"გურულ გლეხს მჭადიც აღარ ექნება წელს"- გურია კატასროფის მოლოდინში
ავტორი: გურიის მოამბე
"გურულ გლეხს მჭადიც აღარ ექნება წელს"- გურია კატასროფის მოლოდინში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში, ისევე როგორც მთელს გურიაში მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დარჩა.

ადგილობრივების მტკიცებით მოსახლეობას მომავალ ზამთარში  შიმშილობა ემუქრება და ხალხი პანიკაშია.

ადგილობრივები ხელისუფლებისაგან კომპენსაციებს ითხოვენ, რომ ოჯახებმა თავის გატანა შეძლონ. ხელისუფლება კი, კომპენსაციების გაცემაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ თხილის მოსავლის განადგურებაში ფაროსანას წილი "მინიმალურია"- "მოსახლეობამ თხილის პლანტაციების შეწამვლისას აგროტექნიკური ღონისძიებებისათვის აუცილებელი ვადები დაარღვია"-ერთი და იგივე პასუხი აქვთ როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაში.

მამათში არსებულ პრობლემებს უწყლობაც ემატება, ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებენ რომ წყალი მხოლოდ იქ არის, სადაც დეპუტატი ცხოვრობს. სოფელში არსებული ძველი შენობის დემონტაჟის გამო, მწყობრიდან გამოვიდა წყლის მილი. მოუწესრიგებელია  რეზერვუარი, სადაც ღორები და ძროხები ნებივრობენ. იქ სრული ანტისანიტარიაა.

მამათელები მთავრობისაგან ელემენტარულ ყურადღებას ითხოვენ, თუმცა როგორც თვითონ აცხადებენ, უშედეგოდ:

ესმა მაზიაშვილი: მამათის მაცხოვრებელი:"ჩვენი პრობლემაა უწყლობა, ფაროსანამ გაგვანადგურა, თხილი არ გვაქვს და რით უნდა ვიარსებოთ? ყველა წელიწადს წყლის პრობლემა გვაქვს, თვეობით არ გვაქვს წყალი. მივმართეთ, მაგრამ არაკაცმა ყურადღება არ მოგვაქცია. გამგეობაში ვიყავით , მაგრამ... ფაროსანაზე კი წამლავს მთავრობა, მაგრამ არ გვარგია, თქვენი ძალებით უნდა მოწამლოთო და ჩემი ძალებით არ მაქვს საშუალება, პენსია არ მაქვს და დახმარება და რითი მოვწამლო? თურქეთში დავდიოდი სამუშაოდ და მაგიტომ მომიხსნა მთავრობამ დახმარება. მივედი გამგეობაში ლანჩხუთში და მითხრეს შეჩერებულიაო. შვიდი წელი ვღებულობდი და ბოლო სამი წელია მოგვიხსნეს. რატო არის შეჩერებული-მეთქი და პასუხი არ გამცეს. მერე, მომძულდა უაზროდ სიარული და აღარ მივსულვარ. რა ვიცი, შიმშილი და სიკვდილი გვემუქრება ალბათ ამ ზამთარს, მე მეშინია რითი გავიტანო თავი.

იზოლდა გიორგელაშვილი:მამათის მაცხოვრებელი:"როგორც მე მიჭირს, ისე უჭირს ყველას. ამ ფაროსნებმა გაანადგურა ყველაფერი-არც ბახჩაა, არც ხილია....დახმარება არ გვაქვს,საშინელ დღეში ვართ მოსახლეობა. ამას ემატება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმთან ვერ მივდივარ. სისხლძარღვების შევიწროვება მაქვს, პოლიპები მაქვს, ოპერაციას არ მიკეთებენ, იმკურნალეო, რითი ვიმკურნალო, რა მაქვს? რითი წავიდე? ასე ვართ ყველა. ხალხს გვიჭირს ძალიან. არაფერი არაა, თხილი ყრია მიწაზე. ცოტა მოვკრიფე იქნებ ჩაიბარონ-მეთქი და სულ არ მოკიდეს ხელი. მე სამჯერ დავწერე განცხადება ლანჩხუთში სოციალურში ,მაგრამ ქულები მომდის იმხელა..არადა, წამობრძანდით და ნახეთ ჩემი სახლი რა მდგომარეობაშია. წყალი არ გვაქვს და აი ასეა ზაფხულობით, ყოველთვის გამწარებულები ვართ. შარშან საერთოდ არ გვქონდა წყალი. ფაროსანას კი წამლავენ, მაგრამ უშედეგოა, იმ ფაროსანაზე არ მოქმედებს, ჩვენ უფრო ვიწამლებით. ყველაფერი გააფუჭა. რომ ვხედავდი ესხა ნიგოზზს, რაც გააფუტეს, იმის მერე გახმა ყველაფერი. მეორე დღეს ნიგოზი სულ გაყვითლებული იყო. მთავრობას ვთხოვთ დახმარებას და კომპენსაციას, მოგვაქციონ ყურადღება! დახმარება მაინც გვქონდეს ხალხს სოციალური, რომ თვიდან თვემდე თავი გავიტანოთ. მე ბევრი თხილი არ მაქვს, მაგრამ, რაც მაქვს, ისიც არაფრად ვარგა."

ცისანა კიკვაძე: მამათის მაცხოვრებელი:" არჩევნებზე რომ მოდიან, მხოლოდ მაშინ გვპირდებიან ყველაფერს. მერე, გადის თვეები, წლები, მივმართავთ მთავრობას, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. შეგვჭამა ფაროსანამ, სიმინდი აღარ გვაქვს, თხილზე ზედმეტია ლაპარაკი, ერთი მარცვალი არ აგვიღია. დადიან წამლავენ და იმ მოწამვლით განადგურდა ყველაფერი, ბოსტანი, კიტრი, პამიდორი, მწვანილი და ეს ფაროსანა კია ცოცხალი ისევ. არანაირი საშველი არაა, რითი გავიტანოთ თავი გურულებმა? თხილის მეტი შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ღორის ჭირი, ქათმის ჭირი და რა გვინდა ამ მთაში, რისთვის ვიცხოვროთ? მჭადიც აღარ გვექნება გლეხებს წელს. თუ მთავრობა არ მოგვეხმარა, იძულებულები გავხდებით დავტოვოთ აქაურობა. ოღონდ, სად წავიდეთ არ ვიცი. ხალხს ბანკის ვალები აქვს... გასაჭირია ძალიან. დაგვეხმაროს მთავრობა. კახეთში თუ ერთი სეტყვა ჩამოვარდება და ფულს ურიგებენ ხალხს, გურიამ რა დააშავა? იქ თუ ყურძენია, აქ თხილია ძირითადი შემოსავალი. პურის ფულს თუ გვიგზავნიან საზღვარგარეთიდან და ეგაა სულ, არ ვიცით ზამთარს როგორ გავიტანთ.

მიხეილ სამსონია : მამათის მაცხოვრებელი:"- წყალი ამ სოფელს აქვს ბევრი, ოღონდ გამომყვანი არაა არავინ. ეს წყალი გამოიყვანეს საარჩევნოთ 2014 წელს, ემსახურებოდა ორ ბრიგადას, მეორე ბრიგადაში ცხოვრობს "ოცნების" კოორდინატორი, რომელიც ადგა, "გაურჭო პალო" ჩვენს მიმართულებას და დაიტოვა მარტო მისთვის და დავრჩით ამდენი ხალხი უწყლოდ. რომ ვკითხე სოფლის გამგებელს რა ქენით, ასე როგორ შეიძლება თუ დაუძახეთ პოლიციას-მეთქი, ამოვიღე "პალოები" და კაბინეტში მაქვს შენახულიო. რახან "ოცნებაა", ვერავინ პასუხს ვერ სთხოვს. ვიცით, რომ გაშუქებით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, ჩვენ კი არ ვფიქრობთ, რომ ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ესენი დატრიალდებიან და მოაგვარებენ წყლის პრობლემას, მაგენი დატრიალებული არიან არჩევნების გასაყალბებლად. მეტი საქმე არა აქ ივანიშვილს ახლა, ჩვენს წყალზე ფიქრობდეს".

ნინო აბესაძე:მამათის მაცხოვრებელი"ჩამოსვლის დღიდან, წყლის პრობლემა გვაქვს, ჩამოვდივართ თბილისიდან ზაფხულობით, ლამაზი ბუნებაა, არ გვინდა სოფელი დავკარგოთ, გავიგეთ თხილის ამბავი ხო, მაგრამ წყალი რა გახდა,  შეიძლება უწყლოდ ცხოვრება? ჩვენი სურვილია, გაიგონ ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ეხება, რომ ხალხი ცხოვრობს აქ, ხალხს უნდა არსებობა, არა საჭმელი, არა წყალი - სად წავიდეს ეს ხალხი?"

გელა პატეიშვილი; ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში:"სამუშაოების შესრულების დროს მოხდა წყლის მილის დაზიანება, რის გამოც მოსახლეობას ნაწილობრივ შეეზღუდა წყლის მიწოდება. მინდა გითხრათ, რომ ამ უბანს 1992 წლიდან წყალი არ მიეწოდებოდა და 2014 წელს ბევრი სამუშაო გავწიეთ იმისათვის რომ წყლის მიწოდება აღმდგარიყო. საუბარია, ტექნიკური წყალზე. რეზერვუარს რაც შეეხება, ერთდროულად ორი დაზიანება მოხდა, რამაც გამოიწვია წყლის დონის კლება რეზერვუარში. აღმოფხვრილია ამ წუთისათვის პრობლემა. წყალი მოსახლეობას საერთოდ მიეწოდება თვითდინებით, ამიტომ არ არის მრიცხველები და მოხმარება წყლისა თავად უნდა დაარეგულირონ ურთიერთშორის მოლაპარაკებით. რაც შეეხება თხილს და კომპენსაციების მოთხოვნას, გეტყვით რომ ამ ბოლო დროს სამწუხაროდ გამოჩნდა თხილზე ახალი დაავადებები, სოკო, ნაცარა და ასე შემდეგ რამაც მინიმუმამდე დაიყვანა მოსავალი, ფაროსანას წილი ამ პროცესში მინიმალურია. არის ოჯახები, ვინც დაიცვა აგროტექნიკური ვადები შეწამვლისას და შედეგი აქვთ უკეთესი. ფაროსანაზე თერმული დამუშავება სოფელში მოხდა ხუთჯერ, საუბარი კიტრისა და პომიდორის დაზიანებაზე არაა სწორი, ძირითადად კვამლმა დააზიანა ხეხილი. ისიც რაც სოფელთან იყო ახლოს. კომპენსაციებზე საუბარი არ ყოფილა და არანაირი დავალება რომ ავღნუსხოთ ფაროსანასაგან მიყენებული ზარალი, მთავრობიდან არ ყოფილა".

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'