იუნონა - მოთხრობა (ფანტასტიკა)
ავტორი: დაჩი მეჯიდი
იუნონა - მოთხრობა (ფანტასტიკა)

იუნონა


-შეხედე, რა ლამაზია!
-სულაც არა, ბნელი თვალები აქვს...
-კარგი რა, როგორ შეიძლება მასში რამე ცუდი იყოს.
-თითქოს შორეული ნათებაა, ხელუხლებელი და მიუწვდომელი. ნეტავ ვინ არის?
-მე მგონი, მასში განსაკუთრებული არაფერია.
-ან მხოლოდ განსაკუთრებულის თვალი შეძლებს მთლიანად ჩაწვდეს.
გოგონა კი მირბოდა. თვალი გვიან მოვკარი. ხალხის შეძახილებზე გამოვიხედე. მხოლოდ მშვენიერი ოქროს თმების დანახვა მოვასწარი. მაგრამ იქნებ არც იყო ოქროსფერი და ასე ანათბდა? ერთხანს ვფიქრობდი მის მოსაძებნად ხომ არ გავქცეულიყავი, მაგრამ სირბილის შემრცხვა და ჩქარი ნაბიჯით გავუყევი გზას. სახეზე არ ვიცოდი როგორი იყო, მაგრამ მჯეროდა რომ ვიცნობდი ასე ბრმად. რაღაც მომენტში ჩემი თავის გაკიცხვა მომინდა ასეთი ბავშვური წამოწყებისთვის, მაგრამ ყოველდღიური მონოტონური სიმშვიდის შემდეგ უბრალო საბაბი გყოფნის აღელვებისთვის (თუნდაც ეს საბაბი სირთულეებს გვიქმნიდეს). გულისცემა მესმოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილებით. რამდენიმე ქუჩა მოვიარე. სხვადასხვა სახეები. ისევ უცხო სახეები. ზოგიერთ მათგანზე ჯერ კიდევ არ მიმქრალიყო გაოცების შუქი. მოედანზე გავედი და სასოწარკვეთილება ვიგრძენი. დაბრუნება დავაპირე, რომ უეცრად, გაუაზრებლად დავიძახე: „იუნონა!“ გამვლელებმა გაკვირებულად გამომხედეს. მზერა ვიგრძენი. მისი მზერა. მარჯვნივ მოვიხედე, ქუჩის ბოლოში იდგა. გაოცებულად მიყურებდა ერთხანს, შემდეგ კი თვალს მიეფარა. მის ადგილას კი რაღაც სხივმა დაიწყო ლიცლიცი ჰაერში, როგორც თხელი თავშალი ირხევა ძლიერი ქარისას.
***
-მითხარი რას ხედავ? - მკითხა „იუნონამ“. მე კი გაოგნებული ვუყურებდი სახეს, რომელიც იცვლებოდა. თმები სხვადასხვა შეფერილობას იძენდა. თვალის ფერის დანამდვილებით თქმაც კი არ შემეძლო. - აღწერე როგორი ვარ? დარწმუნებული ხარ, რომ შეგიძლია დამინახო?
-არ მესმის, მე მგონი ცუდი განათების ქვეშ ვართ და თავი ამტკივდა. ვიცი ჰო, სისულელეს ვამბობ. - მან მკრთალად გაიღიმა და მის უკან მჯდომ მამაკაცს შეეკითხა როგორ გამოიყურებოდა. მამაკაცს სოლიდურად ეცვა, გაზეთი ორად გადაკეცა და გოგონას შეხედა. მალევე მის სახეზეც გაკვირვება აღიბეჭდა. თავდაჭერილობა მოსულელო ღიმილად გადაიქცა და ბოლოს უპასუხა:
-ძალიან კარგად. ეს სათვალეები და ქუდი ძალიან გიხდებათ.
-იუნონა. - გამოვახედე ის. - რამდენიმე საათია ერთად ვართ და წამითაც არ მინახავს ქუდი ან სათვალე გაგეკეთებინოს.
-და ახლა ხედავ? - მხედველობა დავძაბე, მაგრამ მის სახეზე დამცინავი ღიმილი შევნიშნე სათვალე ან ქუდი კი არ მინახავს.
-თუ თქვენ არ მოგწონთ ამ ქალბატონის ჩაცმულობა, მაშინ გემოვნება არ გქონიათ! - შენიშნა ჩვენს გვერდით მჯდომმა შუახნის ქალმა თავი მეორე კოკო შანელი რომ ეგონა.
-უეცრად შეიცვალე, ნაწყენი ჩანხარ. - მითხრა მე მან, მეტამორფოზების დედოფალმა. იმის გააზრება დავიწყე, რომ დარწმუნებული არც ერთ ჩემს დასკვნაში არ უნდა ვყოფილიყავი.
-ჰო რა ვიცი... ზოგჯერ წვრილმანიც საკმარისია ხასიათის წასახდენად.
-მითხარი რა მოგეჩვენა ამჯერად? ნუთუ ვერაფერს მიხვდი?
-რას უნდა მიმხვდარიყავი? - მომეჩვენა რომ გამჭირვალე გახდა. გამახსენდა, რომ ამ დილით ყველა სხვადასხვა სახელით მიმართავდა, სანამ აქ შემოვივლიდით. კიდევ მომაგონდა, რომ ერთი-ერთი საუბრისას ლამის ვერ ვიცანი. თავში ათასი უაზრობა მიტრიალებდა, მაგრამ მაშინვე ვმშვიდდებოდი როცა მის ნამდვილ სახეს ვხედავდი ყველაზე ხშირად რომ ჩანდა. თუმცა ალბათ არც ამაში უნდა ვყოფილიყავი დარწმუნებული.
-კარგი წამოდი იმ ბიჭთან, დახლთან რომ ზის, ტყავის ქურთუკითა და გადაპარსულ თავზე რაღაც ტატუთი. ოღონდ დამპირდი რომ არაფერს დაუშავებ. - უხმოდ დავთანმხდი და გავყევი. მე მოშორებით დავდექი, ის კი გვერდით მიუჯდა.
-უჰ, დაიკო! - ვულგარულად დაუსტვინა კაცმა, მე მგონი ბაიკერი იყო. - რა მოკლე კაბა ჩაგიცვამს, ეს დიდებული მკერდი კი პირდაპირ ჩემკენ იმზირება. - იუნონას ხელი მოვკიდე და კაფედან გავიყვანე. უკან ბაიკერიც აგვედევნა, მაგრამ შეცბუნებულად შემოგვაცქერდა. ბოლოს მკითხა: „ეი, ის ნაშა რა უყავი?“- შეშინებული ჩანდა. ჩვენ უხმოდ გავუყევით ქუჩას. იუნონას გრძელი ვარდისფერი კაბა ეცვა, თუმცა წუთის წინ იასამნისფერი მეჩვენა. არა, ახლა ნამდვილად წითელია. მკერდიც არ უჩანდა. წესიერად გამოიყურებოდა. უხმოდ მივდიოდით. გამვლელები ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული ეპითეტით ამკობდა იუნონას.

-მე მგონი, უარესად დაგაბნიე.
-ვერ ვხდები, ყველა განსხვავებულად აღგიქვამს. არ მესმის.
-რა გქვია? - ეს კითხვა უკვე მოულოდნელი იყო ჩემთვის. რამდენი რამ მოხდა უკვე, ამ დილით რაზე არ მოვასწარით საუბარი და ჩემი სახელი კი არ მითქვამს.
-ბერტოლდ.
-ჩემსას რატომ არ კითხულობ, ბერტოლდ?
-კი მაგრამ იუნ...
-ნუთუ გჯერა რომ ასე არსაიდან შეგეძლო ჩემი სახელის გამოცნობა?
-მაშინ რატომ გამოიხედე?
-მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემთვის შეეძლოთ ასეთი ხმითა და სახელით დაეძახათ. იმედი მომეცა და გამოგხედე, მაგრამ იმწამსვე ვერ შევძელი შენში დავრწმუნებულიყავი. ჩემი სახელი სულ უბრალოა, მაგრამ ყველას სხვადასხვანაირად ესმის, ისევე თავისებურად როგორსაც მე მხედავენ. ანა.
-ანა.
-გამიკვირდა. დიდი ხანია არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ისეთს მხედავს, როგორიც ვარ.
-ვერ ვხსნი, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ვერავინ გხედავს მიახლოებითაც კი ისეთს როგორიც სინამდვილეში ხარ. მე კი... მეც ვერ გხედავ. იქნებ ჩემი წარმოსახვა შენს სინამდვილეს დაემთხვა?
-არ თქვა, ვგრძნობ რომ მხედავ. შენ მაინც... აღარ შემიძლია. - ქვითინი დაიწყო. მთელი სხეულით მომეკრა. ვცდილობდი როგორმე გამეთბო. მაგრამ მეორეს მხრივ, მომწონდა მისი ასეთის დანახვაც, რადგან ტირილიც კი უხდებოდა.
-და ახლა, ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს რომ ბოროტი სიცილით იცინი, ჰო?
-ჰო. ეს წყევლაა ალბათ. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. ყველა ისეთად აღმიქვამს, როგორიც არის თვითონ სინამდვილეში ან ისეთად როგორსაც ყველაზე მეტად ნატრულობს. ვერავინ ხვდება, რომ მათი დეტალური აღწერებით სინამდვილეში საკუთარ თავზე საუბრობენ.
-მე კი ვერ ვუჯერებ საკუთარ თვალებს.
-და მართალიც ხარ. ჩემი თვალებით უნდა ჩამხედო სულში. - ერთხანს ისევ ვდუმდით. უფრო და უფრო მკაფიოდ ვხედავდი მას. თითქოს ათასი ნიღაბი საბოლოოდ შორდებოდა. სახე ჩაფიქრებული ჰქონდა. ყოველთვის მეშინოდა, როცა ჩემს გვერდით ასე ჩაფიქრებულს დავინახავდი გოგოს. იმიტომ, რომ ასეთ დროს რაღაც არასასიამოვნო გადაწყვეტილების გაცხადების დრო მოდიოდა ხოლმე ან ეს უნდობლობას ნიშნავდა. მე კი მივეჩვიე ხმამაღლა ვიფიქრო მათთან, ვისაც ვენდობი.
-მე მგონი, ის სიტყვა უნდა გითხრა.
-არა, არა, არ გინდა.
-როგორც თქვეს, უცხო ენაზე მას მოისროლებ ნებისმიერი მიმართულებით, მშობლიურზე კი ასე ადვილად არ ამოდის, არ ამოითქმება.
-ჩუ! - თითი ტუჩებთან მომადო. ცრემლები შევნიშნე. - რაღაც უნდა გითხრა. ძალიან ვიჩქარე, ვიცი ძალიან სტანდარტულად ვიქცევი, მაგრამ იქნებ არც ვარ ღირსი გიყვარდე. ან იქნებ ვერც მხედავ... ან უფრო მხედავ და ერთ დღესაც როცა საბოლოოდ ჩაწვდები ჩემს არსს... იქნებ მაშინ აღარ მოგეწონები.
-და განა შენ კარგად მხედავ ასეთ სიტყვებს რომ მეუბნები? ჩვენ ბრმები ვართ და ყოველთვის ვიყავით ბრმები. ერთად კი თვალებიდან ერთმანეთს რაღაც სახვევებს ვაძრობთ და თანდათან ვგრძნობთ ნათელს. რა უნდა იყოს ამაზე კეთილშობილი საქმე?! მთავარია, სულით რას ხედავ. იცი რა, ვფიქრობ ყველაზე ცუდი ისაა, როცა ადამიანს ერთბაშად დაინახავ. მთლიანად და მორჩა. ბოლომდე რომ შეეჩვევი და ბოლომდე რომ გაუგებ. მაგრამ შენ ღრმა ხარ და რომც მოინდომო ერთბაშად ვერ მაჩვენებ შენს სრულ რეალობას. და ალბათ იმდენად ღრმა ხარ, რომ ასეთი „წყევლით“ ამიტომაც დადიხარ და ვერავინ გიახლოვდება. და მე რომც ვცდებოდე არ მინდა წავიდე.
-ბერტოლდ, მითხარი ის სიტყვა ყველაზე ძნელი და ტკბილი სათქმელი რომაა...

დაჩი მეჯიდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; ნატანები; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნუვერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი

'.$TEXT['print'].'