გიორგი მარგველაშვილი- ახალი ვარსკვლავი მუსიკალურ სამყაროში
ავტორი: გურიის მოამბე
გიორგი მარგველაშვილი- ახალი ვარსკვლავი მუსიკალურ სამყაროში

ამბობენ, ნიჭიერი ადამიანი ყველა მიმართულებით ნიჭიერია-განსაკუთრებით, თუ ხელოვნების სფეროდანაა.

ფერწერა, ვოკალი, ფორტეპიანო და დირიჟირობა გიორგი მარგველაშვილს ყველა ხელობა ხელოვნებად აქვს ქცეული.

1987 წელს, მარგველაშვილების ოჯახში სადაც 4 გოგონა უკვე იზრდებოდა, მომავალი დირიჟორი დაიბადა. ხელოვანი, რომელზეც სულ ცოტა ხანში დიდ იმედს დაამყარებენ ცნობილი ქართველი დირიჟორები . პირველად, სცენაზე ბავშვთა ანსამბლ „აი ია“ს სოლისტად გაიცნო პუბლიკამ. პირველი აპლოდისმენტების და ოვაციის ხმა დღემდე დაუვიწყარი აღმოჩნდა ახალგაზრდა შემოქმედისთვის. იმ, შორეულ წარსულში შესრულებულმა ნეაპოლიტანურმა სიმღერამ „დაბრუნდი სორენტოში“, 7 წლის გიორგი კლასიკური მუსიკის მოტრფიალედ აქცია. საოცარი მონაცემების ყმაწვილი მალევე შეამჩნის მუსიკალურ სამყაროში და გიორგი ჯერ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედის (ვოკალური, თეორიული და საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტები) მოწაფე, შემდეგ კი დ. არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო ტექნიკუმის (საფორტეპიანო განყოფილება) სტუდენტი გახდა. შემდეგ იყო უკვე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორ-ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. გიორგი პირველი და ერთადერთი დირიჟორია საქართველოდან , რომელმაც იტალიის „სანტა ჩეჩილიას“ სახელობის კონსერვატორიის კურსი გაირა, მას შემდეგ რაც, 2011წ საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის დაწესებული სტიპენდიის ‘PREMIO ROMA’ მოსაპოვებლად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. მოპოვებული წარმატება გიორგისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა. მან შესანიშნავად უდირიჟორა ე. მიქელაძის სახ. სახელმწიფო და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრებს. იდირიჟორა ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ორკესტრთანაც, ხოლო რომის „სანტა ჩეჩილიას“ კონსერვატორიის ორკესტრთან შესრულებული კონცერტის შემდეგ, დირიჟორმა დარიო ლუკანტონიმ „თვალსაჩინო ტალანტად“ აღიარა „PREMIO ROMA“ს სტიპენდიანტი ახალგაზრდა დირიჟორი. გიორგი მარგველაშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წამოწყება სტუნდენტური ორკესტრის შექმნა იყო. 2008 წელს, თვითონ სტუდენტმა, 44 ენთუზიასთი ახალგაზრდა შემოიერთა და „ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი“ ჩამოაყალიბა. სწორედ, ამ ორკესტრთან ერთად გამართა გიორგიმ მუსიკალური სამყაროს ისტორიაში სამუდამოდ დამკვიდრებული კონცერტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 36-ე წლისთავს მიეძღვნა. სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გიორგიმ საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში აკადემიური გუნდი შექმნა და დირიჟორობდა. წარმატებული დირიჟორი თავის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად რამდენიმე ფილმში მიიწვიეს. სახელგანთქმული ქართველი დირიჟორები რევაზ ტაკიძე, შავლეგ შილაკაძე, ვახტანგ კახიძე, გოგი ჭიჭინაძე, ნიკოლოზ რაჭველი, შალვა მოსიძე, ლია ჭონიშვილი და სხვანი, ერთხმად აღიარებენ მუსიკალურ სამყაროში ახალი ვარსკვლავის - გიორგი მარგველაშვილის დაბადებას. სულ ცოტა ხანში, გიორგი მარგველაშვილის შესახებ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ისაუბრებენ. ახალგაზრდა დირიჟორი მსმენელის აღფრთოვანებას უკვე საქართველოს გარეთ გეგმავს.

'.$TEXT['print'].'