გურია შინ და გარეთ
გურია შინ და გარეთ
- ბატონო ვალერი, მოდით, ჩვენი დღევანდელი საუბარი ორ ნაწილად დავყოთ. პირველი დავუთმოთ მხარის საშინაო, მეორე კი საგარეო პოლიტიკას. უპირველესად, მაინტერესებს რა ფაზაშია მხარეში გაზიფიცირების პროცესი, რომელსაც ორი უცხოური ფირმა "იტერა" და "სოკარი" ახორციელებს.
- დავაზუსტებ, თუ შეიძლება: "იტერა" მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია და ამჟამად იგი სამუშაოებს ნარუჯის მიმართულებით აწარმოებს. 2011 წლის ბოლომდე კი ბუნებრივ აირს შეიყვანს ლაითურში, ჭანიეთში, მერიაში, ასევე მას აქვს სურვილი და ერთობლივად ვმუშაობთ იმაზე, რომ განვსაზღვროთ ურეკი-შეკვეთილის მიმართულება. რაც შეეხება "სოკარ-ჯორჯიას" ის ინტენსიურად განაგრძობს ქალაქ ოზურგეთის ქუჩების გაზიფიცირებას და 2011 წლის ბოლომდე მთლიანად მოიცავს ქალაქს. ასევე იგეგმება სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, პირველ რიგში, გურიანთასა და სოფელ ოზურგეთში. 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ტარდება. ქალაქში გაყვანილი იქნება 32 კილომეტრი სიგრძის მაგიტრალი, მოხდება ასევე სოფლების _ შუხუთის, მაჩხვარეთის, გვიმბალაურის გაზიფიცირება.
ამ თვალსაზრისით, ანალოგიური მდომარეობაა ჩოხატაურშიც. "ცისფერი ალის" სარგებლობის საშუალება მიეცემათ შუა ფარცხმაში, ზემო ფარცხმაში, ხიდისთავის მიმართულებით, ჩაისუბანში, გორაბერეჟოულში, გუთურის მიმართულებით, ერკეთში, ბუკნარში, ბუკისციხეში, დაბლაციხეში, განახლების მიმართულებით, და, რაღა თქმა უნდა, დაბის იმ ქუჩებში, სადაც გაზიფიკაციის სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. 
- ელექრიფიცირების პრობლემაზე უნდა გკითხოთ: კომუნალური მრიცხველები მოსახლეობის თავსატეხია. სად და როგორ მიმდინარეობს ინდივიდუალური გამრიცხველიანება?
- მოსახლეობისთვის და, რასაკვირველია, ჩვენთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადაწყვეტა. უნდა გითხრათ, რომ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან ერთად, რეაბილიტირებული იქნება სადენები, ბოძები, ძალოვანი ტრანსფორმატორები.
იანვრის ბოლოსთვის მთლიანად დამთავრდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ასევე ბოხვაურის მიმართულებით. 2011 წლისთვის იგეგმება ურეკის მიმართულება, ასევე სოფლები _ ოზურგეთი, ლიხაური, ჭანიეთი, ნაღობილევი, თხინვალი, შემოქმედი წითელმთა, მაკვანეთი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მალე დამთავრდება გამრიცხველიანება სუფსაში, შუხუთში, გრიგოლეთში.
ასევ გამრიცხველიანდებიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: შუა ფარცხმა, ზემო ფარცხმა, გუთური, გოგოლესუბანი. როგორც გახსოვთ, სურებში იყო 9-კილომეტრიანი ხაზის პრობლემა, საერთოდ არ ხდებოდა სისტემურად ელექტროენერგიის მიწოდება. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. საერთოდ, დასახელებულ ტერიტორიულ ერთეულებს, შესაძლებელია, კიდევ რამდენიმე სოფელი დაემატოს, იმდენად ჩქარი ტემპით მიმდინარეობს როგორც გაზიფიცირების, ისე ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები.
- ბატონო ვალერი, საქართველოს ზღვისპირა ზოლში გლობალური პროექტების გახორციელების დაწყების ფონზე გურია რატომღაც ჩრდილში მოექცა  
- გურიის ზღვისპირა ზოლი 22 კილომეტრია. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა და მე განვმეორდები, რომ ჩვენი ქვეყნის ზღვისპირეთი, მთლიანად იქნება რეაბილიტირებული, ანუ ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი. გურიის შავიზღვისპირეთში, პირველ რიგში, ურეკ-შეკვეთილს ვგულისხმობ, შეუძლებელია რაიმე ინფრასტრუქტურაზე საუბარი, თუ არ იქნა გადაჭრილი წყლისა და კანალიზაციის პრობლემები. უპირველესად, სწორედ ეს იგეგმება. ურეკსა და შეკვეთილში არის სახელმწიფო საკუთრების ფართობები და შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, გახორციელდება გარკვეული პროექტები. როგორც იცით, ახლა მიმდინარეობს თეატრალური სცენის მოწყობა. ეს ხელს შეუწყობს მის ირგვლივ ინფრასტრუქტურის განვითარებას. როგორც ეს "ციცინათელას" შემთხვევაში მოხდა.
- გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ბოლო დროს სხვა ინვესტორი ხომ არ დაინტერესებულა გურიის ზღვისპირა საკურორტო ზოლით?
- მოკლე ხანში შევხვდებით და ამ თემაზე მაშინ ვისაუბროთ.
- ახლა აგრარულ სექტორს გადავხედოთ, სოფლის მეურნეობა ხომ პრიორიტეტული დარგია მხარისთვის? რას პირდება მხარის ხელისუფლება ამ სექტორში დასაქმებულ ფერმერებს, მოსახლეობას?
- გასულ წელს სოფლებში ადგილებზე ვეცნობოდი მოსახლეობის პრობლემებს. რასაკვირველია, წლეულსაც განვაგრძობ ხალხთან შეხვედრებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ლანჩხუთს ყველაზე მეტი ფართობი აქვს გურიაში), მოსახლეობა აყენებდა საყანე ფართობებში დაშრობითი სამუშაოების ჩატარებას, ასეთივე სამუშაოებია ჩასატარებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სავარგულებში _ ლეკიანში, მოლიანში, ჩალიანში. ამ საკითხზე მქონდა საუბარი სოფლის მეურნეობის მინისტრთან. შევთანხმდით, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე, ჩატარდება ცენტრალური კოლექტორების გაწმენდითი სამუშაოები. იყო მეორე პრობლემაც, ეს უკვე მაღალი ზონის სოფლებში – ციტრუსების შეწამვლა. მოსახლეობა გვთხოვდა, ზუსტად მიგვეწოდებინა ინფორმაცია რა ვადებში, რით და როგორ შეეწამლათ თავიათი პლანტაციები. ამ საკითხზეც ვესაუბრე მინისტრს. დაიბეჭდება რიფლეტები, საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც სრულად იქნება ასახული ამ მიზნით გასახორციელებელი აგროღონისძიებები. სხვათა შორის, ამ თვასაზრისით შესანიშნავი ბაზა არის გურიაში, ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის სახით.
- ბატონო ვალერი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ ჩასატარებელ ღონისძიებებს ხელისუფლება აღარ დააფინანსებს. 
- განსაკუთრებით საშიში მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის სახელმწიფო კვლავ აიღებს ვალდებულებას. გარდა ამისა, მე მქონდა საუბარი ერთ-ერთ ქველმოქმედ ორგანიზაციასთან, რასაც მოჰყვა ის, რომ ერთი "ტიფას" ტიპის მანქანა იქნება გამოყოფილი იქნება გურიისთვის. ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ საკმარისი არ არის ერთჯერადი ღონისძიების ჩატარება. არც მოდუნება შეიძლება, ბრძოლა ერთობლივი ძალისმევით მომავალშიც აქტიურად უნდა განვაგრძოთ. ამაში მოსახლეობამაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. 
- ეს თემები, ასე თუ ისე, შუქდებოდა მედიის საშუალებით, ჩემი აზრით, საზოგადოება, ხალხი შედარებით ნაკლებად ინფორმირებულია მხარის საგარეო პოლიტიკის საკითხებით. მოდით, გავაცნოთ, რამდენადაც ამის საშუალებას გაზეთის ფორმატი მოგვცემს. 
- დავიწყოთ იმით, რომ 2008 წლის 13 ნოემბერს, ევროპის რეგიონთა ასამბლეის გენერალურ ასამბლეაზე, გურიის რეგიონი გახდა ამავე ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი (მანამდე დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა), ასამბლეის წევრობა გვაძლევს ევროპაში ინტეგრაციის,. სხვადასხვა რეგიონებთან ურთიერთთანამშრომლობის, მათი გამოცდილების გაზიარების შანსს.  
გენერალურ ასამბლეას, რომელიც გაიმართა ფინეთში, საერთაშორისო ორგანიზაცია Gთძ –ს დახმარებით, ესწრებოდა გურიის დელეგაცია.
დეკემბერში გურიის დელეგაცია დაესწრო კონფერენციას სახელწოდებით “მომავალი ჩვენ გვეკუთვნის,” რომელიც გაიმართა ევროპის რეგიონთა ასამბლეის ახალგაზრდათა რეგიონული ქსელში, გერმანიის ქალაქ ვისბადენში. კონფერენციაზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა ევროპელი ახალგაზრდების ურთიერთობების ქსელი. იქვე ახალგაზრდებმა ისაუბრეს თავიანთ რეგიონებში ამა თუ იმ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები.
ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რეგიონის ცნობადობისათვის ევროპის დონეზე, აგრეთვე კონტაქტებისთვის. მასში მონაწილეობდნენ ლიდერის თვისებების მქონე ახალგაზრდები, თავიანთ ქვეყანაში მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე.
ევროპის რეგიონთა ასამბლეის ახალგაზრდათა რეგიონული ქსელის მეორე შეხვედრაში, რომელიც გაიმართა 2009 წლის 20-22 მაისს კრჟიჟოვაში (ქვემო სილეზიის რეგიონი, პოლონეთი) მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ჩოხატაურის წარმომადგენელმა.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროგრამა ,,ევროდისეიში” გურიის რეგიონის მონაწილეობაზე. "ევროდისეი" არის ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამა.  
2009 წლის ივლისში გურიაში ჩატარდა საკოორდინაციო შეხვედრა ევროპის რეგიონის ასამბლეისა და გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონებიდან პირველი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რამდენიმე უცხოელი სტუმარი, შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბატონი გია ბარამიძე.
2009 წლის თებერვალში ერას კოორდინატორი გურიაში ლიკა ღლონტი მიწვეულ იქნა ერას სათავო ოფისში, ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით, სადაც ის გაეცნო ერას კომიტეტების მუშაობას, ევროპის რეგიონების პოლიტიკას, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, დაესწრო შავი ზღვის კონფერენციას პარიზში, სადაც საშულება მიეცა, შეხვედროდა შავი ზღვის სხვადასხვა ასოციაციისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
ერას კომიტეტებისაგან მიიღო შემდეგი რეკომენდაციები: გურიას მოემზადებინა მოხსენება რეგიონის სოციალურ საკითხებზე. განიხილეს აგრეთვე ევროპის სხვა ქვეყნების ჯანდაცვის საკითხები, ევროპის სხვა რეგიონებში ამ სფეროში არსებული ინოვაციების გურიაში დანერგვის საკითხი. კომიტეტის კოორდინატორმა გამოთქვა სურვილი დაგვხმარებოდა სპეციალისტების, დაფინანსების მოძიებაში, რეგიონებთან დაკავშირებაში, მათგან საუკეთესო მაგალითების გადმოსაღებად.
მივიღეთ რეკომენდაციები ტურიზმის განვითარებისთვის.
2010 წელს იგივე ექსპერტების მიერ კვლავ ჩატარდა ტრენინგი, აგროტურიზმთან დაკავშირებით თბილისში და გურიის წარმომადგენელი მიიწვიეს ვიეკოპოლსკაში სასწავლო ვიზიტით.
გურიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის ქ. კრასნიკის ბურგომისტრი. ვიზიტის დროს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ კრაშნიკის მერიას შორის.
,,ფონდ ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს~ აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონიდან წარდგენილი პროექტების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. ფერმერებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის გავმართეთ კონსულტაციები. შედეგად დაფინანსდა 8 პროექტი, მათ შორის 4 სრული საწარმოო ჯაჭვი.
მოლაპარაკება გავმართეთ გაეროს განვითარების პროგრამის გურიაში ამოქმედებასთან დაკავშირებით. პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: რისკების მართვა, სოფლის მეურნეობა და ა.შ. მიმდინარეობს კონსულტაციები და პროგრამა სავარაუდოდ ამოქმედდება 2011 წელს.
გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციასა და განმახორციელებელ კონსორციუმს შორის (საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ნორვეგიის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაცია) ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობით ღონისძიებებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ მონაწილეობა მიიღო "ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ფონდის" ლიუბლინის ოფისის (პოლონეთი) და ქალაქ კრაშნიკის (პოლონეთის) მიერ გახორციელებულ პროექტში `მართვის თანამედროვე მეთოდების შეთავაზება საქართველოს საჯარო ადმინისტრაციისთვის~ (პროექტი მხარდაჭერილი იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროგრამით "პოლონეთის დახმარება"). პროექტის ფარგლებშიც გახორციელდა ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების სასწავლო-გაცნობითი ვიზიტი პოლონეთში და მათი კოლეგების ჩამოსვლა ოზურგეთში. 
ოქტომბერში გურიის რეგიონში იმყოფებოდა დელეგაცია ლიტვიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეთიკისა და ლიდერის ინსტიტუტის დირექტორი ვირგინია ვაიჩეკონიენე, ეს ინსტიტუტი უკვე მერამდენე წარმატებულ პროექტს ახორციელებს გურიის რეგიონში. დელეგაციის წევრები იყვნენ ქ. როკიშკისის, პასვალისისა და კუპიშკისის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, გუბერნატორიის ადმიანისტრაციის წარმომადგენლები და ლიტვის პარლამენტის წევრი – საქართველოს საკითხებზე მომუშავე კომისიის უფროსი. გურიაში გამომგზავრებამდე ისინი შეხვდნენ ბატონ დავით ბაქრაძეს და გააცნეს თავიანთი პროგრამა. გურიაში სამივე მუნიციპალიტეტში ჩაატარეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციები სოციალურ, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხებზე. ნოემბერში გურიის რეგიონის ადმინისტრაციისა და სამივე მუნიციპლიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ლიტვაში, პანევეჟისში, პროექტის ფარგლებში სახელწოდებით ,,გურიის რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით საჯარო მოხელეების გადამზადება.~ სამივე მუნიციპალიტეტმა ხელი მოაწერა დამეგობრების მემორანდუმს.
სექტემბერში გურიის დელეგაცია, სამხარეო ადმინისტრაციის მონაწილეობით, იმყოფებოდა უკრაინის ხერსონის ოლქ ქალაქ კახოვკაში, სადაც რეგიონებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტი დაუმეგობრდა ხერსონის ოლქში შემავალ მუნიციპალიტეტებს. ეს ჩამონათვალი, რასაკვირველია სრულყოფილი არ არის. მომავალშიც ვაპირებთ აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოში მოქმედ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რა
- ბატონო ვალერი, ასეთი ვრცელი საუბრის შემდეგ შეიძლება უადგილოც იყოს, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ; გყავთ თუ არა მტერი?
- მტერი? ეს, ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა. თუმცა, ზრდასრულ ადამიანს, თანაც თანამდებობის პირს და არცთუ წარუმატებელს, მინიმუმ არაკეთილმოსურნეები აუცილებლად ეყოლება და ასეთები არც მე მაკლია. როცა წლების განმავლობაში რაიონისა და რეგიონის პირველი პირი ხარ, ბუნებრივია, გიხდება ხოლმე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც იწვევს გარკვეული კატეგორიის ადამიანების განაწყენებას. თუმცა, გულახდილად გეტყვით. შინაგანად ყოველთვის მოწოდებული ვარ, ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანო, რადგან არასდროს მავიწყდება, რომ თითოეული ადამიანის უკან ოჯახი, შვილები და ადამიანური ტკივილები დგას. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ზოგადად სხვის მიღწევას, ბედნიერებას, რომელთაც ცხოვრების წესად აქვთ "მწუხარება სხვისსა ლხინსა ზედა". ჭკვიან კაცს უთვამს, `ყოვლადძლიერო, გახარება თუ გინდა ჩემი, უნარი სხვისი სიხარულის მიბოძე უმალ". - ეს ბრძნული ცხოვრებისეული შეგონებაა და უფალიც ამას გვასწავლის.
რაც შეეხება მტრის ყოლას, მტერი გაცილებით მძიმე კატეგორიაა. ჩემთვის მტრის ხატი ისაა, ვინც მეორე ადამიანს ფასეულს, ღირებულს გაუთელავს. ასეთი კი ნამდვილად არ მყავს, რადგან სხვისთვის მე თვითონ მსგავსი რამ არასდროს მიკეთებია. თუმცა, არც მტრის ყოლაში ვხედავ დიდ უბედურებას, რადგან მისი არსებობა ერთგვარ აზარტს აძლევს ადამიანს. ხომ გაგიგონიათ ხალხური სიბრძნე ლექსიდან "მტერიც არ შამხვდა მტრისფერიო". მტერიც ღირსეული უნდა ინატრო კაცმა.
- ერთი კითხვაც; რას იტყვით ზოგიერთების მიერ გავრცელებულ ჭორზე, რომ მალე გუბერნატორი აღარ იქნებით და თბილისში გადაჰყავხართ?
- მე ამას მავანთა აგონიურ ნატვრას და სურვილს უფრო დავარქმევდი, ვიდრე მოარულ ჭორს, რამეთუ ყოველდღიური შეხვედრებით, სოფელ-სოფელ სიარულით სხვაზე მეტად ვიცი, რამდენად არის ჩემი წასვლის სურვილი ან მოლოდინი ხალხში. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის დღიდან ადამიანების ძალზე კონკრეტული კატეგორია პროგნოზირებდა, რომ ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა დროებითი მოვლენა იქნებოდა. ასეა დღემდე. მინდა ვურჩიო მათ, ნუ დაშვრებიან მკითხაობით და ნურც საზოგადოებას დატვირთავენ მცდარი ილუზიებით. გურიის გუბერნატორი ვიქნები იქამდე, სანამ საქართველოს პრეზიდენტი ჩემს ადგილს სწორედ აქ დაინახავს. ზედმეტად ცნობისმოყვარეთათვის დავამატებ იმასაც, რომ ქვეყნის პირველი პირისგან, მთავრობისგან სერიოზული დავალებები მაქვს მიღებული და, სხვათა შორის, ეს დავალებები გრძელვადიანია.
'.$TEXT['print'].'