რატომ არის გურიის პოლიციაში აბსოლიტური უმრავლესობა "ჩამოყვანილები" და რა პრობლემებს ქმნიან ისინი ადგილზე
რატომ არის გურიის პოლიციაში აბსოლიტური უმრავლესობა "ჩამოყვანილები" და რა პრობლემებს ქმნიან ისინი ადგილზე

შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტი თუ "ერთი პირის საწარმო"?

როგორც "გურიის მოამბეს" წყარო ატყობინებს, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში და მასში შემავალ დანაყოფებში კადრების აბსოლუტური უმრავლესობა - როგორც ხელმძღვანელობაში, ასევე პირად შემადგენლობაში "ჩამოყვანილია".

ჩვენი წყაროს მტკიცებით, ეს მნიშვნელოვნად აისახება გურიაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე.

წყაროს თქმით, თავად ე.წ. "ჩამოყვანილები" ყოველთვის და ყველა დროს იყო და ის არასდროს პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ყველა დაუწერელ კანონს გადააბიჯა.

წყაროს ინფორმაციით, გურიაში ადგილობრივები პოლიციელები ხელმძღვანელობაში თითზე ჩამოსათვლელნი არიან:

წყარო ჩვენთან საუბარში ასეთებს ასახელებს: გიორგი შარაშენიძე, დავით წულაძე, დათო იმნაძე და ბესიკ ბოლქვაძე.

აქედან, მისივე მტკიცებით რამდენიმე იმიტომ დარჩა, რომ სპეცსამსახურების ამჟამად უკვე არაოფიციალური ხელმძღვანელის-სოსო გოგაშვილის კადრია.

მაგალითისთვის დათო წულაძე სახელდება, ხოლო დანარჩენები, ფიქტიურად ასრულებენ მოვალეობას, მაგალითისთვის ბესიკ ბოლქვაძე და მათ, ზოგადად არავინ არაფერს ეკითხება.

როგორც სანდო წყარო "გურიის მოამბეს" ატყობინებს, დღეს გურიას შსს -ს მხრიდან ე.წ. "დმანისური დაჯგუფება" მართავს.

მათ შორის: გურიის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კახა მურადაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი გომარეთი; შსს ჩოხატაურის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი-ზურაბ მუჯირიშვილი-დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი გომარეთი-მურადაშვილის მეზობელი; შსს ლანჩხუთის მთავარი სამმართველოს უფროსი ცარციძეა, თუმცა, ჩვენი წყაროს მტკიცებით, ის ლანჩხუთში ფიქციაა და ფაქტიურად უფროსის მოვალეობას მურადაშვილის მეგობარი აფაქიძე ასრულებს, რომელიც ოფიციალურად ცარციძის მოადგილეა.

ოზურგეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, სხირტლაძე, ყოფილი გვარდიელი, კრემლის სპეცსამსახურებთან დაახლოებული თენგიზ კიტოვანის გარემოცვა, საქმიანობდა ცხინვალის რეგიონში, კერძოდ ერედვის პოლიციაში, არის მურადაშვილის ოჯახის მეგობარი და თანამესუფრე.

სუფსის განყოფილების უფროსი, საბა ქრისტესიაშვილი-დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი გომარეთი, მურადაშვილის ბიძაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან ყველაზე მეტი კითხვები სუფსის პოლიციის ყოფილ უფროსის, საბა ქრისტესიაშვილის ირგვლივ გაუჩნდა.

კახა მურადაშვილის დედა ქრისტესიაშვილია და სუფსის ყოფილი პოლიციის უფროსიც მისი ბიძაშვილი იყო, ის გასულ წელს გენერალურმა ინსპექციამ დააკავა და ამჟამად პატიმრობაშია.

მას ბრალად სუფსაში ბაზირებული, თბილისი-ბათუმის საავტომობილო ავტობანის მშენებარე  ჩინური კომპანიისათვის დიდი ოდენობით დიზელის საწვავის მოპარვა, მითვისება და რეალიზაციაში ედება.

წყაროს მტკიცებით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ანუ გურიის პოლიციის უფროსის ბიძაშვილი, სუფსის პოლიციის უფროსობის დროს, გასულ წელს, მოელაპარაკა ჩინურ კომპანიას და მისი ბაზის ტერიტორიის დასაცავად თავისი ხალხი დააქირავებინა, შემდეგ ამ ადამიანებს ელექტროსაქაჩებით, ყოველ ღამე 500 ლიტრიდან, 1 ტონამდე დიზელის საწვავს აპარინებდა, მოპარულს კი ქალაქ ფოთის ბენზინგასამართ სადგურებში, ლიტრს ლარნახევრად აბარებდა. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ერთი წელი. მანამ, სანამ ჩინური კომპანია დიდი ოდენობით ზარალის შესახებ ინფორმაციას გენინსპექციას არ მიაწვდიდა.

წყაროს მტკიცებით, საბა ქრისტესიაშვილი დაპატიმრებისას ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა და ჩხრეკისას მისი კაბინეტიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკიც ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი უდიდესი სკანდალის შემდეგ, იმ დეპარტამენტის უფროსს, რომლის დაქვემდებარებაში ასეთი რამ ხდება, მაქსიმუმ თანამდებობიდან ხსნიან და მინიმუმ სასტიკ საყვედურს უცხადებენ. მურადაშვილს არც ერთი მოუწია და არც მეორე - აქ ჩვენი წყარო გვიმტკიცებს, რომ მურადაშვილი ამ სიტუაციიდან ილა კეჭაყმაძემ გამოიყვანა, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსი უჩა მამაცაშვილთან დააკავშირა, დაკავშირების შემდეგ კი - პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ იმავე ილა კეჭაყმაძემ თბილისში ნახევარი მილიონი ჩაიტანა.

წყარო გვეუბნება, რომ პოლიციის მხრიდან ბიზნესზე რეკეტის და თავდასხმის არა ერთი ფაქტი არსებობს და მას გურიაში სისტემატიური ხასიათი აქვს, ყოველივე ამის უკან კი ე.წ. "ჩამოყვანილი" პოლიციელები დგანან.

მაგალითისათვის წყარო ინერტული მასალის, ქვიშა-ღორღის მომპოვებელ კარიერებს ასახელებს, რომელთა მფლობელები ძირითადად პოლიციასთან დაახლოებული და პოლიციაზე მომუშავე ხალხია:

"არა აქვს მნიშვნელობა კარიერებზე ე.წ. "ძველი ბიჭები", "ქურდები" და ასე შემდეგ არიან თუ ყოფილი პოლიციელები, ყველა პოლიციასთან თანამშრომლობს და ნაშოვი ფულის ყველაზე დიდი წილი პოლიციაში მიდის.

არის შემთხვევები, როცა აქა-იქ კარიერებზე და სხვაგან მომუშავე ბიზნესი უარს ამბობს პოლიციაში ფულის გაგზავნაზე, ასეთი ბიზნესმენებისათვის პოლიციის უფროსს ე.წ სადამსჯელო რაზმები ყავს. სხვათა შორის ამ დამსჯელ რაზმებს კარგად იყენებენ არჩევნებისთვისაც. ოზურგეთში მაგალითად ყველამ იცის, რომ არსებობს "სოფელ ოზურგეთის დაჯგუფება", ასევე არსებობს დაჯგუფებები ლანჩხუთშიც" - გვიყვება წყარო.

დაინტერესდით რატომ პოლიციელები, რატომ აღარ ჭირდებიან ისინი? - გვირჩევს წყარო.

"გურიის მოამბე" ცდილობს ამ ინფორმაციების მხარეებთან გადამოწმებას, თუმცა როგორც ილა კეჭაყმაძე, ასევე მურადაშვილი, ჩვენთან საუბარში კომენტარს არ აკეთებენ.

 

'.$TEXT['print'].'