"ძალადობა - მოსყიდული გარემო" "ნაციონალურმა მოძრაობამ" საბოლოო ოქმს განსხვავებული აზრი ლანჩხუთშიც დაურთო
ავტორი: გურიის მოამბე
"ძალადობა - მოსყიდული გარემო" "ნაციონალურმა მოძრაობამ" საბოლოო ოქმს განსხვავებული აზრი ლანჩხუთშიც დაურთო

 

ლანჩხუთი #61 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, "ნაციონალური მოძრაობიდან" ირმა მგელაძე "გურიის მოამბესთან" საუბარში აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ლანჩხუთში ჩატარდა სრულიად არასამართლიან, ძალადობრივ, მოსყიდულ გარემოში და მისი შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმური:

"წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა ამომრჩეველთა ტოტალური მოსყიდვის ფონზე, რაც გამოიხატა ხელისუფლების მხრიდან ბანკის ვალების ჩამოწერის დაპირებით. „ოცნების“ კოორდინატორები დადიოდნენ მოსახლეობაში და აწვდიდნენ ინფორმაციას მათი ვალების განულებისა და მოვალეთა რეესტრიდან ამოღების შესახებ" - გვითხრა მგელაძემ.

გთავაზობთ განსხვავებულ აზრს, რომელიც, ოპოზიციის წარმომადგენელმა  ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის საბოლოო ოქმს თან დაურთო.

N61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის

ირმა მგელაძის განსხვავებული   აზრი

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა ამომრჩეველთა ტოტალური მოსყიდვის ფონზე, რაც გამოიხატა ხელისუფლების მხრიდან ბანკის ვალების ჩამოწერის დაპირებით. „ოცნების“ კოორდინატორები დადიოდნენ მოსახლეობაში და აწვდიდნენ ინფორმაციას მათი ვალების განულებისა და მოვალეთა რეესტრიდან ამოღების შესახებ. ამით ხდებოდა აგრეთვე ბანკების მოვალეთა საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება, რომელზედაც მათ ქონდათ წვდომა, რაც აგრეთვე კანონის უხეში დარღვევაა. ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, რომლითაც იგი თითოეულ ამომრჩეველს მოუწოდებდა „სწორი“ არჩევნის გაკეთებას, შეაშფოთა არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი დამკვირვებლებიც. ოლქში (N61) არ ხდებოდა საჩივრებზე ობიექტური რეაგირება. ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიერ აღმოჩენილ იქნა მიცვალებულთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რომელთა შესაძლო კავშირს არჩევნებთან იკვლევს შესაბამისი ორგანო. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილთა გათვალისწინებით ვთვლი, რომ არჩევნები ჩატარდა სრულიად არასამართლიან, ძალადობრივ, მოსყიდულ გარემოში და მისი შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმური.

ირმა მგელაძე; 2018 წლის 7 დეკემბერი

 

 

 

'.$TEXT['print'].'