"ბებია"
ავტორი: ნინო ვაშალომიძე
"ბებია"

სიკვდილის აღქმა ჩემთან ღრმა ბავშვობაში მოვიდა ... 6 წლის ვიყავი, როცა მეზობლის მამაკაცს ინსულტი მოუვიდა , იგი ერთი კვირა იბრძოდა სიცოცხლისთვის,მაგრამ ამაოდ...
ძლიერ განვიცადე... შემეშინდა... თითქმის ერთი კვირა არაფერი მიჭამია, შემძულდა ის სახლი, რომელშიც გური ბიძია ცხოვრობდა... სახლს, რომელსაც ყოველდღე ვსტუმრობდი... აღარ ვსაუბრობდი, აღარ ვიღიმოდი, თითქმის არ მეძინა, მოკლედ სიკვდილს ვაპროტესტებდი...
გასვენების დღეს, როცა ჩემი თანატოლები, ლიმონათის ბოთლებით ხელში, გაუჩერებლად დარბოდნენ და უფროსების დავალებებს ასრულებდნენ, მე სახლში ვიჯექი და ვფიქრობდი. არ ვიცი რაზე, ალბათ ყველაფერზე, ან არაფერზე... ნელი ნაბიჯებით ჩემთან ზინა ბებია მოვიდა, კალთაში ჩამისვა და მითხრა :
- იცი მალე სიკვდილი აღარ იქნება
- როგორ ?
- აი, ასე ! მალე ექიმები ისეთ წამალს გამოიგონებენ , რომ არავინ მოკვდება
- არც შენ?
- არც მე და არც არავინ!
გამიჭირდება ახსნა იმ ემოციისა, რა ემოციითაც ზინა ბებიას კალთიდან ჩამოვედი, უფრო სწორად ჩამოვფრინდი, გახარებული და ლაღი... ჩემს ქვეცნობიერში (6 წლისამ) სიკვდილი დავამარცხე და ეს ჩემი ბებიას დამსახურება იყო... გამოვაღე ფანჯარა და მეგობრებს დავუძახე :
- ერთი ლიმონათი მეც შემინახეეეთ!
- გელოდებიიიით!

თერთმეტი წლის შემდეგ ზინა ბებია გარდაიცვალა, ისევ შევეჯახე სიკვდილს, უფრო გააზრებულად , თუმცა არანაკლები ემოციით... იმ ასაკში, როცა ზღაპრებს ვეღარ იჯერებ...
... მალე ჩემი ბებია სხვა სამყაროში 100 წლის გახდება, აქ კი ყველა თბილ მოხუცში 20 წელია ვეძებ ...

'.$TEXT['print'].'