6 მაისი — გიორგობა — ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღე
ავტორი: გურიის მოამბე
6 მაისი — გიორგობა — ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღე

გიორგობაქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნება 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) და 10 ნოემბერს (ახ. სტილით 23 ნოემბერი). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა: ქართლში — გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთშიალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოშიილორობა და სხვა.

ხალხური ლეგენდა

საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხედვით, წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა).

მარქსისტული ეთნოგრაფიის მიდგომა

ენგელსის კულტურული სტადიალიზმისა და მარქისტულ-ლენინური ეთნოგრაფიული სკოლის მიმდევარ მკვლევართა მოსაზრებით (ივ. ჯავახიშვილი, ვერა ბარდაველიძე და სხვ.),[1][2] გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, ფალოური, მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო იკონოგრაფიულად ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.

ამ მკვლევართა აზრით, ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ ღვთაებებს, რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.

ხალხური რიტუალები

კახეთში 14 აგვისტოს იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული „ხატის მონები“. ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა „ხატის მონა“, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, 23 აპრილის ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის „ნებას“ აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვედრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან შევიდა.

'.$TEXT['print'].'