მინისტრ სერგეენკოს ჰალსტუხი და გადარჩენილი სიცოცხლე
ავტორი: გურიის მოამბე
მინისტრ სერგეენკოს ჰალსტუხი და გადარჩენილი სიცოცხლე

"Аргументы и Факты" სტატიაში - "ისტორიები პოლიტიკოსებზე, რომლებმაც პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს", იმ პოლიტიკოსების შესახებ ფაქტებს აქვეყნებს, რომელთაც ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანის გადარჩენა მოუხდათ.

სტატიის მიხედვით, ურუგვაის პრეზიდენტმა ტაბარე ვასკესმა სიკვდილს გადაარჩინა ალერგიის მსხვერპლი, ახალგაზრდა ქალი საფრანგეთიდან. 26 ოქტომბერს პრეზიდენტი ტრანსატლანტიკური რეისით მიემგზავრებოდა საფრანგეთში, სადაც მას მოლაპარაკებებში უნდა მიეღო მონაწილეობა. იმავე რეისით 17 წლის ფრანგი გოგონა შინ ბრუნდებოდა ბუენოს-აირესიდან, სადაც ჰოკეის ტურნირში მონაწილეობდა. ფრენის დროს გოგონამ საუზმე მიირთვა, რომელიც არაქისს შეიცავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მას ძლიერი ალერგიული რეაქცია დაეწყო და სუნთქვა შეწყვიტა.

დაზარალებულთან პირველები პრეზიდენტი ვასკესი და მისი პირადი ექიმი მარიო სელარაიანი მივიდნენ. ოპერატიულად მიღებული ზომების წყალობით გოგონას მდგომარეობა სტაბილური გახდა.
სტატიის ცნობით, 75 წლის ტაბარე ვასკესი პროფესიით ექიმია. ურუგვაის პრეზიდენტს ავიაგადაფრენების დროს პროფესიული უნარების გამოყენება მესამედ დასჭირდა.
სტატიაში ასევე მოთხრობილია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესახებ, რომელმაც უსახლკარო ჰალსტუხის მეშვეობით გადაარჩინა. სტატიაში ნათქვამია, რომ 2013 წელს ექსტრემალურ სიტუაციაში თავისი ქმედითუნარიანობის დამტკიცება მოუწია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს. მინისტრი ავიაშოუზე მიემგზავრებოდა, როცა თბილისის ცენტრში მდებარე გამზირზე მოწმე გახდა, თუ როგორ დაეჯახა ავტომანქანა ნასვამ ფეხით მოსიარულეს. მინისტრის რეაქცია მყისიერი იყო. მან გააჩერა ავტომანქანა, დაუყოვნებლივ გაეშურა დაზარალებულისკენ და პირველი დახმარება აღმოუჩინა. ადგილზე მისულმა "სასწრაფო დახმარებამ" დაშავებული წაიყვანა, რომელიც უსახლკარო დენის ახმედოვი აღმოჩნდა.

"ექიმებმა ნახეს, რომ ვიღაცამ სწორად შეაჩერა სისხლდენა ფეხზე და გადასახვევ მასალად ჰალსტუხი გამოიყენა. იმის შესახებ, რომ პირველადი დახმარება დაზარალებულს მინისტრმა აღმოუჩინა, "სასწრაფო დახმარების" ექიმებმა მოგვიანებით შეიტყეს. დაზარალებულს წარმატებული ოპერაცია გაუკეთეს და მისი სიცოცხლე გადაარჩინეს. ხოლო პრესტიჟული მარკის დიზაინერული ჰალსტუხი, რომელიც ქართველ ჯანდაცვის მინისტრს არ დანანებია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ჩარჩოში მოათავსეს და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში საპატიო ადგილზე განათავსეს", - აღნიშნულია სტატიაში.

"Аргументы и Факты"-ის სტატიაში ასევე საუბარია ჰოლივუდის ვარსკვლავ არნოლდ შვარცენეგერზეც, რომელმაც თავისი კინემატოგრაფიული კარიერის მანძილზე ადამიანები ასეულობით შემთხვევაში გადაარჩინა. პოლიტიკაში გადასვლის შემდეგ, როდესაც კალიფორნიის გუბერნატორი გახდა, მან დაამტკიცა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მზად არის გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს დაეხმაროს.

"ინტერპრესნიუსი"

'.$TEXT['print'].'