გიორგი კეკელიძემ ტორესა მოსის პიცერიაში იმ დროს ესროლა, როდესაც მწერალი კეკელიძის ახალ წიგნზე ვიდეოკამერის წინ შთაბეჭდილებებს მაყურებელს უზიარებდა, – ეს სცენარი იმ დადგმული ვიდეორგოლის ნაწილია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ახალ წიგნს – „სიკვდილი პიცერიაში” – უკავშირდება.

„სიკვდილი პიცერიაში” დეტექტიური ჟანრის რომანი არ გახლავთ. ეს სოციალური ტიპის მოთხრობასა და ტიპურ დეტექტივს შორის ერთგვარი შერეული ექსპერიმენტია, სადაც თანამედროვეობაა ასახული. ვინც ამ რომანს წაიკითხავს, მიხვდება, რომ მასში გურიის გამოძახილი მცირე დოზით, მაგრამ მაინც იგრძნობა”, – ამბობს გიორგი კეკელიძე.

ბესტსელერის – „გურული დღიურების”- ავტორის გადაწყვეტილებით ახალ წიგნში მოქმედება კვლავ გურიაში იწყება და გურიაშივე მთავრდება, თუმცა სიუჟეტის განვითარების ძირითადი ადგილი თბილისია და პერსონაჟებიც ტიპური თბილისელები არიან.

„სიკვდილი პიცერიაში” რამდენიმე სოციალურ ჯგუფს აერთიანებს. ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში აქტუალური თემაა. ავტორი ფიქრობს, რომ საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაში ადეკვატურად არ რეაგირებს, რის გამოც გიორგი კეკელიძემ წიგნში „სიკვდილი პიცერიაში” ყურადღება სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაამახვილა. თუმცა მკითხველს ახალ რომანში კეკელიძისეული პაროდიაც დიდი დოზით შეხვდება.

„მართალია, „სიკვდილი პიცერიაში” დოკუმენტური ჟანრის რომანი არ არის, მაგრამ დაკვირვებული თვალი ბევრ ნაცნობ და შესაძლოა, ყოველდღიურ სიტუაციებს ამოიკითხავს“, – ამბობს ავტორი.

გიორგი კეკელიძის ახალი რომანი, რომელსაც საზოგადოებაში „გურული დღიურების” მსგავსად ბესტსელერობას უწინასწარმეტყველებენ, 6 ივლისს გამოვა. წიგნის პრეზენტაცია „ბიბლუსი გალერეაში” შედგება და მასზე დასწრება და ავტორთან გასაუბრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

წყარო:http://medfm.ge