ფაროსანას შემოსევის შემდეგ ლანჩხუთში ბაზების (კრაზანების) შემოსევა დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
ფაროსანას შემოსევის შემდეგ ლანჩხუთში ბაზების (კრაზანების) შემოსევა დაიწყო

ფაროსანას შემოსევის შემდეგ ლანჩხუთში ბაზების (კრაზანების) შემოსევა დაიწყო - რა რეკომენდაციებს იძლევიან ექიმები

ბოლო კვირებია, რაც ლანჩხუთში ახალი საშიში მკბენარები - ე.წ. ბაზები გამოჩნდნენ. თითქმის ყველა საღამოს ლანჩხუთელები საშიშ მწერს დასდევენ და ანადგურებენ.
„გურია თუდეის“ რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა და დახმარება თხოვა: „სანამდე ვიოთ ასე, გავიგეთ, რომ ბაზის ნაკბები ძალიან საშიშია და რა გავაკეთოთ. ფაროსანა გაწყდა და ბაზები შემოგვესია“.
ლანჩხუთის ჯანგანში ამბობენ, რომ მათი სამსახურის ფუნქციაში არ შედის აღნიშნულ მწერთან ბრძოლა.
„ჩვენ გარკვეული რეკომენდაციები გავეცით. ჩვენ სულ სხვა კუთხით ვმუშაობთ. ეს ალბათ, უფრო იმ სამსახურების ფუნციაში შედის, ვინც ფაროსანას ებრძვის. მათ აქვთ სხვადასხვა წამლები და როგორც ვიცით, ისინი ამ ბაზების საწინააღმდეგოდაც ეფექტურია“, - უთხრეს „გურია თუდეის“ ჯანდაცვის სამსახურში.
ბაზისგან დაკბენილების მომართვიანობის გაზრდაზე საუბრობენ მედიცინის მუშაკები.
„მედალფას“ კლინიკისი დირექტორი რევან კვერენჩხილაძე ამბობს, რომ კბენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს:
„ეს ნორმა არის აუცილებელი და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ასევე, ყველა ოჯახში უნდა იყოს დესქამეტაზონი ან პრედნიზოლონი. შეიძლება სასწრაფო დროულად ვერ მივიდეს, რადგან პაციენტი შორს ცხოვრობდეს, ამიტომ მათი გაკეთება აუცილებელია. ამით მომდევნო გართულებებს ავიცილებთ თავიდან. ასევე რეკომენდირებულია, რომ ნაკბენი ადგილიდან ამოვიღოთ ე.წ. ფეხი. ის არის შხამით გავსებული და სწორედ იქედან ხდება ორგანიზმის მოწამვლა, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. ასევე კარგია თუ ნაკბენზე ცივს დავადებთ. სიცივეში ხდება ქსოვილების შევიწროება, რაც შესაბამისად ხელს უშლის შხამს გავრცელდეს ორგანიზმში,“ - განაცხადა „გურია თუდეისთან“ საუბარში კლინიკის დირექტორმა.
როგორ ბატონი რეზო ამბობს, ბაზის, იგივე კრაზანის კბენის გარდა, შესაძლოა საშიში იყოს ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენიც. ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო, განსაკუთრებით ალერგიული ადამიანების შემთხვევაში.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის რჩევით,
ექიმთან მიმართვამდე, დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:
- იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია;
- დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით;
- ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან;
- დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად;
- არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება;
- დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი ექიმის დანიშნულების მიხედვით;
- მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის, თუნდაც მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომი) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს.
ცნობისთვის, წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი კრაზანის კბენის შედეგად გარდაიცვალა.
პ.ს. ფოტოები „გურია თუდეის“ ერთ-ერთმა ლანჩხუთელმა მოაწოდა და თან გვითხრა: „აი, ასეთ „მოსავალს“ ვიმკით ყველა საღამოსო“.

წყარო: "გურია თუდეი"

'.$TEXT['print'].'