რის სანაცვლოდ აჩუქეს ბათუმში ბინები გურიის პოლიციის მაღალჩინოსნებს
ავტორი: გურიის მოამბე
რის სანაცვლოდ აჩუქეს ბათუმში ბინები გურიის პოლიციის მაღალჩინოსნებს

 

"ორბი"  რომელიც გურიას ბოლო სამი წელია თავს "ყორანივით" დასტრიალებს

რა კავშირშია ერთმანეთთან სამშენებლო კომპანია "ორბი", შსს გურიის დეპარტამენტი, კახი კალაძე და ყველა ესენი ერთად აღებული გურიაში ჩატარებულ ბოლო რამდენიმე არჩევნებთან?

გურიაში ბოლო სხვადასხვა დონეზე ჩატარებულმა სამმა არჩევნებმა, მთავარი ოპოზიციური ძალების მხრიდან კრიტიკისა და შედეგების არ ცნობის ფონზე ჩაიარა.

ოპოზიცია მასიურ გაყალბებებზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ამ არჩევნებში მასიური გაყალბებები, ხელისუფლების მხრიდან იმ დონეზე იყო, რომ საბოლოო შედეგებზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

რაც შეეხება გურიის მდინარეებიდან ქვიშა-ხრეშის გატანის პროცესს, როგორც ოპოზიციაში საუბრობენ, ეს კანონის ისეთი უხეში დარღვევებით მიმდინარეობს, რომ ამ ყოველივემ გურიის სოფლებში ფართო საპროტესტო მსვლელობები გამოიწვია და მოსახლეობა ისეა აღშფოთებული ბუნების, კერძოდ მდინარეების აჭის, ნატანების, ბჟუჟის და სუფსის ხეობების, მოსახლეობის ენითვე რომ ვთქვათ "აოხრების" გამო, რომ ამ დღეებში გურიაში მოძრაობა "მდინარეების დასაცავად"-აც კი დაფუძნდა. როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლიხაურელი პედაგოგი ირმა გორდელაძე, "გურიის მოამბესთან" საუბრობს, ამ მოძრაობის მთავარი მიზანი ხალხის ინფორმირება, ორგანიზება და საპროტესტო აქციებისათვის მზადებაა, საბოლოო მიზანი კი მდინარეებზე ინერტული მასალების მოპოვებაზე ლიცენზიების გაცემის შეჩერებაა.

კონკრეტულად, კომპანია "ორბს" რაც შეეხება, საერთაშორისო დეველოპერული კომპანია რომელიც, ძირითადად საქართველოში პოზიციონირებს, ყავს დაახლოებით იგივე დასახელების 20-მდე შვილობილი კომპანია, გურიაში როგორც ადგილობრივი მეწარმეების ნაწილი აცხადებს ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებასთან, ხოლო ოპოზიციის მტკიცებით კი არჩევნების გაყალბებასთან ასოცირდება.

კომპანიისათვის იმდენად მნიშვნელოვანი გახდა "ოზურგეთის მიმართულება", რომ რამდენიმე წლის წინ, თავისი ერთ ერთი მეწილე, გვარად ჩიხლაძე, რომელიც გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში საშაურმესა და ავტონაწილების მარაზიას ფლობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობაზე კენჭისყრასაც კი ცდილობდა.

როგორც ჩვენი კონფიდენციალური წყარო, შსს-ს მომქმედი მაღალჩინოსანი გვიხსნის, ამ სამშენებლო კომპანიამ გასული წლის მიწურულს შსს გურიის მაღალჩინოსნებს საჩუქრად ათამდე საცხოვრებელი ბინა გადასცა, მათი უმრავლესობა ქალაქ ბათუმში მდებარეობს.

იგივე წყარო პოლიციის გურიის დეპარტამენტისა და "ორბის" საეჭვო ურთიერთობებზე გვესაუბრება და ამ ურთიერთობების უტყუარობის ნიშნად ერთი კვირის წინ კომპანია "ორბში" წამყვან პოზიციაზე  თარიმან მურადაშვილის დანიშვნას ასახელებს.  წყაროს მტკიცებით, ბატონი თარიმანი შსს გურიის დეპარტამენტის დირექტორის, კახა მურადაშვილის მამაა.

როგორც ჩვენი წყარო იტყობინება "ორბისა" და გურიის პოლიციის ურთიერთობა გარდა არჩევნებისა, რომელზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ, გურიაში ინერტული მასალის მოპოვებასა და  გურიიდან ბათუმში  ტრანსპორტირებას უკავშირდება.

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერის, დავით მჟავანაძის ინფორმაციით, "ორბი" გურიის მდინარეებიდან ინერტული მასალის მოპოვებისა და გატანის ყველაზე მსხვილი კომპანიაა. ის აკონტროლებს რამდენიმე კარიერს მდინარე სუფსაზე: "ეს კომპანია ყველა ინერტული მასალის მოპოვებით სამუშაოებს მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევებით აწარმოებს"-ირწმუნებიან ოპოზიციაში.

"მარტო ის რომ აიღოთ, რომ ყოველდღიურად "ორბს" ათეულობით მანქანა ინერტული მასალა გააქვს გურიიდან და აქედან ყველა მათგანი გადატვირთულია, მარტო ჯარიმებითაც კი კომპანია მილიონ ლარზე ავა წელიწადში. აქ საუბარია ფაქტიურად ქრთამზე, ბინები გაჩუმების სანაცვლოდ, თქვენ ვერ ნახავთ ამ კომპანიის ვერცერთ მანქანას თუნდაც ერთხელ დაჯარიმებულს გადატვირთული მგზავრობის გამო"-ყვება წყარო შსს-დან.

იმავე წყაროს მტკიცებით. ამის თვალნათელი მაგალითია მდინარე ბჟუჟის ხეობის მაკვანეთის მონაკვეთი - სადაც, მისივე თქმით, "ორბი" წლების განმავლობაში "მოღვაწეობდა".

თავის მხრივ პოლიტიკური ოპოზიცია კომპანიის ხელმძღვანელობას ბრალდებებს არჩევნებთან დაკავშირებითაც უყენებს.

ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების მტკიცებით, ამ კომპანიის ხელმძღვანელები სხვადასხვა დონის ყველა არჩევნების პერიოდში ჩამოდიან გურიაში და მათ მმართველი პარტიიდან შემდეგი აქტივობები ევალებათ - ბოლო ერთი კვირის განმავლობაში . ე.წ. "ქურდული აზროვნების" ადამიანების ორგანიზება, მათი საწვავითა და საკვებით მომარაგება, არჩევნების დღეს კი მათი საარჩევნო უბნებთან კონცენტრაცია და დომინირება.

ოპოზიცია უფრო შორს მიდის და "ორბის" ხელმძღვანელობას სახელისუფლებო პარტიისა და მათი სასურველი კანდიდატების სასარგებლოდ ამომრჩევლების მოსყიდვასა და მათ გარკვეულ, ე.წ. "მოძველბიჭო" ნაწილის ნარკოტიკებით მომარაგებაში ადანაშაულებს.

მაგალითისათვის შესაძლოა ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის ლიხაურის საარჩევნო უბანში მომხდარი შემთხვევა დავასახელოთ, როცა ამავე უბნის კომისიის წევრი, რომელიც იმავდროულად პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მძღოლის მამა იყო, საარჩევნო უბნის  წინ, დღისით, საჯაროდ სცემეს.

ასევე ინცინდენტი ამავე ოლქის ბახვის საარჩევნო უბანში, აქ ადამიანებზე, სახელისუფლებო პარტიის მხარდასაჭერად შანტაჟს, ნარკოტიკული ნივთიერებების თრობის ქვეშ მყოფი ჯგუფები მასიურად ახორციელებდნენ.

ასეთი ფაქტები ოპოზიციამ თითქმის ყველა საარჩევნო უბანში დააფიქსირა, მაგრამ მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა, პოლიცია დუმს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პოლიციისა და "ორბის" კავშირებს, გურიაში, თბილისის მერის, კახი კალაძის "ოჯახის" წევრი, ილა კეჭაყმაძე უზრუნველყოფს, სწორედ მას უკავშირებს წყარო "ბარტერს" "ბინები ქვიშა- ხრეშის სანაცვლოდ".

ჩვენი მეორე წყარო, რომელიც შსს გადამდგარი მაღალჩინოსანია ამ კავშირებს ასევე ე.წ. "ფოცხიშვილების" საქმესაც უკავშირებს.

ბოლო წლებში გურიაში ყველაზე გახმაურებული მკვლელობის (როცა ქალაქ ოზურგეთში, დღისით, საკუთარ მანქანაში გურამ ფოცხიშვილი მის სიძესთან ერთად ჩაცხრილეს), სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მოსამართლე ბიძინა სტურუა) ამ დღეებში მიმდინარეობს. სასამართლოს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 15 მაისს გაიმართება, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მალხაზ სირაძე, მკვლელობაში ბრალდებულის,   კახა მეგრელიშვილის დამნაშავედ ცნობას ითხოვს, ასეთ შემთხვევაში მეგრელიშვილს 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, თავის მხრივ გურიაში სულ უფრო ძლიერდება ხმები, რომ შესაძლოა მეგრელიშვილმა სასჯელს თავი დააღწიოს და თავისუფლებაზე აღმოჩნდეს, რადგან მისი მხარე გამოძიებაში მტკიცებულებების არ არსებობაზე აპელირებს.

თავის მხრივ ამ პოლიტიკური და ბიზნეს თუ პირადი ინტერესებით ჩამოყალიბებულ კავშირებს "ორბსა" და გურიის პოლიციას შორის, კიდევ უფრო სერიოზულს ხდის ზემონახსენები ილა კეჭაყმაძის ნათესაური კავშირი "ორბის" ერთ ერთ მეწილესთან ვინმე ზოიძესთან, კეჭაყმაძეს და ზოიძეს ერთმანეთთან ახლო ნათესაობა აკავშირებთ.

წყარო გვიმტკიცებს, რომ ზოიძე კომპანია "ორბში" 2012 წლის შემდეგ ჩნდება და ის ფაქტიურად ამ კომპანიაში თბილისის მერს, კახა კალაძეს წარმოადგენს, რომელმაც ამ "ორბში" წილი 2012 წლის შემდეგ მომხადრი სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ მიიღო.

 

 

 

'.$TEXT['print'].'