"ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი შვილი უკვე ერთგული მეგობარია"
ავტორი: ნუგზარ სულაშვილი; პარიზი; 2016 წელი;
"ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი შვილი უკვე ერთგული მეგობარია"

გუშინ სულ შემთხვევით მოვკარი ყური...
ხო შემთხვევით, რადგან არ მიყვარს იმის მოსმენა, რასაც მიმალავენ...
ჩემთვის, შვილები დაბადების დღიდან პიროვნებები არიან. მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ საიდუმლო; ჰქონდეთ მიზნები; ამოცანები; მოსწონდეთ, ან არ მოსწონდეთ...
არსაოდეს აღვიქვამ კატასტროფად, თუ რაღაც შეეშელათ, არც მათი წარუმატებლობა მაშინებს და არასოდეს ვეუბნები, რომ ისინი სუსტი და დაუცველნი არიან. არც წაქცეულებს ვაშველებ ხელს, როდესაც ვიცი, წამოდგომას დამოუკიდებლადაც შეძლებენ.
დიახ, ამ ყველაფერს ვაკეთებ იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი შვილები და მინდა ძლიერები გახდნენ. ისწავლონ პასუხიმგებლობა საკუთარი თავის წინაშე და ისწავლონ მოითხოვონ სხვისგან იმდენი, რამდენის გაცემაც შუძლიათ.
მე, მათ არასოდეს ვუკითხავდი ზღაპრებს, რადგან არ მსურდა დამსგავსებოდნენ ნაცარქექიას, სიზმარას ან ხუთკუნჭულას.
მათ არ სჭირდებოდათ გამოგონილი სიკეთე და ბოროტება, რადგან ორივე ჩვენს ცხოვრებისეულ რეალობაშიც არსებობს და ხვალ, ან ზეგ ისედაც მოუწევთ მასთან პირისპირ დადგომა.

ხო, რისი თქმა მინდოდა: ზემოთ აღვნიშნე შემთხვევით მოვისმინე-მეთქი. იოანე ტელეფონზე მეგობარს ესაუბრებოდა.
- მერე რა, რომ ჩვენზე დიდები არიან? შენ მართალი ხარ და ბოდიში მოიხადონ. ხვალ გაკვეთილების შემდეგ ჟაღდან პეღდუში შევხვდეთ. მე გამოგყვები.
მეორე დღეს კოლეჯის კარებთან დავხვდი და მანქანაში დაჯდომა ვთხოვე. გამიჯიუტდა. მთხოვა მის გარეშე დავბრუნებულიყავი სახლში და მალე მოვიდოდა.
დანიშნულ ადგილზე ჩავუსაფრდი...
მოწინააღმდეგები არა მხოლოდ დიდები, რაოდენობითაც გაცილებით მეტი იყვნენ და ვიცოდი გაილახებოდა.
ჩემი ვარაუდი გამართლდა...
რამდენჯერმე დავაპირე სამალავიდან გამოსვლა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან წინააღმდეგობას ბოლო წუთამდე უწევდა ყველას. არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ საქციელს მაპატიებდა.
სახლში, რომ დაბრუნდა თავად ამიხსნა მიზეზი რატომ არ ჩამიჯდა მანქანაში...
ვკითხე: მერე რა ქენით მეთქი?
გვცემეს, მაგრამ შეეშინდათ და გაიქცნენო.
ეს ამბავი რამდენიმე ახლობელს მოვუყევი დღეს და მამაობა დამიწუნეს.
მე კი ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი შვილი უკვე ერთგული მეგობარია.

'.$TEXT['print'].'