"სამწუხაროდ, ჩვენ კვლავაც საბჭოთა ელფერის სოციალისტური ქვეყანა ვართ"
ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი
"სამწუხაროდ, ჩვენ კვლავაც საბჭოთა ელფერის სოციალისტური ქვეყანა ვართ"

კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული წეს-წყობილება თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა!
ფრიდრიხ ჰაიეკი

ადამიანები აღიარებენ და აფასებენ თავისუფლებას, მაგრამ ცოტას თუ ღირსებია ის. უმრავლესობა ტირანული ხელისუფლებების მმართველობის პირობებში ცხოვრობდა. კაცობრიობის ისტორია თავისუფლების შეზღუდვის, ძალადობისა და ადამიანთა მონობის ისტორიაა, მაგრამ "საზოგადოება მაშინაა უიმედოდ დამონებული, როდესაც მას ჰგონია, რომ თავისუფალია" (გოეთე).

1880 წლამდე, აშშ -ში არ არსებობდა არავითარი სოციალური დაზღვევა, მედიქერი და მედიქეიდი, საშემოსავლო გადასახადი, შემწეობა (სოციალურს რომ ეძახიან ჩვენში), ლიცენზია საქმიანობისთვის, იმიგრაციის კონტროლი, აკრძალვა გადაადგილებაზე, პასპორტი, ცენტრალური ბანკი, კანონები ნარკოტიკების წინააღმდეგ და სხვა მრავალი რეგულაცია. 

ადამიანები არ იყვნენ შეზღუდულნი თავიანთ ეკონომიკურ მისწრაფებებში, შეეძლოთ იმდენი ფული დაეგროვებინათ, რამდენსაც შეძლებდნენ. წაეღოთ სადაც უნდოდათ და ისე მოეხმარათ, როგორც მოისურვებდნენ. სწორედ ესაა რასაც ეკონომიკურ თავისუფლებას ეძახიან, ესაა თავისუფალი საზოგადოება, ამან შექმნა ამერიკა, ასე დაგროვდა სიმდიდრე. ესაა ამერიკული ოცნება, რომელიც ასე განსხვავდება "ქართული ოცნებისგან", როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. 

თუ ამერიკელებს თავისუფლების გამოცდილება აქვთ და იქაური ლიბერტარიანელები მის დაბრუნებას ცდილობენ, ჩვენ, სამაგიეროდ, ტოტალიტარული წარსულის "წყალობით", იმის გამოცდილება გვაქვს, რა არ არის თავისუფლება. წესით, არც ეს უნდა იყოს მცირე მოტივაცია თავისუფლებისკენ სავალ გზაზე, მაგრამ რა სამწუხაროა, რომ დღესაც დასკვნები ვერ გაგვიკეთებია. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და გაჩნდა ილუზია, რომ თავისუფლები ვართ. სინამდვილე კი მწარეა - საბჭოეთში ჩავრჩით! არა მხოლოდ წარსულის ინერციით გამოწვეული გადმონაშთებით და მენტალიტეტით, არამედ საკუთრების ფორმითაც, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს საბჭოური ყაიდის აზროვნებას და მისი არსებობის გახანგრძლივებას დროში. კვლავ კომუნისტურ სისტემაში ვართ გაჩხერილი. პრობლემათა უმრავლესობაც აქედან მოდის. არადა მავანი დარწმუნებულია, რომ თავისუფალია და ნაქები კაპიტალიზმიც ესაა, რასაც ხედავს. 

სამწუხაროდ, ჩვენ კვლავაც საბჭოთა ელფერის სოციალისტური ქვეყანა ვართ, ძალიან შორს ამერიკული იდეალისგან. უპირველესად კი იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჯერაც არ დაუბრუნებია საქართველოს მოქალაქეებისთვის ის, რაც ბოლშევიკებმა წაართვეს - საკუთრება! მთელი ეროვნული სიმდიდრის, აქტივების, გნებავთ, წარმოების საშუალებების 80% კვლავ სახელმწიფოს ხელშია. ყველა სახელმძღვანელოში წერია: წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრება სოციალიზმიაო. გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ 20%-ით დავაღწიეთ თავი მძიმე წარსულს, თუ რამ სიკეთეა ამ ქვეყანაში დენაციონალიზებული 20%-ის დამსახურებაა და პირიქით, დაბალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა, სიღარიბე - დროში გაწელილი სოციალიზმის შედეგია!

თავისუფლება კერძო საკუთრების გარეშე არ არსებობს, ის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა. რაც ნაკლებია კერძო და მეტი - სახელმწიფო საკუთრება, მით მეტი ბერკეტი აქვს მთავრობას ეკონომიკაში ჩარევისთვის, მით უფრო დიდია მთავრობის ზომა და სახელმწიფოს ძალადობა თავისუფლებაზე!

ყველა შეფერილობის სოციალისტს იერიში კერძო საკუთრებაზე მიაქვს. კერძო საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვა, მით უფრო აკრძალვა, მოგებაზე ორიენტირებულ თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, ანუ საბაზრო ურთიერთობებს ურტყამს და თუ ამ უკანასკნელს მთლიანად ვერ აუქმებს, უკიდურესად ავიწროვებს, იატაკქვეშ გადაჰყავს და მის კრიმინალიზებას ახდენს. "ბაზარს" საგეგმო კომიტეტი ანაცვლებს და როდესაც ეკონომიკის ობიექტური კანონები და მთელი რიგი სოციალური ჯგუფები არ ემორჩილებიან გეგმით განსაზღვრულ მიზანშეწონილობას, იწყება რეგულაციები, აკრძალვები და არნახული ძალადობაც კი - დახვრეტები, საკონცენტრაციო ბანაკები!

ავტორიტარიზმი და დიქტატურა თავის მაქსიმალურ გამოვლინებას ე.წ. საერთო სახალხო, ანუ სახელმწიფო საკუთრების პირობებში აღწევს. თავისუფლება კი პირიქით, კერძო საკუთრების საფუძველზე არსებობს და იფურჩქნება! რაც მეტია სოციალიზმი, ანუ სახელმწიფოს ჩარევა ადამიანური საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, ნაკლებია თავისუფლება და როცა პირიქითაა - მეტია. სოციალიზმი, რომელიც ეტატიზმის უკიდურესი გამოვლინება გახლავთ, სიღატაკესთან ასოცირდება, თავისუფლება კი სიმდიდრესთან! ამიტომ აღიარა "გირჩმა" სახელმწიფო ქონების განკერძოება, როგორც საფუძველთა საფუძველი თავისუფალი განვითარებისთვის, თავისი პოლიტიკური საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად!

'.$TEXT['print'].'