"ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადაედგა" - გამოკითხვა ლანჩხუთში
ავტორი: გურიის მოამბე
"ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადაედგა" - გამოკითხვა ლანჩხუთში

რა აზრის ხართ თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით? "ჰო და არამ" ლანჩხუთელები გამოკითხა

თიკო გვარჯალაძე, ლანჩხუთი:
რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ მშვიდობიან აქციას და მეც მთელი ჩემი არსებით მათ გვერდით ვდგავარ. მე ვფიქრობ სიმართლე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. ახალგაზრდების სისხლი არ უნდა შერჩეთ საქართველოს მტრებს.
გულთამზე შკუბულიანი, ლანჩხუთი:
ჩემი აზრით, მართლები არიან და აუცილებლად სიმართლე გაიმარჯვებს. მე მხარს ვუჭერ ამ აქციას და მინდა ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს. ვინ იცის, რამდენჯერ გვატკინა გული ერთმოწმუნე რუს-ეთმა და კიდევ როდემდის გასტანს მათი თავხედობა. ისედაც ბევრი ტერიტორია აქვთ ოკუპირებული, არ უნდა შერჩეთ საქართველოს აბუჩად აგდება.
გელა კვერენჩხილაძე, ლანჩხუთი:
მე ვფიქრობ სხვა პოლიტიკური ძალა მართავს ამ აქციას. ვიღაცეებს სურთ წყლის ამღვრევა და მერე ხელი სხვას შეახოცონ.
ნათელა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
სიმართლე ქართველების მხარესაა და არ უნდა შერჩეთ ახალგაზრდების დაღვრილი სისხლი. ყველამ პასუხი უნდა აგოს ამ ახალგაზრდების გამო. ისინი პატრიოტები არიან და ჩვენც გვერდში ვუდგევართ მათ. რასაც მოითხოვენ ყველაფერი უნდა შესრულდეს. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ, უდანაშაულო ახალგაზრდები კი აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ. ჩვენ გვინდა მშვიდობა და არ გვინდა არეულობა, ისედაც მძიმე ეკონომოკურ პირობებში ვიმყოფებით. 
ემზარ მდინარაძე. ლანჩხუთი:
მე ვფიქრობ ამ ყველაფრის უკან ნაციონალები დგანან და მათ მიერ ხდება ქვეყანაში არეულობის ჩამოგდება. განა ყველა დიდ თანამდებობებზე ესენი არ არიან? ახლა პუტინმა შეაჩერა ტურისტების შემოსვლა საქართველოში, ეს მნიშვნელოვნად დაგვაზარალებს, ისედაც მძიმე ეკონომიკას კიდევ უფრო ძირს დასწევს. როგორმე მშვიდობა უნდა დამყარდეს და ამისათვის ყველამ უნდა ვიზრუნოთ.
ირინა ჩხაიძე, ლანჩხუთი:
მხარს ვუჭერ ამ აქციას და მეც ვუერთდები მათ. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასე მოხდებოდა, ვინც მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს შეეხებოდა. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ და ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ხალხის მოთხოვნები. არ უნდა დაღვრილიყო ახალგაზრდების სისხლი. მათი მოთხოვნები სამართლიანია და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.
ხათუნა მელიქიძე, ლანჩხუთი:
ვეთანხმები ამ აქციას და მეც მხარს ვუჭერ მათ მოთხოვნებს. ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადაედგა და ასე სასტიკად არ უნდა გასწორებოდა მშვიდობიან მომიტინგეებს. ახლა აუცილებლად უნდა მოაგვარონ ურთიერთობა და ყველა მათი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. ისედაც მცირე ერი ვართ და ყოველი ახლგაზრდის სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
სალომე იმნაძე, ლანჩხუთი:
სიმართლე ჩვენს მხარესაა და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ დამპყრობლობას და რუსეთის ასეთი საქციელი ძალიან აღმაშფოთებელია. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოაგვაროს ურთიერთობა და ყველა ღონე იხმაროს მის დასარეგულირებლად. მშვიდობიანად უნდა შევძლოთ ჩვენი სიმართლის დამტკიცება და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. 
ვახტანგ მელიქია, ფოთი:
რაც ახლა ხდება საქართველოში, ყველაფერი ჩვენი მთავრობის უუნარობის შედეგია. რომ გადაეფარათ ელგებეტეს გამოსვლები და ხალხს დაევიწყებინა ისინი, ყველაფერი გააკეთეს ამისათვის. რუსეთთან რომ კავშირი ჰქონდათ კი ვიცოდით, მაგრამ ამდენს თუ გაბედავდნენ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ახალგაზრდების სისხლი მათ კისერზეა და ახლა არ უნდა გაექცნენ პასუხისმგებლობას. აქციების მონაწილეების მხარესაა სიმართლე და ამ სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. არ უნდა შერჩეთ ახლგაზრდების დაღვრილი სისხლი. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯნონ, ხოლო მშვიდობიანი მომიტინგეები უნდა გაათავისუფლონ. შსს მონისტრი უნდა გადადგეს. მართალია, ისევ მეორე გახარია დაიკავებს სავარძელს, მაგრამ მაინც სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. ახალგაზრდებს მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ მომავლის წინაშე და მწამს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს ბოროტებაზე.
ხალხის ნერვებზე ნუ თამაშობენ, თუ არა, ხალხის მოთმინების ფიალა უკვე ავსებულია და ხელისუფლებას ეშინოდეს ხალხის რისხვის. ძალა ერთობაშია და ამ ერთობას უნდა გავუფრთხილდეთ.
ლილი სარჯველაძე, ლანჩხუთი:
სიმართლე ჩვენი ახალგაზრდების მხარესაა და ამ სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მშვიდობიანი მომიტინგეების მოთხოვნები და სიტუაცია ხალხის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.
რუსუდან მანაგაძე

'.$TEXT['print'].'