ექსკლუზივი - მარიამ ტომარაძე: "ნიჭიერმა" პირველ რიგში გადამალახინა დიდი სცენის შიში და მორიდება"
ექსკლუზივი - მარიამ ტომარაძე:
ჟიურის აღმოჩენის, როგორც მაშინ მას სოფო ნიჟარაძემ უწოდა, მუსიკისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება და სიყვარული ბებიას დამსახურება ყოფილა, რომელიც პატარა მარიამს მუდმივად ფორტეპიანოს აკომპანირებით ამღერებდა: `მამასაც კარგად ესმის მუსიკა, ისიც ხშირად მეხმარებოდა, საერთოდ მამასთან უფრო ახლო, ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, რადგან დედას, სამსახურიდან გამომდინარე, ბევრი დრო არ რჩება ჩემთვის, ~ _ხაზს უსვამს მარიამი მამასთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. დედ-მამის ნებიერამ კარგად იცის, რომ მუსიკას არასოდეს უღალატებს, სერიოზულად ფიქრობს მეორე პროფესიაზეც, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ზუსტად იცის დედის პროფესიას, ექიმობას არ აირჩევს. აქაც მამის კვალს გაყოლას არჩევს და ჟურნალისტობას შესაძლოდ უშვებს. ურთიერთობებში უპრეტენზიოს განსაკუთრებულად მეგობრების წრეში ყოფნა ანიჭებს სიამოვნებას. სწორედ მეგობრებთან ერთად მეგობრის სანახავად ეწვია ის გურიას. ძალიან მოწესრიგებულსა და კონტაქტურს (ასე ახასიათებენ მეგობრები) ყველაზე ძალიან პიცის გაკეთება და შოკოლადების ჭამა ჰყვარებია. სიმღერას კი, უალტერნატივოდ მიიჩნევს  თავის ცხოვრებაში.

 შედგა თუ არა პატარა მომღერლის დებიუტი პროექტ `ნიჭიერში~, გაუმართლდა თუ არა მოლოდინები და რატომ ემადლიერება მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებით დუეტ `ჯორჯიას~, ამაზე მარიამი რედაქციაში სტუმრობისას გვესაუბრა:

_ მოდი, საუბარი იქედან დავიწყოთ, საიდანაც მარიამ ტომარაძე ცნობილი გახდა. პროექტმა `ნიჭიერი~, გარდა ცნობადობისა რა მისცა მარიამს, გაუმართლა თუ არა მოლოდინები?
_პროექტში რომ მივიღე მონაწილეობა, ამაში ყველაზე დიდი ხელშეწყობა მამისგან მქონდა. რა თქმა უნდა, ოჯახის ყველა წევრი მეხმარებოდა, მაგრამ მამა სულ ჩემს გვერდით იყო. რაც შეეხება ფართო აუდიტორიის წინაშე ჩემს გამოსვლას, პირველად გოგი დოლიძის სახელობის კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ლაურეატი გავხდი. მერე იყო უკვე `ნიჭიერი~. პატარა სცენას მიჩვეული ვიყავი. მაგალითად სკოლაში. მიმღერია დუეტ `ჯორჯიასთან~ ერთადაც. `ნიჭიერმა~, პირველ რიგში, გადამალახინა დიდ სცენაზე გამოსვლის შიში და მორიდება. გაცილებით დიდი სტიმული მომცა და გამბედაობა შემმატა, რაც სხვა კონკურსებში დამეხმარება. მოლოდინი მქონდა, რომ უფრო კარგი შედეგი მექნებოდა, თუმცა, დარწმუნებული არ ვიყავი. ბევრი ძლიერი მონაწილე იყო, რომელიც კარგად მღეროდა. ვფიქრობ, ფინალისტებიც დამსახურებულად შეირჩა.
_ რა იქნება შემდეგ, როგორ აპირებს მარიამი თავი დაიმკვიდროს ქართულ მუსიკალურ სამყაროში
_ შევეცდები კონკურსებში აქტიურად ჩავერთო და ჩემი შესაძლებლობების სრული რეალიზება მოვახდინო. მერე ალბათ გაჩნდება რამე შემოთავაზებები, რაც მუსიკალურ სფეროში თავის დასამკვიდრებლად დამეხმარება. ვნახოთ.
_ ოჯახზე რას გვეტყვი, ვინ არიან შენი მშობლები, რას საქმიანობენ?
_ მამა ალეკო ტომარაძე ერთ-ერთ ორგანიზაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით მუშაობს. დედა წარმოშობით უკრაინელია, ელენე კამოელენკო. მედიცინის სფეროში მოღვაწეობს, ექიმია. გამომდინარე თავისი საქმიანობიდან, დედა ხშირად ვერ იცლის ჩემთვის, მამა შედარებით მოცლილია და უფრო მეტ დროს ვატარებთ ერთად. მყავს ბებია, რომელიც ძალიან ნიჭიერია და ბევრ რამეში მეხმარება. ფორტეპიანოს ასწავლის. სწორედ ბებოს დამსახურებაა ჩემი ასეთი სიყვარული მუსიკისადმი. სულ პატარაც რომ ვიყავი, სულ მამღერებდა ფორტეპიანოს თანხლებით.
_ ერთია, როცა ძალიან გიყვარს მუსიკა, მაგრამ გექნება სხვა გატაცებებიც, რაც ასევე დიდ სიმაოვნებას განიჭებს
_ უფრო მუსიკაზე ვარ ორინტირებული, მომწონს და მიყვარს სიმღერაზე მუშაობა. ამას არაფერზე გავცვლი. ძალიან მიყვარს წიგნი და ინტერნეტიც. ინტერნეტი კარგია იმისთვის, რომ ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას იღებ, მაგრამ წიგნი უფრო სიღრმისეულია, ისეთი, ბევრ რამეს რომ შეგძენს, განვითარებაში დაგეხმარება. ყოველდღიურ ცხოვრებაში, საუბარში იკვეთება მერე ეს ნაკითხობა.
_ გამოდის, თავისუფალ დროს რამდენიმე მიმართულებით ანაწილებ: მუსიკა, კითხვა, ინტერნეტი...
_ და მეგობრები. ამ ადამიანების გვერდით ყოფნა მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. ბევრი მეგობარი მყავს და ეს მახარებს. ოზურგეთშიც მეგობარს ვსტუმრობ, რამდენიმე მეგობართან ერთად. აქ ძალიან მომწონს. კარგად ვერთობით. უკვე გადავწყვიტე მომავალშიც აქ ჩამოვიდე და უფრო დიდი ხნით დავრჩე. არის სიტუაციები, როცა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს მაშინ ხდება, როცა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ვარ. ბებო ცოტას მაბრაზებს, უნდა, სულ ვიმეცადინო, მაგრამ სახლში ყოფნა მაინც ძალიან მიყვარს.
_ არის სიტუაციები, როცა უფრო მეტად მომთხოვნი ხდები, ან პრეტენზიული?
_ რაც ხანდახან არ მომწონს, ესაა, როცა გარეთ კარგი ამინდია, ბებო კი სამეცადინოდ მეძახის. პრეტენზიული უფრო კერძების მიმართ ვარ. არ მიყვარს ცხარე კერძები, არც მწვანილები და ხახვი. ურთიერთობებში ნაკლებად მაქვს პრეტენზიები და მოთხოვნები. უბრალოდ, არ მიყვარს მატყუარა და ამბიციურ ადამიანებთან ურთიერთობა, დანარჩენ კატეგორიას გავუგებ.
_ შენი საზაფხულო გეგმები როგორია, გარდა გურიისა, სად აპირებ გაატარო არდადეგები?
_ თვის ბოლომდე გურიაში ვრჩები. მერე ზღვაზე წავალ, ბათუმში. აგვისტოში ასევე მიწვეული ვარ კახეთში. დუეტ `ჯორჯიას~ კონცერტი გაიმართება ყვარლის ტბაზე და მეც ვიმღერებ. მაკა და რატი ძალიან მეხმარებიან. ოჯახებით ვახლობლობთ, რატი ჩემი ბიძაშვილის ნათლიაა. მათგან ყოველთვის ვგრძნობ ხელშეწყობას და თანადგომას.
'.$TEXT['print'].'