გუშინ, სოფელ ლიხაურში ექვთიმეობა აღინიშნა
ავტორი: გურიის მოამბე
გუშინ, სოფელ ლიხაურში ექვთიმეობა აღინიშნა

ღირშესანიშნავი თარიღი მის მშობლიურ სოფელში ტრადიციული ღონისძიებებით აღინიშნა.

თაყაიშვილის სახელობის მუზეუმში მოეწყო კონფერენცია თემაზე „ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრება და მოღვაწეობა“, ასევე, გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, აღევლინა წმინდანის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, ხოლო სპეციალურად მოწყობილ კუთხებში სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლები ადგილზე მასპინძლობდნენ მოწვეულ სტუმრებს. ასევე, დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები საპატიო მოქალაქეები. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

„ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული ძალის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია. რომ არა მეცნიერის თავდადება, დღეს ისტორიას არ ექნებოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა, ქვეყნის სხვადასხვა ეკლესიების საგანძური, რომელსაც საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესმა სიცოცხლის ბოლომდე უპაქტრონა და მიუხედავად, უდიდესი სიდუხჭირისა ხელუხლებლად დააბრუნა საქართველოში. ზოგი ამ განძს პირადი გამდიდრების წყაროდ აქცევდა. მის მაგალითზე მინდა გაიზარდოს ჩვენი შვილები“, - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

თაყაიშვილის სახელს უკავშირდება სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, საქართველოს მართმადიდებლური სიწმინდეების გადარჩენა. ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს მართმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად 2002 წლის 17 ოქტომბერს შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.

ღონისძიება, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ანსამბლ „ქართული ხმების“ და მომღერალ მაკა ზამბახიძის კონცერტმა დაასრულა:
ნახეთ "გურიის მოამბის" ფოტოკოლაჟი:

'.$TEXT['print'].'