სუფსის კულტურის ცენტრის დირექტორს თანამდებობა მოტყუებით დაატოვებინეს
ავტორი: გურიის მოამბე
სუფსის კულტურის ცენტრის დირექტორს თანამდებობა მოტყუებით დაატოვებინეს

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის კულტურის ცენტრის დირექტორს ლელა სარიშვილს, აღნიშნული თანამდებობა ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელობამ მოტყუებით დაატოვებინა

"გურიის მოამბეს" ინფორმაციით, სუფსის კულტურის ცენტრის დირექტორმა ერთ ერთ საჯარო სკოლის მიერ პედაგოგის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და დირექტორობის პარალელურად პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების ლეგიტიმური უფლება ჰქონდა.

თავისთავად ამას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ლელა სარიშვილი კონკურსში გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში დაიბარეს და უთხრეს რომ მას პარალელურად ორივე საქმიანობის განხორციელების უფლება არ ჰქონდა.

მეტიც, სარიშვილი მოატყუეს, რომ ასეთ საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს და განცხადებაც დააწერინეს, რის შედეგადაც სარიშვილმა სუფსის კულტურის სახლის დირექტორის თანამდებობა, სადაც ბოლო 15 წელი მუშაობდა, დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში  კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ კანონმდებლობით ორივე სამუშაოს ერთი ადამიანის მიერ შესრულება სრულიად კანონიერია, რადგან ამავე სამსახურის, ოღონდ ოზურგეთში, დირექტორი, თამარ ნადირიძე, პარალელურად ქალაქ ოზურგეთის ნომერ პირველი საჯარო სკოლის პედაგოგია.

"გურიის მოამბეს" ის ფაქტი, რომ პედაგოგს კულტურის ცენტრის მენეჯერად საქმიანობა არ ეკრძალ;ება, უამრავმა გურიაში მოქმედმა კვალიფიციურმა იურისტმა დაუდასტურა.

ისმის, კითხვა, თუ რატომ მოატყუეს სარიშვილი და რატომ დააწერინეს მას განცხადება, ფაქტიურად იძულებით?

თუ შემდგომ, სუფსის კულტურის სახლში განვითარებულ მოვლენებს გავეცნობით, ამ კითხვაზე პასუხი შესაძლოა ადვილად ვიპოვოთ. რადგან სარიშვილის განცხადების დაწერიდან სულ მოკლე ხანში, ისე რომ არც კონკურსი გამოცხადებულა, ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებამ სუფსის კულტურის ცენტრის დირექტორად სოფო ჩხარტიშვილი დანიშნა.

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით ჩხარტიშვილი ექს პრემიერ და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის, ემზარ ივანიშვილის ჩარევით დაინიშნა.

ჩხარტიშვილის ქმარი, ზური ჯიბლაძე "ბლეს სი არენას" თანამშრომელი და ემზარ ივანიშვილის ახლო მეგობარია.

"გურიის მოამბე" ლანჩხუთის მერს, ალეკო სარიშვილს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, ვის ინტერესებში შედიოდა ლელა სარიშვილის განთავისუფლება:

"მე რამდენადაც ვიცი ის საკუთარი განცხადებით წავიდა, პედაგოგი გახდა და ერთდროულად არ შეიძლებოდა ორივე, ისე უკეთესი იქნება დავით წერეთელს თუ დაუკავშირდებით, უფრო კონკრეტულად და ზუსტად აგიხსნით" -გვითხრა სარიშვილმა.

"გურიის მოამბემ" წერეთელთან, რომელიც ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელია, დაკავშირება ვერ შეძლო, მაგრამ დავუკავშირდით ლელა სარიშვილს:

"იცით, დიდი ხანია ცენტრის დირექტორად ვმუშაობდი, სამწუხაროდ ხელფასი არ მომიმატეს, გამოჩნდა ვაკანსია პედაგოგიური საქმიანობის შესაძლებლობა მომეცა და ეს ავირჩიე. მინდოდა რა თქმა უნდა სკოლაშიც და ცენტრშიც მემუშავა, მაგრამ დამიბარა დათო წერეთელმა და მითხრა, რომ კანონით არ შეიძლებოდა და განცხადება დამაწერინა" -მოგვიყვა ლელა სარიშვილმა.

დათო წერეთლის კომენტარს, თუ კი ეს უკანასკნელი ისურვებს, ჩვენ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'