შალვა შავგულიძე - 38,17% (6 630 ხმა) ვლადიმერ კახაძე - 61,83% (10 738 ხმა)
ავტორი: გურიის მოამბე
შალვა შავგულიძე - 38,17% (6 630 ხმა) ვლადიმერ კახაძე - 61,83% (10 738 ხმა)

თამარ ჟვანიამ 9 ივნისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის პროცედურებმა კანონმდებლობის შესაბამისად, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩაიარა. დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმის დათვლის პროცედურებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ დასკვნით საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, რომლებმაც გამოიჩინეს სამოქალაქო აქტიურობა, მივიდნენ არჩევნებზე და მოიხადეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. „მადლობა მინდა ასევე გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან მათ შექმნეს ყველა პირობა იმისათვის, რომ ამომრჩევლებს საკუთარი უფლების რეალიზება მოეხდინათ. მადლობას ვუხდი იმ ჩართულ მხარეებსაც, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და შეუფერხებლად წარმართვას შეუწყვეს ხელი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, იქიდან გამომდინარე, რომ იყო ერთი ბიულეტენი და მასში მხოლოდ ორი კანდიდატი, ხმის დათვლის პროცესი სწრაფად წარიმართა. ამ დროისათვის ყველა შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - results.cec.gov.ge. ოქმები დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს ვებ-გვერდზე, ამავდროულად უკვე 22:30 სთ-იდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ლაივ“ რეჟიმში დაიწყო წინასწარი შედეგების გაშვება.

პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები 31-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით შემდეგია:

№13 შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“) - 38,17% (6 630 ხმა)

№41 ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 61,83% (10 738 ხმა).

საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს ცესკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მედიას როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ისე ხმის დათვლის პროცედურების გაშუქებისთვის.

ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

'.$TEXT['print'].'