ლანჩხუთში მშენებარე ავტობანზე დაცვის სამსახური გაიფიცა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში მშენებარე ავტობანზე დაცვის სამსახური გაიფიცა

წითელი ხიდი სარფის მშენებარე ცენტრალური ავტობანის გრიგოლეთი ჯაპანის მონაკვეთზე (ჯურუყვეთი-გვიმბალაური) დაცვის სამსახური გაიფიცა.

30-მდე თანამშრომელი დღეს კომპანია "ტოდინის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა და თანამშრომლებზე ხელფასების დაუყოვნებლივი გაცემა მოითხოვა.

"ინტერ სეკურიტის" თანამშრომლები აცხადებენ, რომ მეხუთე თვეა ხელფასები არ აუღიათ და დავალიანების სასწრაფოდ დაფარვას ითხოვენ.

"აქ მუშაობას აზრი არ აქვს. ხელფასებს არ არიგებენ. ვიმუშავეთ და ნაწილი მოგვცენ სულ. ჩამოვიდოდნენ და სადღაც სოროში მიგვიწვედნენ და იქ არიგებდნენ ფულს. არც ხელშეკრულება გაუფორმებიათ და არც არაფერი“.

მათი განცხადებით, იტალიურმა კომპანია "ტოდინმა" რომელიც ავტობანის ამ მონაკვეთს აშენებდა, საქართველო, მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო დატოვა და მას მარნეულის ჯგუფი ჩაენაცვლა რომელიც დავალიანების დაფარვას ხელოვნურად აჭიანურებს.

„აქ აქვთ ბაზა, როგორც გავიგეთ ეს ბაზა რამდენიმე დღეში გადააქვთ და შემდეგ მაგ ხალხს ვინ ნახავს?! ამიტომ გადავწყვიტეთ აქციის გამართვა. დღეს ავტობანზე ტექნიკის გასვლის საშუალება არ მივეცით. ეს არის მშვიდობიანი აქცია და ისე ნუ იზამენ, რომ სხვა რამეში გადაიზარდოს. ახლა ვიღაც გიორგიმ დარეკა და გვითხრა, რომ ხელფასებს დაარიგებს, ორ დღეში გაასწორებს ანგარიშს. ასე ტელეფონით, ვირტუალურად გვესაუბრებიან, მაგრამ რეალობაა სხვა რამ არის. ჩვენთან შეხვედრასაც არ კადრულობენ. ეს ფირმა, „ინტერ სეკურიტი“ არის სოსო ალავიძის და ვიღაც გიორგი კი არ უნდა გვირეკავდეს, არამედ მეპატრონე ჩამოვიდეს და გვითხრას რა ხდება. რატომ არ გვაძლევენ კუთვნილ ხელფასებს“, - აცხადებენე აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს ლანჩხუთის პოლიციის უფროსი ბესიკ აფაქიძე შეხვდა. 
"თუ კანონდარღვევას აქვს ადგილი, მაშინ განცხადებები დაწერეთ და შესაბამისი სამსახურები მოიკვლევენ"-განუცხადა გაფიცულებს აფაქიძემ.

'.$TEXT['print'].'