გიორგი მეგრელიძე - ვინც არის _ ამ წერილით გაგაცნობთ, ვინც იქნება _ დავაცადოთ და ჩემზე უკეთ გეტყვით
`ვინ ვარ მე?~ _ ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაუსვა საკუთარ თავს ეს კითხვა გიორგიმ, მაგრამ, როცა პასუხს გადავხედე, იმდენად ხატოვნად ნაწერი იყო, ვიფიქრე, საქმე პატარა ლიტერატორთან მაქვს-მეთქი, მით უფრო, ეს სკოლა მომავალ კალმოსანთა ერთგვარი ოაზისია, მაგრამ შევცდი. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ გიორგის მისამართი არ შეშლია და ნამდვილად კარგი ქნა, რომ რედაქციაში გვესტუმრა კლასის ორგანიზატორ, ქალბატონ მანანა გობროძესთან ერთად. მოკლედ, ჩვენი წერილის გმირი მათემატიკოსი აღმოჩნდა:
`რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ლიტერატურა. ცოტ-ცოტას ვწერ ჩემთვის, უფრო მეტად ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, არა მარტო საბავშვოს, კლასიკოსებსაც, მაგრამ რიცხვებთან ჭიდილი ყველაფერს მირჩევნია. ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი ამოცანა თუ მაგალითი ჩემეული ხერხით ამოვხსნა და უმეტესად ვაღწევ კიდეც მიზანს. ჯერ კიდევ მეორე კლასში ქვეშმიწერით გამოკლების მაგალითები ამოვხსენი ახალი წესით, რომელიც სავსებით განსხვავდება ჩვეულებრივი მეთოდისაგან~.
როგორც ქალბატონი მანანა გობრონიძე გვეუბნება, გიორგის უყვარს თავისი შესაძლებლობების მოსინჯვა და არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით, რომელსაც მანამ უკირკიტებს, სანამ კიდევ ახალს არ აღმოაჩენს:
`სულ ძიებაშია. რასაკვირველია, დიდად გაგვახარა, მაგრამ არ გაგვკვირვებია, რომ წლევანდელ სასწავლო წელს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია პრესტიჟულ მათემატიკურ ოლიმპიადაში `დაიპყარ მწვერვალი შენი~. უმაღლესი ქულებით გაიარა ორი ტური და ღირსეულად იასპარეზა ფინალში, რომელიც დედაქალაქში გაიმართა~.
ამ ოლიმპიადის შესახებ გიორგის თავისი მოსაზრება გააჩნია, იცის, რომ `ევერესტი~ ბოლომდე არ აუღია და არ შეეშვება, სანამ არ აიღებს. ამბობს, რომ ეს მისი პრინციპია და არა სიჯიუტე.
ბოლო დროის ყველაზე დიდ გამოგონებად კომპიუტერს მიიჩნევს და უყვარს რთული კომბინაციებით სხვადასხვა პროგრამებსა და ინტერნეტის ლაბირინთებში გამიზნული ხეტიალი.
გარდა მათემატიკისა, გარკვეული წარმატებები აქვს ინგლისურ ენაშიც. სიამოვნებით გამოვცდიდი თავს ამ საგანშიცო, _ დასცდა და ბავშვური გულიბრყვილობით მოსალოდნელ კითხვაზე პასუხისთვისაც მოემზადა, რა იცოდა, რომ ინგლისურის ინჩი-ბინჩი არ გამეგებოდა.
`ჭადრების ბაღში~ სურათს ვუღებ, თავის ნაწერს ვერ ელევა, ცოტა ხნით დაგიტოვებ, დასამთავრებელი მაქვსო.
`ვინ ვარ მე?~ _ თავიდან ვკითხულობ: `თურმე, რა რთული ყოფილა საკუთარ თავზე საუბარი! მართლაც ვინ ვარ მე?! ერთი პატარა მეოცნებე ბიჭი მრავალი მიზნითა და გეგმით, ჭკვიანი, ცოტა ზარმაციც... როგორც სარკეში, ისე ვხედავ საკუთარ თავში კარგსა და ცუდს. ვცდილობ, კარგი არ დავკარგო, ცუდი კი მოვიშორო, რადგან `მე პატარა ქართველი ვარ!!!~ მადლიერი ვარ უფლისა, რომ ამ დროს გამაჩინა, მომცა შესაძლებლობა, ყველას დავუმტკიცო, რომ მე, გიორგი მეგრელიძე ვიქნები~... ხომ გვითხრა დასამთავრებელი მაქვსო, ჰოდა, დავაცადოთ, დაამთავროს და ჩემზე უკეთ გეტყვით, ვინც იქნება.
'.$TEXT['print'].'