ჭანუყვაძის "ნაჭამმა ტყემალმა" კბილი ნასარაიას "მოკვეთა"
ავტორი: თემურ კილაძე
ჭანუყვაძის "ნაჭამმა ტყემალმა" კბილი ნასარაიას "მოკვეთა"

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი, რომელშიც მოცემულია 2017-18 წლების გუბერნატორებზე  საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური საჯარო ინფორმაცია.

გთავაზსობთ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ მომზადებულ კვლევას სრულად:

IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევაში მოცემულია გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი. ამ მიზნით, IDFI-მ 2018 წლის მიწურულს და 2019 წლის აპრილში ყველა (9) გუბერნატორის ადმინისტრაციას მიმართა მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების და 2017-2018 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. IDFI-მ გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილების განკარგვასთან (უსასყიდლოდ გადაცემა, თხოვება და ა.შ.) დაკავშირებით ასევე ინფორმაცია მოითხოვა ცალკეული მუნიციპალიტეტებიდან. 

ძირითადი მიგნებები:  

- 9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე; 

- ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული; 

- გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოდ გადმოცემული იქნა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ; 

- 2015 წლის 21 აგვისტოს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რუსთავის მერს მიმართა თხოვნით, გადაეცათ ის ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს 71,373 ლარად იყო შესყიდული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან; 

- 2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა; 

- 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრის საწვავი; 

- 2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან; 

- 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს – 54.7 ათას კილომეტრს; 

- თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას; 

- 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს;

 - 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა.

 საქართველოს სახელმწიფო გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის ანალიზმა ნათლად აჩვენა მის რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. კერძოდ, გუბერნატორების ადმინისტრაციების ბიუროკრატიული აპარატის ავტოპარკის მასშტაბი, არაეკონომიური მაღალი გამავლობის და ძვირადღირებული მოდელების მაჩვენებლები, და საწვავის მოხმარების არსებული მაჩვენებლები ცალსახად ოპტიმიზაციის და კონტროლის მექანიზმების გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითებს.

გუბერნატორების ადმინისტრაციის ავტოპარკის განკარგვის გამჭვირვალობისათვის მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება შეფასდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ და თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემის არსებული პრაქტიკა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე შემავალი მუნიციპალიტეტების მიერ ძვირადღირებული ავტომობილების უსასყიდლოდ გადმოცემა აჩენს კითხვებს მუნიციპალური ქონების მიზნობრივად განკარგვასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება მმართველობის დეცენტრალიზაციის მიზნებს და ეჭვ ქვეშ აყენებს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხს.

გუბერნატორების მიერ ავტოპარკის განკარგვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფო ავტოპარკის ცენტრალიზებული სერვისის ჩამოყალიბების საკითხის განხილვის აუცილებლობაზე, რომლის მართვაში მოექცევა ყველა, მათ შორის გუბერნატორის ადმინისტრაციების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ავტომანქანა.

2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურეობრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა - ე.წ. ჩიპი. 

"გურიის გუბერნატორის შემთხვევაში, მოწოდებულია არა ათვისებული საწვავის მოცულობის, არამედ მათ შეძენაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, როგორც ირკვევა, 2017 წელს გურიის გუბერნატორებმა დახარჯეს 21,175 ლარის ღირებულების, ხოლო 2018 წელს – 25,671 ლარის ღირებულების საწვავი. გურიის გუბერნატორის 2018 წლის 23 იანვრის განკარგულების მიხედვით, მისი ყოველთვიური საწვავის მოხმარების ლიმიტი 2018 წელს განსაზღვრული იყო 800 ლიტრის ოდენობით, (წლიური 9,600 ლიტრი). იმ შემთხვევაში, თუ გუბერნატორის საწვავის ხარჯი შეესაბამებოდა დაწესებულ ლიმიტებს, 1 ლიტრ ბენზინში საშუალოდ გადახდილი უნდა იყოს 2.65 ლარი. აღნიშნული ფასი მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წელს შესყიდული საწვავის საბაზრო ფასს. მაგალითად, სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ 2018 წელს შესყიდულ მსგავსი ტიპის საწვავში საშუალოდ გადახდილია 1 ლიტრი – 2.16 ლარი. ფასის ამ განაკვეთის პირობებში გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია 2018 წელს 25,671 ლარად შეისყიდიდა 11,884 ლიტრ ბენზინს, რაც დაახლოებით 2,300 ლიტრით აღემატება დადგენილ ლიმიტს. ამ მოცემულობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2018 წელს გურიის გუბერნატორებზე გაცემული საწვავის ოდენობა არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან."


'.$TEXT['print'].'