ექსკლუზივი - ქართველი გოგონა საფრანგეთში თავისი ცხოვრების მთავარ მიზანს, ბედნიერებას სწავლობს
ექსკლუზივი - ქართველი გოგონა საფრანგეთში თავისი ცხოვრების მთავარ მიზანს, ბედნიერებას სწავლობს
იქ დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ფრანგული ცხოვრების რიტმზე გადართვა და იქაურ საზოგადოებაში ინტეგრაცია არ გასჭირვებია, გზამ საქართველოდან საფრანგეთამდე ოჯახის წევრების, აქაური მეგობრების მონატრება და ქართული სულიერების იმ კუთხით წარმოჩენის სურვილი გაუმძაფრა, ჩვენი ქვეყნის დღევანდელობით დაინტერეებულ ფრანგებს, საქართველოზე ღირსეულ წარმოდგენას რომ შეუქმნის. თუ როგორ სწავლობს ფრანგულ ცხოვრებას და რას ვერ გაითავისებს იქაურების ჩვეულებიდან, ამაზე კატო `გურიის მოამბესთან~ ექსკლუზიურად საუბრობს:
`როცა ფრანგული ცხოვრების წესსა და ჩვეულებებს ვაკვირდები, ყოველთვის მიჩნდება შედარების მომენტი ჩვენს ქვეყანასთან. ერები კულტურით და ისტორიით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ადამიანები მაინც ძალიან გვანან ერთმანეთს, ემოციებით, ხშირად ხასიათებით, განცდებით. უბრალოდ ყველა ჩვენგანი იმ რიტმს ვეწყობით, რასაც თავად ჩვენი ქვეყნის ცხოვრების სტილი განსაზღვრავს. რაც შეეხება ფრანგულ ცხოვრებას, მომწონს, რომ გაცილებით მოწესრიგებულები არიან, ვიდრე ქართველები. ავიღოთ თუნდაც კვება, მომსახურების დონე. მაგალითად გარემოს დაცვაზე იქ ძალიან ზრუნავენ. არ არსებობს, დაინახოთ სადმე დაგდებული ნაგავი. თუნდაც ნებისმიერ ორგანიზაციაში სერვისების მაღალი დონე, ზოგადი კულტურა, მაგალითად, ქუჩაში მოქცევის, საუბრის, ურთიერთობების. ეს ყველაფერი უკვე ძალიან კარგად ზის ჩემში. რასაც ვერ ვიგებ და ალბათ არასოდეს გავითვალისწინებ, ესაა წინასწარ დაგეგმილი ცხოვრება. გათვლილი აქვთ ყველა დღე, ყველა დეტალი. ძნელია იპოვოთ ფრანგი, რომელმაც არ იცოდეს მომდევნო სამი თვის განმავლობაში რა უნდა გააკეთოს. დაინახავთ, რომ ცოლ-ქმარი კალკულატორით ზის და ითვლიან გადასახადების გარდა, რამდენი დარჩებათ ყოველთვიურად, რომ  გაიანგარიშონ ყოველდღიური სახარჯავი. მე ეს არ მესმის, იმიტომ, რომ მერე თუ რამე ისე არ გამოვიდა, როგორც დაგეგმეს, მარტივად ვარდებიან დეპრესიაში. ეს ჩვენთვის სასაცილოა, ვერც იმას ვხვდებით, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ფაქტია, რომ  უფრო დარეგულირებული აქვთ ცხოვრება. ყველაფერს მაინც თავისი საზომი აქვს, ჩვენ ეს არ მოგვწონს, იმათ სხვა რამ. ერთმა ფრანგმა ქალბატონმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, გააკეთა ასეთი შენიშვნა, ძალიან ცნობისმოყვარე ერი ხართო~.
_ რამდენად რთული იყო ფრანგული ცხოვრების რიტმზე გადართვა და იქაურ საზოგადოებაში ინტეგრაცია, რისი შეგრძნებები, ემოციები გაამძაფრა შენში გზამ საქართველოდან საფრანგეთამდე?
_ იმდენად, რამდენადაც აქ ძალიან კარგი სამეგობრო წრე მყავს, თავიდან გამიჭირდა მათ გარეშე ყოფნა. შემდეგ ადაპტაციას განიცდის ადამიანი და ეგუება ნებისმიერ გარემოს. მე ასე მგონია. ყველგან არის დადებითი და უარყოფითი მხარე. ხალხი განსხვავებულია, მაგრამ ცხოვრება თითქოს ყველგან ერთნაირია.
_ ახალ გარემოშიც ჩნდება ალბათ გარკვეულ კატეგორიასთან ინტერესთა თანხვედრა, ვისთანაც ახლობლობ, მეგობრობ...…
_ იქ სამეგობრო წრეს ეძახიან იმ ადამიანებს, ვისთანაც ერთად დადიან კლუბებში, იქ სკოლების საფეხურები დაყოფილია სამ ნაწილად. ჩვენთან რომ არის პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ერთად მოვდივართ, ისე არ არის. რადგან ხშირად იყოფიან, მუდმივი მეგობრები იშვიათად ჰყავთ. ერთგული მეგობარი კი, მუდმივად გვერდით ჰყავთ. სამეგობრო წრეს ეძახიან იმას, ვინც იკრიბება მათთან ერთად კლუბებში, დისკოთეკაზე, ბარში. ერთნაირი ინტერესის სფერო რომ აქვთ. მე რომ წავედი, მერე დავფიქრდი იმაზე, რომ ე.წ. სამეგობრო წრეები ძალიან ჩაკეტილია საქართველოში, რთულია ამ წრის გარღვევა, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანთან ერთად მოდიხარ ბავშვობიდან, მასთან ერთად იზრდები, უკვე ჩამოყალიბებულია ეს ურთიერთობები, 19 წლის ასაკში ახლის დაწყება ცოტა გიჭირს. თუმცა მონდომება ბევრ რამეს ცვლის. საფრანგეთში ინტერნაციონალური სამეგობრო წრე მყავს, იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი უცხოელი ცხოვრობს. მყავს კურსელები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგალითად, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან, რუსეთიდან, მექსიკიდან. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ამ ადამიანებთან. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან საუბარი.
_ კატო, გიფიქრია, რომ შენი ქვეყანა, მისი დღევანდელობა, ცხოვრების წესი, კულტურა შენს სამეგობრო, სანაცნობო წრეში მუდმივად შენთან იქნება ასოცირებული, ამას ახლავს თან დიდი პასუხისმგებლობა, მუდმივი სიფრთხილეც...
_ კი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგალითად, მექსიკელი მეგობარი მყავს და მასთან ასოცირდება ჩემთვის ზოგადად მექსიკა. თან ვიცი, ჩვენს ქვეყანას კარგად არ იცნობენ. ამიტომ მუდმივად ვცდილობ, უფრო ახლოს გავაცნო საქართველო. სოციალურ ქსელებში მაქვს გაზიარებული უამრავი ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაზე, კულტურაზე, შევეცდები ყველაფერი გავაკეთო ქვეყნის წარმოსაჩენად. ჩემს მეგობრებს ძალიან აინტერესებთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. დღევანდელი დღით უფრო ინტერესდებიან, ვიდრე წარსულით, იმიტომ, რომ დღევანდელობაში ირეკლება წარსულიც და აწმყოც. ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო ისეთ ღონისძიებებში, სადაც საშუალება გეძლევა წარმოაჩინო შენი ქვეყანა, მაგალითად, მისი სამზარეულო, კულტურა. წინა ზაფხულში, სანამ სწავლა დამეწყებოდა, ვიყავი ბანაკში, რომელიც გაკეთებული აქვს კულტურის მემკვიდრეობის, ძეგლების დაცვის ასოციაციას. ეს არის ინტერნაციონალური ასოციაცია, არჩეული აქვთ ძეგლები, რომლებიც აღდგენას საჭიროებს. მოხალისე ახალგაზრდები ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან, ფიზიკურადაც მუშაობენ ამ ძეგლების აღსადგენად, ეწყობა ღონისძიებები, ეცნობიან ფრანგულ კულტურასაც და წვლილიც შეაქვთ მის განვითარებაში. ძალიან საინტერესოა და ზედ გამოჭრილი საქართველოსთვის, ვაპირებ ამის გაკეთებას ჩვენთან თუ მხარდაჭერა მექნება.
_ გარდა იმისა, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება გაცილებით გიმძაფრებს ქვეყნის სიყვარულს, ჩნდება შედარების მომენტიც, ბევრი რამ უფრო თვალსაჩინო ხდება, პოზიტიურიც და ნეგატიურიც...
_ იქ, რაც ყველაზე ძვირფასი გააჩნია ადამიანს, ეს არის დრო. ძალიან უკვირთ, როცა ადამიანისთვის დროს უანგაროდ დაკარგავ. ამას ვერ იგებენ. დროის აღქმა აქვთ გამძაფრებული. ცდილობენ, ყველა წუთი, წამი ნაყოფიერად გამოიყენონ. თუ მე ასეთ რამეს ვაკეთებ, თუნდაც ელემენტარულს ძალიან უკვირთ. ვერც წარმოუდგენიათ, ასეთ დროს რამე საპასუხოს თუ არ დაველოდები. ამას დიდხანს ვხსნი მერე, რომ  გავაგებინო, ეს ჩვენში ზის. რომ ამას ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ. მაგალითად, ერთ შემთხვევას გეტყვით: ცხრილი იყო გამოკრული უნივერსიტეტში და ჩემს მეგობარს არ ჰქონდა დრო მოსულიყო. შევიარე ფაკულტეტზე, წამოვიღე ცხრილი და მივუტანე.  გაკვირვებული დარჩა ამით, რომ მე ათი წუთი დავკარგე მისთვის.
_ გარდა ქართული გენეტიკური მახასიათებლებისა, შენს ხასიათში რამე განსაკუთრებული თვისებები თუ აღმოგიჩენია?
_ ერთადერთი რასაც გამოვყოფ, არის ის, რომ ზედმეტად მაქსიმალისტი ვარ. მუდმივად ვცდილობ, ყველაფერში ბოლომდე დავიხარჯო. ეს მანიჭებს სიამოვნებას. სხვა მხრივ ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი. რომელსაც ძალიან უყვარს ცხოვრება, მისი შესწავლა, რაც ბედნიერების ძიებაში აისახება. თითოეული ადამიანი სწავლობს, როგორ იყოს ბედნიერი, მეც ვსწავლობ ჩემს ბედნიერებას.
_ მომავალი გეგმები მხოლოდ საფრანგეთს უკავშირდება, თუ სხვა ქვეყანასთანაც შეიძლება იყოს ასოცირებული?
_ კანადაში არის ძალიან კარგი უნივერსიტეტი, სადაც მინდა გავიარო მაგისტრატურა. ამაზე ჯერ არ ვსაუბრობ, არ ვიცი, რა იქნება.
'.$TEXT['print'].'