ტელემაუწყებლობის დაწყებამდე 6 თვით ადრე, თბილისსა და რუსთავში 3500 შავ-თეთრი ტელევიზორი გაიყიდა. თითოეულის ფასი 200 მანეთი იყო.
1956 წლის 30 დეკემბერს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოშიც ცისფერი ეკრანი აინთო. პირველი დიქტორები ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე იყვნენ. პირველ ტელემაყურებლებს კი მეზობელთა კოლექტიური ჯგუფები წარმოადგენდნენ, რომლებსაც იტალიურ ეზოებში ჰქონდათ გამოტანილი ტელევიზორი. 

 

თავიდან ტელემაუწყებლობა კვირაში ექვსი დღე, საღამოს 7 საათსა და 30 წუთიდან ხორციელდებოდა. ტელევიზიის პირველი ნაბიჯები ძალიან რთული იყო, რადგან თავდაპირველად სტუდიას მხოლოდ ერთი უძრავი კამერა ჰქონდა. სატელევიზიო ეთერის ნახევარზე მეტი საბავშვო გადაცემებს ეთმობოდა. იდგმებოდა სხვადასხვა საბავშვო სპექტაკლები: „ქარელი გველი“, „სქელი და თხელი“, „კაკო ყაჩაღი“ და სხვ. იყო მხიარული ვიქტორინები, მუსიკალური სკოლის მოსწავლეების კონცერტები, „ბაბუა თევდორეს ზღაპრები“, „შეხვედრები პირველკლასელებთან და ა.შ...
1957 წლის შემოდგომაზე თბილისის ტელესტუდიამ მიიღო მოძრავი ტელესადგური, რამაც პირდაპირ ეთერში სპორტული და კულტურული ღონისძიებების გადაცემა გახადა შესაძლებელი. 
ამავე წლის აგვისტოდან კეთდება პოლიტიკური გადაცემებისა და სატელევიზიო დადგმების გაკეთება. 
1958 წლიდან იწყება საინფორმაციო გადაცემები. მოსახლეობაში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა გადაცემა „უკანასკნელი ცნობები“. 
1968 წლის 1-ელ აპრილს გაიხსნა საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“. ამ დროისთვის, მოსახლეობაში უკვე იზრდებოდა ტელევიზიის დიქტორების პოპულარობა. მათ ცნობდნენ ქუჩაში და გამოხატავდნენ აღფრთოვანებას. პოპულარულ სატელევიზიო სახეებად იქცნენ: დავით ძიგუა, ალექსანდრა მაჭავარიანი, ლია მიქაძე, ომარ ტივაძე, თენგიზ ნათაძე, დავით სოკოლოვი, ჟანეტა არჩვაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ნუგზარ ჯუღელი, ნათელა ბოლქვაძე, ირმა გურიელი, ირინა მათიაშვილი, მანანა მაჩაბელი, ქეთევან გვარამია და სხვ. 1968 წლიდან ჩამოყალიბდა ტელეფილმების სტუდია, ამავე წლიდან ქართული ტელევიზია ფერადი გახდა, ფერადი გადაცემები დაიწყო 7 ნოემბერს. მოგვიანებით გამოჩნდა გადაცემა „ილუზიონი“ - შაბათს 11 საათის შესრულებას ყველა სულმოუთქმელად ელოდა.

2014 წლის 22 დე­კემ­ბერს ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი თა­ო­ბის დიქ­ტო­რებს: ლია მი­ქა­ძეს, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე­სა და ალექ­სან­დ­რა (შუ­რი­კო) მა­ჭა­ვა­რი­ანს მთაწ­მინ­და­ზე, ანუ იქ, სა­დაც პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დია იყო, „ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი“ გა­უხ­ს­ნეს.

ჯულიეტა ვაშაყმაძე, ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი
საქართველოს ტელევიზიაში დაარსების დღიდან, ანუ 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს მას საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები მიჰყავდა. 
„ყველაფერი მზადდებოდა და რედაქციები განლაგებული იყო კავშირგაბმულობის სახლში. შემდეგ მივდიოდით გადაცემისთვის ფუნიკულიორზე. არაერთხელ მომიწია ფუნიკულიორის კიბეებზე ფეხით ასვლა, რომ მიმესწრო და საინფორმაციო გადაცემა წამეყვანა“, - ჯულიეტა ვაშაყმაძე.


ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 

„ვერ წარმომიდგენია, რომ წამეკითხა. იმას, რაც კადრში იყო სასაუბრო, ფურცლის გარეშე ვეუბნებოდი მაყურებელს. სულ, ბოლომდე, ყოველთვის...“ - ჯულიეტა ვაშაყმაძე.

ლია მიქაძე, ტელედიქტორი   

„ლია მიქაძე მაყურებელში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა, გარდა მხატვრული სახის გადაცემებისა, მას ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხშირად მიჰყავდა საზეიმო შეხვედრები თუ კონცერტები. ცნობილია, რომ ლია მიქაძით თავად ფიდელ კასტრო იყო მოხიბლული“.

ლია მიქაძე და ბარბარა ბრილსკა - პოლონელი კინომსახიობი


დონარა კინწურაშვილი – ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი, სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი  

დონარა კინწურაშვილი ტელევიზიაში 45 წლის მანძილზე მუშაობდა, მაგრამ როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, 2004 წელს სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ კომუნისტების დროს დიქტორი იყო.

 დონარა კინწურაშვილი

„დღევანდელი წამყვანებისგან განსხვავებით, ჩვენ ყოველმხრივ შეზღუდულები ვიყავით. საშინელი აპარატურა გვქონდა. რუსეთი რასაც გამოცვლიდა, იმას გვიგზავნიდა. ერთხელ, ცნობილი წამყვანები: ვალენტინა ლეონტიევა და ალექსანდრე (საშა) მასლიაკოვი ჩამოვიდნენ და უნდა ჩაგვეწერა გადაცემა: „ალო, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ (ეს გადაცემა ყოველთვის მასლიაკოვს მიჰყავდა). საშა რომ ჩამოვიდა და გადაცემის ჩაწერა დავიწყეთ, ხან ერთი კამერა ამოვარდა, ხან - მეორე. მაშინ ვიდეო არ იყო და ძალიან გავწვალდით, მაგრამ გადაცემა 6 საათში ჩავწერეთ. საშა მასლიაკოვი გაგიჟდა, როგორ მუშაობთო. სწორედ მაშინ თქვა საშამ: ქართველები, მართლაც, რომ სასწაული ხალხი ხართ“, - დონარა კინწურაშვილი.

 dავით სოკოლოვი, ტელე-რადიოწამყვანი

„მაშინ მაგიდასთანაც კი არ ვისხედით, ეთერი ფეხზე მდგომებს მიგვყავდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ტელევიზიაში ოდესმე მაგიდასთან დაჯდომას შევძლებდით, რადგან ამხელა ეკრანიდან მოსახლეობა გვიყურებდა და ცოტათი უხერხული იყო“, - დავით სოკოლოვი.

 დავით სოკოლოვი, ტელე-რადიოწამყვანი 

„ტელევიზიაში 17-18 საათი ვმუშაობდით. გადაცემები მაშინ ფუნიკულიორიდან მიგვყავდა. დაახლოებით, 40 კვ.მ სტუდია გვქონდა. ჩვენ თითქმის პირველები ვიყავით, ასე ვთქვათ, მაშინდელი ტელევიზიის სახეები. მაშინ იქ მოხვედრა ყველას ოცნება იყო. ნელ-ნელა შესანიშნავი კოლექტივი ჩამოყალიბდა, როგორებიც არიან ჟანეტა არჩვაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, კაკო ძიძიგური და ა.შ. ახლა არ მეგულება, რომელიმე ტელევიზიაში ასეთი პროფესიონალური კოლექტივი რომ იყოს. ახლა შეიძლება იტრაბახონ, რომ ტექნიკა აქვთ, თორემ შემოქმედებითად დატვირთული ადრეულ წლებში უფრო იყო“, - დავით სოკოლოვი.

 ჟანეტა არჩვაძე, ერთ-ერთი პირველი ქართველი ტელედიქტორი, საქართველოს სახალხო არტისტი 

„რა თქმა უნდა, ცენზურა იყო. იმ ტექსტს, რომელსაც ჩვენ ვკითხულობდით, ჯერ მთავარი რედაქტორი კითხულობდა, მერე კი მისი თავმჯდომარე. მაგრამ რაც ქვეყანაში ხდებოდა, იმ მოვლენებს ავსახავდით. საინფორმაციო პროგრამის გარდა, მხატვრული, სამეცნიერო და საბავშვო გადაცემები მიმყავდა. ეს გადაცემები საშუალებას მაძლევდა, როგორც მსახიობს, ჩემი სამსახიობო სურვილი დამეკმაყოფილებინა“, - ჟანეტა არჩვაძე.

 ჟანეტა არჩვაძე, ერთ-ერთი პირველი ქართველი ტელედიქტორი, საქართველოს სახალხო არტისტი 

„ჩვენ დროს არ იყო ჩაცმის ასეთი არჩევანი, ძალიან სადად ვიცვამდით. ჩვენ თვითონ ვცდილობდით, ეკრანზე ლამაზად გამოვსულიყავით. თუმცა, ვერც მუხლებს გამოვაჩენდით და ვერც დეკოლტეს ჩავიცვამდით. ერთხელ, ჩემს კოლეგას შურიკო მაჭავარიანს ოდნავ ამოჭრილი კაბა ეცვა, თავმჯდომარემ გააფრთხილა: შემდეგ კადრში ამ კაბაში აღარ გნახოო. ეკრანზე ზედმეტი თავისუფლება არ შეიძლება, თუმცა, გადაცემასაც გააჩნია“, - ჟანეტა არჩვაძე.

 

ტელევიზიის პირველი დიქტორი და იოსებ ნონეშვილის მუზა ალექსანდრა ლელუაშვილი-მაჭავარიანი 
„ერთხელ, მამია ხატელიშვილმა მკითხა: შურიკო, იოსებ ნონეშვილის იუბილეზე რატომ არ იყავიო? გამიკვირდა, იმდენ ხალხში ჩემი არყოფნა როგორ შენიშნე-მეთქი? მიპასუხა: შენ იქ უნდა ყოფილიყავი, რადგან ყველა კარგი ლექსი შენთვის ჰქონდა მოძღვნილიო. მაგალითად: შენ არა გაქვს მეფის გვარი, ფრთაფარფატა თოლია. მაშ, თვალები თამარ ქალის რატომ გამოგყოლია?“ 

ოთარ სეფიაშვილი, კინომცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ილუზიონის“ ავტორი და წამყვანი

„რომ გითხრათ, უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა-მეთქი ეს პროგრამა, არ ვიქნები გულწრფელი. ხელისუფლებასთან ძალიან დიდი კონფლიქტები მქონდა. რამდენჯერმე დახურეს კიდეც გადაცემა, მაგრამ დახურვამ ყველაზე დიდხანს გასტანა ორი კვირა, იმიტომ, რომ წამოვიდა მაყურებლის ზღვა წერილები არა მარტო ჩვენთან, არამედ ცენტრალურ ტელევიზიაში. იმ დროს, როცა ცენტრალურ ტელევიზიას ცეცხლივით ეშინოდა ამ გადაცემის ხსენების“, - ოთარ სეფიაშვილი.

ნუგზარ ჯუღელი - მსახიობი და კომენტატორი

„ეროსი მანჯგალაძესთან ვმეგობრობდი და იმ პერიოდში, ხმით ეროსის ვბაძავდი. ამბობდნენ კიდეც, ხმით ჰგავხართ ერთმანეთსო. მოკლედ, ერთ დღეს, საქეიფოდ რესტორანში წავედით – მე, კახი კავსაძე, სოსო ლაღიძე და რეზო ჩხაიძე. სუფრასთან ვბჭობთ, რა ავიღოთ, თან ხმამაღლა ვლაპარაკობთ. უცებ გაიღო კარი და ოფიციანტს წამოკიდებული აქვს ზურგზე ერთი ყუთი ღვინო. გაგვიკვირდა. დადო ყუთი და გვითხრა, ეს ეროსი მანჯგალაძეს გამოუგზავნეს გვერდითა კუპედანო. გავისუსეთ, მადლობა გადავუხადეთ. დავიწყეთ სმა, შევედით ქეიფის ეშხში. გავიხედეთ, იღება კარი და შემოდიან ნასვამი კაცები. ერთ-ერთი ამბობს, თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო, მე გამოვუგზავნე ეროსის ღვინო, მისი ხმა ისმოდა ჩვენთან, აბა, სად არისო. რაღას ვიზამდით, ვაღიარეთ, ეროსი არ არის აქ. თან, რომ არ „გავყიდულიყავით“, ვთქვით, ვითომ მე ვიყავი მისი შვილი და ამიტომაც ვგავდი ხმით“, - ნუგზარ ჯუღელი. 

ჯამლეტ ხუხაშვილი - სპორტული კომენტატორი და ნუგზარ ჯუღელი - მსახიობი და კომენტატორი


ჟურნალისტი და დიქტორი მანანა მაჩაბელი


 

funtime.ge