ლანჩხუთის მერმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დაითხოვა "ტელეფონზე როგორ არ მიპასუხეო"
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის მერმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დაითხოვა "ტელეფონზე როგორ არ მიპასუხეო"

ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლადო ჩხაიძემ, რომელიც ამ სამსახურს 18 წელია ხელმძღვანელობს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს დაწერა.

ჩხაიძემ ხელმძღვანელის პოსტი ლანჩხუთი მერის ალექსანდრე სარიშვილის ზეწოლის შედეგად დატოვა.

როგორც ირკვევა ჩხაიძემ ოპერატიულად ვერ უპასუხა მერის სატელეფონო ზარს, რის გამოც ეს უკანასკნელი ისე გაბრაზდა რომ მას თანამდებობა დაატოვებინა.

აღსანიშნავია რომ ეს ხდება მაშინ როცა ქვეყანა მთელს მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსს ებრძვის და ეპიდემიოლოგები და გამოცდილი კადრები რომ იტყვიან "თითზე ჩამოსათვლელი" გვყავს.

ლადო ჩხაიძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ლანჩხუთის შტაბის წევრი იყო და ის, მის კოლეგებთან ერთად რამდენიმე კვირაა ამ ვირუსის წინააღმდეგ დაგეგმილ აქტივობებს უწევდა ლანჩხუთში კოორდინაციას:

"ვიმყოფებოდი ჩოჩხათში თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთან გადამოწმებაზე, მირეკავდა თურმე ბატონი ალექსანდრე თუმცა ვერ ვუპასუხებდი ისეთი სიტუაცია იყო, თანაც ტელეფონი ძველი მაქვს ვერ ვიყიდე ახალი და გაბზარულია ეკრანი, დაზიანებულია ისე რომ ვერ მიხვდები ვინ გირეკავდა, აქედან გამომდინარე ვერ ვუპასუხე მერს, ეს იყო და ეს. პირველივე დღიდან თავდაუზოგავად ვმუშაობ, როგორც დანარჩენი 18 წელი, არაფერზე უკან არ დამიხევია, თუმცა რას ვიზამთ, დღეს დავწერე განცხადება და წამოვედი, მაგრამ ჩემს კოლეგებს, ახლა ნატო მენაღარიშვილი შეასრულებს ალბათ მოვალეობას მაინც გვერდში დავუდგები თუ კი დავჭირდები ამ ძნელბედობის ჟამს" - გვითხრა ლადო ჩხაიძემ.

მომხდარით აღშფოთებულია ლანჩხუთის ოპოზიცია.

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა სრულ იდიოტობას უწოდებს ლანჩხუთის მერის გადაწყვეტილებას და მისგან კატეგორიულად მოითხოვს ლადო ჩხაიძის სამსახურში დაბრუნებას:

"საერთოდ ეს კაცი ყოველთვის გამოირჩევა არაადეკვატური გადაწყვეტილებებით, ეს არ ახალია, მაგრამ ამ სიტუაციაში აშკარად მას და მის გარემოცვასაც მეტი დაფიქრება მართებდა. მისი ამ მოქმედებიდან ნათელია, რომ ადამიანი იმ საფრთხეებს ვერ აანალიზებს რაც ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ახლავს და ღმერთმა დაგვიფაროს გართულებებისაგან. დარწმუნებული ვარ რომ ლანჩხუთის მერი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებებს არ ეცნობა, მაგრამ  ღამით ჩემპიონთა ლიგას მაინც არ უყურებს ნეტავ? რა ხდება მსოფლიოში დავიჯერო მეზობლისგან მაინც არ იცის?" გვითხრა ასკურავამ სატელეფონო საუბარში.

'.$TEXT['print'].'