გიორგი ჩხაიძე:"აყვავებული ხეხილის ბაღები მახარებს და თავისკენ მიხმობს"
ავტორი: გურიის მოამბე
გიორგი ჩხაიძე:"აყვავებული ხეხილის ბაღები მახარებს და თავისკენ მიხმობს"

უკვე მეორე წელია, გურიის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე, თავისი ძირითადი ბიზნესის პარალელურად სოფლის მეურნეობაში ახორციელებს ინვესტიციებს. ნორვეგიული ორაგულის უკვე დაფინანსებულ პროექტზე ,,გურიის მოამბემ "მკითხველს ამ დღეებში უამბო. სათევზე მეურნეობა ოზურგეთსა და გრიგოლეთში თევზსაშენებსა და იმავე გრიგოლეთთან გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს და მასზე 35 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ამჯერად, ჩვენი ყურადღება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლობარგთან, გიორგის ჩხაიძის მიერ შარშან დაწყებულმა პროექტმა მიიპყრო-ხეხილის ბაღები პირველ ეტაპზე საცდელი მეურნეობის სახით 9 ჰექტარზე გაშენდა, სადაც ფეიჰოას, ლურჯი მოცვის, ჟოლოს, გარგარის, ვაშლისა და მსხლის უახლესი ტექნოლოგიებით გამოყვანილი ჯიშების რამდენიმე სახეობაა წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში, საცდელი ჯიშებიდან ყველაზე იდეალური- ფეიჰოა და ჟოლო დანარჩენ 50 ჰექტარზე გაშენდება. ლანჩხუთის გარეუბანში ასევე, ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც იგეგმება...

 - როგორ გაჩნდა გურიაში ხეხილის ბაღების გაშენების  იდეა?

- როცა გურიის გუბერნატორი ვიყავი, ბევრს ვფიქრობდი, რა იყო ის მთავარი  ღერძი, რაც განვითარების შანსს მისცემდა ეკონომიურად  ჩამორჩენილ  გურიას. მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც  ვფიქრობ (ასე ფიქრობს  ბევრი ექსპერტიც ),რომ ერთადერთი, რაც გურიას  არც ისე  გრძელვადიან პერსპექტივაში  ფეხზე დააყენებს, სწორედ  სოფლის მეურნეობაა.  ცალკე თემაა ჩემი პირადი დამოკიდებულებები გურიის მიმართ.  ბიზნეს საქმიანობის სრულიად განსხვავებული პროფილის გამო (მხედველობაში მაქვს ენერგოსექტორი), მუდმივად მქონდა უკმარისობის   განცდა, რომ ჩემს კუთხეში რაღაც   უნდა გამეკეთებინა. როცა სოფლის მეურნებობაში მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციის ჩადება საბოლოოდ გადავწყვიტე, ძალიან ბევრი და მიმზიდველი შეთავაზებების მიუხედავად,  ბიზნესის ლოკაციის  ადგილის ძიებისას გურიის იქეთ  არ წავსულვარ. შესაბამისად, ეს პროექტი ერთი წლის წინ  დაიწყო და დღეს უკვე  სერიოზული შედეგები გვაქვს. თქვენ ხედავთ   რა  ლამაზი  სანახავია  ჰექტრებზე    გადაჭიმული აყვავებული  ხეხილის ბაღები... ეს  მახარებს და  დედამიწის ნებისმიერ წერტილში მყოფს  აქეთკენ მიხმობს.

_რა ეტაპზეა  დღეს   პროექტი?

_ ხეხილის ბაღები პირველ ეტაპზე  საცდელი მეურნეობის სახით  9 ჰექტარზე  გაშენდა. გურია სუპტროპიკული რეგიონია და ბიზნესსტრატეგია დაიგეგმა სწორედ ამის გათვალისწინებით.  საცდელ ნაკვეთზე   ფეიჰოას, ლურჯი მოცვის,  ჟოლოს, გარგარის, ვაშლისა და მსხლის უახლესი ტექნოლოგიებით გამოყვანილი ჯიშების რამდენიმე სახეობაა წარმოდგენილი, რაც დაკვირვების საშუალებას მოგვცემს, რომელი ჯიში როგორ ადაპტირდება აქაურ მიკროგარემოსა და ნიადაგთან. ნერგები საფრანგეთსა და იტალიიდან  გვაქვს ჩამოტანილი. მთლიანობაში,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში  იჯარით  60 ჰა მიწის ფართობი გვაქვს,  რომელსაც  დავამუშავებთ უახლოეს მომავალში და ვფიქრობთ, ძირითადად ჟოლოთი დავტვირთავთ. თქვენ ხედავთ,  რომ ევროპიდან შემოტანილი უნიკალური ნარგავები არათუ  ყვავილობის ფაზაშია, ბევრგან ნაყოფი უკვე გამოტანილი აქვს. 

ამავდროულად სახელმწიფოს მივმართეთ და უახლოეს მომავალში პასუხს ველოდებით ოზურგეთში, კერძოდ , წვერმაღალაზე 330 ჰექტარი დაუმუშავებელი  ფართობის რაიმე ფორმით გადმოცემის  თაობაზე, სადაც მთლიანად ლურჯი მოცვი,  მსახლი, გარგარი,  ფეიჰოას ბაღები გაშენდება. ეს არის პირველი ეტაპის გეგმა. ამას მეორე ეტაპზე, გადამამუშავებელი წარმოება მიებმება, რაც ითვალისწინებს ხილფაფების , ჯემების, კომპოტების   წარმოებას.

_ რას ფიქრობთ ბაზრის მოძიებაზე ანუ როგორი მდგომარეობაა ამ  კუთხით ქართულ და უცხოურ ბაზრებზე?

- ჩვენ  ვიგეგმებით საქართველოსა და არა მხოლოდ საქართველოს ბაზრებზე . იმპორტირებულ, ძვირადღირებულ  მსხალს, გარგარს , ვაშლს წალეკილი აქვს  ქართული ბაზარი. აქ  ადგილობრივი რეალურად არაფერია , განსაკუთრებით ზამთარში.

მთავარია, პირველ ეტაპზე ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლება , თუმცა, ვმუშაობთ პოსტსაბჭოთა  და ევრუპულ ბაზრებზე შესასვლელადაც და ამ მიმართულებითაც გვაქვს წარმატებები.

_ რატომ ევროპული და არა ქართული ჯიშები?

_ მეხილეობის განვითარებახალი, კონკურენტუნარიანი ჯიშების შემოტანისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე წარმოუდგენელია.  სამწუხაროდ, საქართველოში არაა იმ სტანდატების სანერგე მეურნეობა, რომელიც დღევანდელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. ახალი ტექნოლოგიებით , რამდენიმე საძირეზე  დამყნილი  ნერგები საგრძნობლად ჩამორჩება ქართულ, ენდემურ ჯიშებს. სწორედ ამიტომ , ინტენსიური ბაღებისთვის  რეკომენდებულია ნერგების უცხოეთიდან შემოტანა. ჩვენს შემთხევაში გარგარი, ვაშლი , მსხალი- იტალიურია,  ფეიჰოა მისი სამშობლოდან, ზელანდიიდანაა,  ჟოლო- ინგლისიდან.

_ რა მოცულობის ინვესტიციაა უკვე  განხორციელებული ?

_ დღეის მდგომარეობით, სახეზეა 800 000 ლარის ინვესტიცია. პირველივე ეტაპზე მთლიანობაში დაიხარჯება დააახლოებით მილიონნახევარი ლარი. ასევე მილიონნახევრიანი იქნება  გადამამუშავებელი წარმოება. რაც შეეხება წვერმაღალაზე პლანტაციების გაშენებას, ეს 10 მილიონიანი ინვესტიცია იქნება.

სამუშაო ადგილების მხრივ,  პირველ ეტაპზე მუდმივი პერსონალის სახით  დასაქმებული იქნება  250, ხოლო სეზონურად  700-1000 კაცი.

_ როგორ ფიქრობთ, წარმატებული იქნება  ეს პროექტი?

_ ბიზნესში არც გუშინ და არც დღეს არ მოვსულვარ. შესაბამისად, ბიზნესმოლოდინების მენეჯმენტი, რისკების მართვა  უცხო არაა. რისკი  ყოველთვისაა და ბუნებრივია, აქაც არსებობს, თუმცა არა იმ დოზით, რომ ამ ბევრი ასპექტით მნიშვნელოვან პროექტზე უარი მათქმევინოს.  მე მიყვარს სიახლეების ძიება და მიყვარს  გურია- ეს კი, ის მთავარი მოტივაციებია, რის გამოც ლანჩხუთში  უკვე გვაქვს ის, რაც გვაქვს და  უფრო მეტი გვექნება ოზურგეთში. გარდა ამისა, გურიაში მე მაქვს კიდევ ერთი პლუსი- ეს არის  კომფორტი იმისა, მყავდეს ერთგული და სანდო ადამიანების გუნდი,  რომლებზეც რეალურად დგას ეს ინვესტიცია.  ამ ხალხს რეალურად სურს , უნარიც აქვს და მოტივაციაც ხარისხიანად აკეთოს საქმე  და ფაქტია, გამოსდით კიდეც!

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'