ოზურგეთში ნორვეგიული ორაგულის სათევზე მეურნეობის მშენებლობა იწყება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ნორვეგიული ორაგულის სათევზე მეურნეობის მშენებლობა იწყება

ნორვეგიული ორაგულის სათევზე მეურნეობის მშენებლობა ქალაქ ოზურგეთში, ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ("გზამშენი 18" მახლობლად, სოფელ ლიხაურის ტერიტორია), მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს.

პროექტს, რომლის საერთო ღირებულება 35 მილიონი ლარია, გურიის ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი გოგიტა ჩხაიძე ახორციელებს. ინვესტიცია კი, ბიზნესში ეტაპობრივად ჩაიდება, 

როგორც "გურიის მოამბეს" ჩხაიძემ უთხრა, აღნიშნული პროექტი, ოზურგეთის სათევზე მეურნეობის გარდა, გრიგოლეთში გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას და დიდი მოცულობის სათევზე მეურნეობის მშენებლობას ითვალისწინებს.

თავდაპირველად, ნორვეგიიდან შემოტანილი ქვირითით "ლიფსიტების" გამოყვანა ოზურგეთის სათევზე მეურნეობაში, მტკნარი წყლის პირობებში მოხდება, ხოლო ზრდის პროცესში, როცა ორაგული ნახევარ კილოგრამამდე მიაღწევს, მას გრიგოლეთში, ზღვის წყლის პირობებში გადაიყვანენ.

გადამამუშავებელ ქარხანა ორაგულის რამდენიმე სახეობის პროდუქტს გამოუშვებს როგორც შიდა ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ.

ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლიდან ორაგულის მოპოვება 8,7%-ით შემცირდა. 
თევზის რეწვის კომპანიების განცხადებით, ამის მიზეზი ნორვეგიასა და შოტლანდიაში ზღვის ტკიპას მომრავლება და  ჩილეში საშიში წყალმცენარეების გავრცელებაა, რომელიც ორაგულის უმსხვილესი მომპოვებელი ქვეყანაა მსოფლიოში. 

როგორც გამოცემა Financial Times წერს, ეს არის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ორაგულის ყველაზე მკვეთრი შემცირება.

გასული წლის პირველ ნახევარში თევზის რეწვის კომპანიებმა ჩილეში განაცხადეს, რომ ტოქსიკური მცენარეების გავრცელების გამო, ორაგულის მოპოვება შემცირდა 25%-ით, ხოლო ნორვეგიაში, რომელიც ორაგულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, ამ თევზის პოპულაცია შემცირდა 6%-ით. საერთო ჯამში მსოფლიოში ორაგულის მოპოვება 2016 წელს 8,7%-ით  შემცირდა და 2,1 მილიონი ტონა შეადგინა. 

ამასთან, ნორვეგიის ზღვის პორდუქტების საბჭოს ინფორმაციით, ორაგულზე მოთხოვნა 25%-ით არის გაზრდილი. ნორვეგიაში ერთი კილოგრამი ორაგულის ფასი 80 ნორვეგიულ კრონამდე (,9,35 დოლარი) გაიზარდა.

'.$TEXT['print'].'