ოზურგეთში გარევაჭრობა ისევ მღელვარების მიზეზია
_ ქალაქში უნდა აიკრძალოს გარევაჭრობა და გაუმჯობესდეს სანიტარული მდგომარეობა. ეს გულისხმობს ყველა სახის პროდუქციით, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, ვაჭრობის აკრძალვას ტროტუარებზე. სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ამ მხრივ მძიმე პირობებია, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვა. ეს ტერიტორია ეკუთვნის მუნიციპალიტეტს და შესაბამისად მოხდება მისი განკარგვა.
ჩვენ მივმართეთ მოვაჭრეებს დროულად დაეტოვებინათ ტერიტორია. გაფრთხილება იყო ბრძანების სახით. ასევე ამ ადამიანებს მიეწოდათ საკრებულოს შესაბამისი დადგენილება. მიეცათ ხუთი დღის ვადა, რომელიც უკვე გასულია და რამდენიმე დღეში დაიწყება მათთან პირადი შეხვედრები. შესაბამისი სამსახურების მოთხოვნას უნდა დაემორჩილონ და იმედი მაქვს ასეც იქნება.
პირადად მე მქონდა შეხვედრები გარემოვაჭრეებთან, ძველი ბაზრის გაღმა ნაწილის მოვაჭრეებთან, მიღების დღეზეც იყვნენ მოსულები სხვათაშორის ორივე ბაზრის მოვაჭრეები.
_ ახალი ბაზრის მოვაჭრეები რას ითხოვენ?
_ ითხოვენ ვენტილაციის მოწესრიგებას.
_ ხელისუფლება რამდენად უფლებამოსილია კერძო ბაზრის საქმეებში ჩაერიოს?
_ კერძო ბაზარში დასაქმებულია ჩვენი მოქალაქეები, რომელთა წუხილს და პრობლემას გამოვეხმაურეთ. ჩვენ გვაქვს უფლება იმისი, რომ მოვიკითხოთ და გავიგოთ ინფორმაცია. პირადად ვერავის ვურჩევ უნდა თუ არა დასაქმდეს ამ ახალ ბაზარში.
ეს არ არის ჩვენი მითითება, ჩვენი მითითება არის, რომ ძველი ბაზრის გაღმა ნაწილი უნდა დაიცალოს. მუნიციპალიტეტს სხვა ტერიტორია არ გააჩნია, სადაც შეიძლება მოეწყოს აგრარული ბაზარი გარდა ახალი აგრარული ბაზრისა. ამდენად, ერთ-ერთ ვარიანტად, ალტერნატივად აგრარული, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობისა, მიგვაჩნია ახალი აგრარული ბაზარი. იგი გაცილებით კომფორტულია. გამყიდველები შიშობენ, რომ აქ არ ეყოლებთ მყიდველი, თუმცა წარმოუდგენელია, რომ მყიდველს არ ერჩიოს ერთ გადახურულ შენობაში ვაჭრობა.
_ ძველი ბაზრის გამოსათავისუფლებელ ტერიტორიას რას უპირებთ?
_ გვინდა, რომ 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ამ ტერიტორიის შემოღობვის (საინტერესოა სად წავიდა ამ ბაზრის ჭიშკარი, რომელიც ავთანდილ მექვაბიშვილის გამგებლობის დროს მოიხსნა?! ლ.კ.), დასუ-ფთავების, კეთილმოწყობის ხარჯები. იქ უნდა მოეწყოს დრენაჟი, საკანალიზაციო სისტემები. ის ისევ დარჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. რა იქნება იქ, ჯერ არ არის გადაწყვეტილი.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ იქ შეიძლება დახლები განათავსოთ და გარე ვაჭრობა დაიშვეს?
_ არ ვიცი, არის ეს საჭირო? თუ ეს საჭირო გახდება, შეიძლება. ახლა მთავარია, რომ ანტისანიტარიის კერა მოისპოს.
_ ოპონენტი ალბათ იტყვის, რომ ანტისანიტარიის კერა მარტივად მოისპობა იმ დაყრილი მიწის გორების აღებით და რაღაცის მოწესრიგებით.
_ რაღაცა მოწესრიგება ასე მარტივი არ არის. საჭიროა თანხების მოძიება. ტერიტორიას არ ვასხვისებთ, გავასუფთავებთ და შემდეგ პრიორიტეტის შესაბამისად განვკარგავთ, ეს ტერიტორია არ გაიყიდება. არქიტექტურის სამსახური შემოგვთავაზებს იდეას... იქნებ მართლა აგრარული ბაზარი, იქნებ უკეთესი იდეა. მთავრია ამ წუთას აქ დასაქმებულთა ინტერესები, უფლებებიც უნდა დავიცვათ.
_ გარევაჭრობა საერთოდ, არის სოციალურად მძიმე პირობების კარნახით გაკეთებული არჩევანი. არავის ეხალისება იყოს გარემოვაჭრე. ქობულეთში გარევაჭრობა აკრძალული არ არის და ოზურგეთი რატომ გამოირჩევა სიმკაცრით?
_ ქობულეთში ვერ ნახავთ ვაჭრობას ტროტუარზე. იქ მოვაჭრეებს შეუძლიათ მაღაზიის კედელთან სტელაჟის ფორმით გამოფინონ თავიანთი პროდუქტები, მაგრამ არა გარეთ დასხდომა და ვაჭრობა. უკანონო ფორმაა მაღაზიის მიერ ამ ფართის გაქირავება გარემოვაჭრეზე.
მინდა ყველამ იციდეს ამას რატომ ვაკეთებთ. ეს არ არის ახირება. ახლა ავტომობილების გადაადგილების მარშრუტი შეიცვლება ქალაქში, ცენტრი ცოტა უნდა განიტვირთოს. ავტობუსების გადააგილების მარშრუტიც შეიცვლება. ძალიან დიდი დატვირთვა მიეცემა ავტოსადგურს... არის თემები, რომელიც უნდა ადაიწყოს და მას სხვა ხელშემწყობი ღონისძიებები მოყვება.

'.$TEXT['print'].'