გურიის აჯანყება 1841 — აჯანყება გურიაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის აჯანყება 1841 — აჯანყება გურიაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ

გურიის აჯანყება 1841 — ბატონყმობის საწინააღმდეგო აჯანყება გურიაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც მოჯანყეთა მარცხით დასრულდა.

მიზეზები

ხალხის მღელვარების საერთო მიზეზი იყო ფეოდალური ექსპლუატაციის ზრდა, სახელმწიფო გადასახადების სიმძიმე, სამხედრო და სამოქალაქო მოხელეთა თვითნებობა, საქმისწარმოების გადაყვანა რუსულ ენაზე. უშუალო მიზეზი იყო კანონი, რომლის მიხედვით სახელმწიფო გადასახადები 1841 წლიდან ფულადი სახით უნდა აკრეფილიყო.

ჭანჭათელი გლეხების ჯგუფი ენუქა, გოგია და ათანასე ვადაჭკორიების ინიციატივით თავს დაესხა გადასახადების ამკრეფ გოგოსი დოროძეს, სცემეს მას და წაართვეს აკრეფილი ფული. დამნაშავეთა შეპყრობა აზნაურ როსტომ ჯაყელს დაევალა, მაგრამ მან გლეხებთან ვერაფერი გააწყო, იგი შეიპყრეს, ცალი წვერი მოპარსეს და სოფლიდან გააგდეს. ჭანჭათელმა გოგია ვადაჭკორიამ გავარვარებული რკინით დადაღა გადასახადების ამკრეფი.

აღნიშნულმა ვადაჭკორიებმა აკეთისა და ლანჩხუთის გლეხები შემოიკრიბეს და შეადგინეს რაზმი „ფირალი“, რომელიც 220-მდე კაცს ითვლიდა. ოზურგეთის მაზრის უფროსმა გლეხებს კვლავ მოსთხოვა გადასახადების გადახდა. ამ უკანასკნელებმა უარი განაცხადეს და 22 მაისს (3 ივნისს) აჯანყება დაიწყო.

აჯანყების მიმდინარეობა

სოფელ აკეთიდან დაძრულმა გლეხებმა გადალახეს მდინარე სუფსა და გაემართნენ ოზურგეთისკენ, მაგრამ შემდეგ შეცვალეს გეზი, შემოუარეს მას, გაიარეს შემოქმედი, ლიხაური და მივიდნენ გურიანთასთან, სადაც დამაცხდნენ შეტაკებაში, მარამ აჯანყება ამით არ დამცხრალა. 9 ივნისს კვლავ იფეთქა გამოსვლებმა. ივლის-აგვისტოში აჯანყებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო - მასში 7200-მდე კაცი მონაწილეობდა. მღელვარებამ მოიცვა იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთი სოფელიც.

9 აგვისტოს აჯანყებულებმა გოგორეთის ბრძოლაში დაამარცხეს პოლკოვნიკ ბრუსილოვის რაზმი. მალე აჯანყებულებმა მთლიანად დაიკავეს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი, სამხრეთ-დასავლეთი გურია, ოზურგეთ-ქუთაისის საკომუნიკაციო ხაზი, ოზურგეთისაკენ მიმავალი გზები და სხვა. მთავრობის ხელში მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრი - ოზურგეთი დარჩა, რომელიც აჯანყებულთა მიერ იყო ალყაშემორტყმული. აჯანყებულებმა დაამარცხეს გურიის თავად-აზნაურთა და მთავრობის ჯარის დასახმარებლად მოსული სამეგრელოსა და იმერეთის თავად-აზნაურთა რაზმი. აჯანყებულთა წინააღმდეგ 2 464 რეგულარული ჯარისკაცი გაიგზავნა პილკოვნიკ მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვის მეთაურობით. გურიისაკენ დაიძრა სამეგრელოსა და იმერეთის მილიცია. 5 სექტემბერს დილით, მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვმა, ადგილობრივი თავად-აზნაურთა რჩევით, იმ მხრიდან დაარტყა აჯანყებულებს, საიდანაც ისინი არ ელოდნენ. თავდასხმამ საბოლოოდ გადაწყვიტა აჯანყებულების ბედი. ამ ბრძოლაში 60-ზე მეტი გლეხი დაიღუპა.

მეთაურები

აჯანყების ხელმძღვანელებიდან გამოირჩეოდნენ გლეხები:

  • აკეთის თემიდან - გოგია, ენუქა და ათანასე ვადაჭკორიები,
  • ლიხაურის თემიდან - ოთარ და ნიკოლოზ თოიძეები და გოგიჩა გორდელაძე,
  • ასკანის თემიდან - მამუკა ანთაძე და მუხარბეგ დოლიძე,
  • შემოქმედის თემიდან - გოგია და როსტომ მამინაიშვილები და სხვა.

აჯანყებაში მონაწილეობდნენ აზნაურები: აბესა ბოლქვაძე, სიმონ გოგოლიშვილი, ქაიხოსრო გუგუნავა, ათარმიზა თოიძე, ლევან გოჯასპირ და სიმონ ჭყონიები, სიმონ და გოგია ქარცივაძეები და სხვა.

გურიის აჯანყების საერთო ხელმძღვანელები იყვნენ თავადები ამბაკო შალიკაშვილი და დავით გუგუნავა. აჯანყების აღმავლობის პერიოდში (აგვისტო) თავადაზნაურობა მასობრივად ჩაება მოძრაობაში და ცდილობდა იგი საკუთარი მიზნებისათვის გამოეყენებინა, მაგრამ როცა აჯანყებამ აშკარად ანტიბატონყმური ხასიათი მიიღო, უმრავლესობა მთავრობას მიემხრო (დ. გუგუნავა და სხვა), მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა აჯანყების ერთგული (ა. შალიკაშვილი და სხვა). გურიის აჯანყებაში გარეშე ხელიც ერია. ქობულეთის ბეგი ჰასან თავდგირიძე ვერ ურიგდებოდა გურიაში რუსეთის გაბატონებას და მის წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ მოძრაობას აქტიურად ეხმარებოდა. იგი აჯანყებულებს შეუერთდა, მაგრამ კავკასიის მმართველობის კატეგორიული მოთხოვნით იძულებული გახდა დაეტოვებინა გურია.

შედეგები

გურიის აჯანყება მარცხით დამთავრდა. ცალკეული სოფლის გლეხებს, რომლებიც აჯანყების ძირითად ძალად შეადგენდნენ, ერთობლივი მოქმედების წინასწარ შეთანხმებული პროგრამა არ ჰქონდათ. მეფის მთავრობამ მოძრაობის 50 მეთაური ქუთაისის ციხეში ჩასვა, შემხეგ კი სამხედრო წესით გაასამართლა, მაგრამ 1842 წელს ხალხის მღელვარების თავიდან აცილების მიზნით ყველა გაათავისუფლა, მხოლოდ ამბაკო შალიკაშვილი გადაასახლეს ციმბირში.

ასახვა ხელოვნებაში

გურიის აჯანყება მხატვრულად აღწერა ეგნატე ნინოშვილმა ისტორიულ რომანში „ჯანყი გურიაში“.

'.$TEXT['print'].'