პატარა მომღერლის ახდენილი ოცნებები
პატარა მომღერლის ახდენილი ოცნებები
მეოთხე კლასის მოსწავლე ქართული სიმღერისა და ცეკვის შესწავლით ოთხი წლის წინ დაინტერესდა. მშობლებმა ის თავდაპირველად მოსკოვში მოღვაწე ქუთაისელ მაია ბალანჩივაძეს სტუდია `ბალანჩინში~ ქართული სიმღერების შესასწავლად მიაბარეს, სადაც დაახლოებით 20 წლამდე ასაკის მოსკოვში მცხოვრები ქართველები  მღეროდნენ. აგვისტოს ომის დროს მაია საქართველოში ბრუნდება, ირაკლი კი, საბავშვო სტუდია `ესთეტიკში~ გადადის, პარალელურად ქართული ტრადიციული ცეკვის ოსტატობას სტუდია `ოქროს საწმისში~ ეუფლება, შემდეგ აგრძელებს ანსამბლ `ივერიაში~..
დიდ სცენაზე მისი პირველი გამოსვლა 6 წლის ასაკში შედგა, მას შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ოლქებსა და ქალაქებში ხშირად აქვს მიწვევები. მიღებული აქვს რამდენიმე პრიზი და სიგელი. სიმღერების უმრავლესობას მოსკოვში, აჩი ფურცელაძის სტუდიაში წერს, ამბობს, რომ მისი შესრულება დადებითად შეუფასებია თამარ გვერწითელს, სოსო პავლიაშვილს, დათო ხუჯაძეს: `სხვადასხვა კონცერტებზე გამოსვლის დროს ვხვდებოდი და მათთან ერთად მიმღერია კიდეც. ხშირად უთქვამთ  კარგი ბიჭი ხარ და კარგი ქართველი მომღერალი დადგებიო~_უყვება `გურიის მოამბეს~ ირაკლი.
მისი ყველაზე დიდი კუმირი სიმღერაში ირაკლი ფირცხალავა ყოფილა, რომლის წარმატებების მის შემოქმედებაში განმეორება დღეს უკვე რეალურად ეიმედება: `დიდი რომ გავიზრდები, მინდა ცნობილი და პოპულარული ვარსკვლავი ვიყო, ძალიან კარგი ქართველი მომღერალი ირაკლი ინწკირველი, ისევე, როგორც ირაკლი ფირცხალავა~.
ძალიან კარგი ქართველი მომღერალი რომ გახდეს, მისი შემოქმედება კი, მრავალმხრივი და საინტერესოდ დატვირთული, ირაკლი სიმღერასთან და ცეკვასთან ერთად, ფორტეპიანოსა და გიტარასაც ეუფლება. ამბობს, რომ მიზანდასახულობას ყოველთვის მიჰყავს წარმატებმადე. ამიტომ, მისი ოცნებებიც არასოდეს რჩება მხოლოდ ოცნებებად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება იმ გზას, რაც შემოქმედებითად უკვე დასახული აქვს: `სულ რამდენიმე ოცნება მქონდა. შემოქმედებითი და ისეც. მინდოდა მემღერა ანა ბანაში და ეს ოცნება წელს ამისრულდა. ჩემი პედაგოგი მაია ბალანჩივაძე, რომელმაც მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ისევ მიმიწვია მასთან, თბილისში იყო ჩამოსული, მან გადაწყვიტა, რომ ანა ბანაში მე მემღერა და მოწვევა გამიკეთა. ძალიან გამიხარდა, რომ მოეწონათ ჩემი გამოსვლები და ჟიურის თავი დავამახსოვრე. მერე მითხრეს, თუ რამე კონცერტები გვექნება მოგიპატიჟებთო. ისიც მითხრეს `ვანოს შოუში~ იქნები მოწვეულიო, მაგრამ არ ვიცი ჯერ ეს როდის იქნება~.
ერთ ახდენილ ოცნებას უკვე სხვა სურვილები მოჰყვა: `ევროვიზიაზე მინდა წასვლა, მაგრამ ეს ოცნება არ არის, უფრო სამომავლო მოლოდინებია. იქ საქართველოს სახელით უნდა გამოვიდე და კარგად ვიმღერო, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა~.
მანამდე კი, სანამ სამომავლო მოლოდინები გამართლდება იყო კიდევ ერთი წარმატება, როცა აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ კონცერტზე მონაწილე მოსკოვში მცხოვრებ ყველა ქართველ პატარა ასაკის მომღერალს შორის გამოარჩიეს და პირველი ადგილის მინიჭებასთან ერთად საჩუქრად პლაზმური ტელევიზორი გადასცეს.
ეს ის ყველაფერია, რასაც ამ ეტაპზე 10 წლის ირაკლი ინწკირველი შემოქმედებითი კუთხით წარმატებებად ითვლის. გვიყვება იმაზეც, რაც მის სხვა სფეროებისადმი დამოკიდებულებას, მეგობრებთან და მშობლებთან ურთიერთობას გვაცნობს. ამბობს, რომ კარგი მოსწავლეა და ყველა საგანი ერთნაირად უყვარს. გარკვეულ დროს უთმობს კომპიუტერულ თამაშებსაც. ჰყავს ბევრი მეგობარი და საყვარელი კვადროციკლი, რომელიც კონცერტებიდან დაგროვილი ჰონორარებით შეიძინა. ოცნებობს კარგ ეკონომისტობაზე და ნაფიქრი აქვს იმაზეც, რომ მისი მომავალი ქართველ გოგონას დაუკავშიროს, როგორც გვიხსნის იმტომაც, რომ `ქართველი გოგოები უფრო ლამაზები, კულტურულები და წესიერები არიან~.  
უყვარს ბებიას გაკეთებული ხინკალი, დედის გამომცხვარი ხაჭაპური და მამის შემწვარი მწვადი. ერთადერთი, რასაც მის მინუსად თვლის ხანდახან გადამეტებული სიანცეა, რის გამოც თურმე მშობლები ხშირად უბრაზდება, თუმცა გამოსავალი აქაც უპოვია, თან მისთვის საკმაოდ მომგებიანი: `ხანდახან ძალიან ვაბრაზებ მშობლებს ჩემი საქციელით. მეუბნებიან ძალიან ხმაურიანი და მოუთოკავი ხარო, მაგრამ თუ ვინმე სტუმარი მოვა, მაშინ იმდენად მშვიდად და წყნარად ვარ, ვერც კი, გრძნობენ ჩემს ყოფნას სახლში. მერე ამის გამო მშობლები მაქებენ და მეფერებიან~.

'.$TEXT['print'].'