დეკანოზი გიორგი ჟღენტი: "უფლისთვის, ქვეყნისთვის, სარწმუნეობისთვის თავგანწირვის დროს ადამიანი წირავს ხორცს და ამქვეყნიურ სიცოცხლეს იმისთვის, რომ უფალმა აამაღლოს მისი სული. ასეთმა ადამიანებმა იციან, რასაც აკეთებენ, რაც მოელით, მაგრამ ზეციური ბიბლიისთვის აკეთებენ ამას და წმინდანები, ზეციური ანგელოზები, ხდებიან. სული გვალამაზებს. ხორცი იმიტომ მოგვცა უფალმა, რომ იგი მისთვის, ქვეყნისთვის, სარწმუნეობისთვის, გავწიროთ და ასე ვცხონდეთ. ჩვენთვის თავგანწირვის პირველი მაგალითი, თავად უფალი იესო ქრისტე გახლდათ. სწორედ უფალმა მისცა ამ ვაჟკაცს სამშობლოსთვის თავგანწირვის ფუფუნება."
ასეთ ფუფუნებას ყველა ვისურვებდით.

დღეს, გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა, ადგილობრივ ნაციონალებთან და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად, მაკარ ბურჭულაძის საფლავი ყვავილებით შეამკო.

'.$TEXT['print'].'