დასახლების საერთო კრება - მოქალაქეთა ჩართულობის ქმედითი მექანიზმი
ავტორი: ამირან გიგინეიშვილი; პროექტის მენეჯერი;
დასახლების საერთო კრება - მოქალაქეთა ჩართულობის ქმედითი მექანიზმი

საქართველოს ორგანული კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ადგილობრივი თვითთმართველობა განმარტებულია როგორც „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.“გამომდინარე ამ განმარტებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, როგორც ადგილობრივი დემოკრატიის განხორციელების უმთავრესი მექანიზმისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის სრულფასოვანი უზრუნველყოფა. ამასვე ამბობს „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, სადაც აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ლეგიტიმურია მხოლოდ არჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი სტრუქტურის შემთხვევაში, „ეს დებულება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს მოქალაქეთა მონაწილეობაზე ანსემბლეებში, რეფერენდუმებში და ნებისმიერი სახის პირდაპირ მონაწილეობაზე იქ,სადაც ეს კანონით ნებადართულია“ (მუხლი 3.2). სწორედ ამსაფუძველზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით, 2015 წლის 22 ივლისს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, განხორციელდა ცვლილება და მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ უმთავრეს ფორმად განისაზღვრა დასახლების (სოფლის) საერთო კრება. 

2006 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა დასცილდა სოფელს და იგი მუნიციპალურ დონეზე ავიდა. მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 55 სოფელს ერთი თვითმმართველობა ყავს. არადა სოფელი თავისი არსით ცალკე თემს, საერთო ოჯახს წარმოადგენს თავისი პრობლემებით, რომლებიც ხშირად სხვა თემებისგან განსხვავებულ ხასიათს ატარებს. სოფელმა უკეთ იცის საკუთარი საჭიროებები, ვიდრე თუნდაც მუნიციპალიტეტის კვალიფიციურმა სამსახურებმა. თუმცა, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულ სოფელში, სოფლის გარეთ, მუნიციპალურ დონეზე წყდება. ასევე, არა სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლები, არამედ მუნიციპალური გამგეობის სამსახურები ამოწმებენ კონკრეტულ სოფელში შესრულებული სამუშაოებისა და განხორციელებული სერვისების ხარისხს. როგორც წესი, გამგეობების შიდა მონიტორინგის შედეგები სოფლის მოსახლეობისთვის ცნობილი არ არის. გამომდინარე აქედან, სოფლის მოსახლეობის დაგაწყვეტილების პროცესში ჩართულობის, მისი ინტერესების მეტად გათალისწინების თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანიპროგრესია კანონში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ისეთი მექანიზმის არსებობა, როგორიცაა დასახლების საერთო კრება. იგი წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 85.3) და უზრუნველყოფს დასახლებაში (სოფელში) რეგისტრირებული ამომრჩევლების ქმედით ჩართულობას ამ დასახლების (სოფლის) მნიშვნელოვანი თემების განხილვის, გადაწყვეტის, მუნიციპალიტეტის წინაშე ინიცირების პროცესში. კრება უფლებამოსილია იმსჯელოს სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე მათ ბიუჯეტში ასახვამდე, განიხილოს შესრულებული ან მიმდინარე პროექტები და წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები, წარადგინოს პეტიცია. თავის მხრივ მუნიციპალიტეტი ვალდებული გახდა განიხილოს საერთო კრების გადაწყვეტილება და დასაბუთებული პასუხი აცნობოს კრების წევრებს ან კრების რჩეულს. მუნიციპალიტეტი ასევე ვალდებული გახდა ამ დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები განსახილველად წარუდგინოს კრებას, შეათანხმოს დასახლების საზღვრების შეცვლის საკითხი.

დასახლების საერთო კრების მოწვევის, ჩატარებისა და და რეგისტრაციის წესი რეგლამენტირდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით.  მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც სოფელში არ არის 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, შესაძლებელია კრება მოწვეული იქნას, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამტკიცებული აქვს დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულება. საინიციატივო ჯგუფის მიერ კრების ინიცირებისას ჯგუფის 3 წევრს კოდექსში და საკრებულოს მიერ მიღებული დებულებაში აღნიშნული სტანდარტით განცხადება შეაქვს მერის სახელზე, რომელიც ვალდებული ხდება დაარეგისტრიროს ინიციატივა და 3 დღის ვადაში გასცეს რეგისტრაციის ცნობა. კოდექსში გაწერილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაც, რომელიც აუცილებლად უნდა დასაბუთდეს და წერილობითი სახით მიეწოდოს საინიციატივო ჯგუფს. საინიციატივო ჯგუფის მიერ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 5% ხელმოწერის შეგროვებისა და ასეთი განაცხადის მერთან  წარდგენის შემდეგ, კრება ინიშენება წარდგენიდან სულ მცირე მე-15 დღეს. კრებას უნდა ესწრებოდეს ამომრჩეველთა 20%, რომ იგი ლეგიტიმურად ჩაითვალოს,

დასკვნები:

·საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ იძლევა შესაძლებლობას კარდინალურად ამაღლდეს სოფლის მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალური გადაწყვეტილების მიღების, სერვისების მონიტორინგისა და შეფასების, ანგარიშგების პროცესში;

·დასახლების საერთო კრების მოწვევა დაშვებულია ადგილობრივი საინიციატოვო ჯგუფის მიერ;

·ვალდებულება კრებას დაესწროს დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20% მაინც, ძალზედ ართულებს კრების ლეგიტიმაციას;

·სოფელში კრების არსებობის შემთხვევაშიმნიშვნელოვნად იზრდება ადგილობრივი ხელისუფლების პასუხილსმგებლობისა და ანგარიშგებისხარისხი;

·მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცის თუ რა სიკეთეებს შეიცავს მათი სოფლისთვის ლეგიტიმური საერთო კრების არსებობა, მეტიც, საერთოდ არ არის საქმის კურსში ჩართულობის ასეთი საკანონმდებლო მექანიზმის შესახებ.

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით და შვედეთის საერთა­შორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ პროექტის “სასოფლო დასახლებების თვითორგანიზება ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში. შინაარსზე პასუხის­მგებელია „საქართველოს სასოფლო დარბაზი“.  მასში გადმოცემული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვე­ოდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და/ან ევროპის ფონდის  შეხედულებებს.

ამირან გიგინეიშვილი; პროექტის მენეჯერი;საქართველოს სასოფლო დარბაზის აღმასრულებელი დირექტორი;

 

'.$TEXT['print'].'