"სტერეოტიპებს მიღმა" - "ცოდვა და ხელოვნება"
ავტორი: დაჩი მეჯიდი; ოზურგეთი; ნატანები;
"სტერეოტიპებს მიღმა" - "ცოდვა და ხელოვნება"

ერთი შეხედვით, ცოდვა გამორიცხავს ყოველგვარ სილამაზეს, სიკეთსა და სარგებელს. ამ ფუნციქციათა მატარებლად ხშირად კულტურა გვევლინება, თუმცა ის უმეტესად შეიცავს ამორალურ ელემენტებს. აქ უნდა შევჩერდეთ, რადგან ეს გზა მრავალ შარაგზად იტოტება. ცალ მხარეს ვხდებით უზნეობის ესთეტიზაციას, მეორე მხარეს ბოროტების დაუფარავ განდიდებას, მესამე შარაგზას მივყავართ მწირი ვნებების ერთი „ამაღლებულით“ ჩანაცვლებისკენ, მეოთხეს ცოდვის ენერგიის აკუმულირების მცდელობას სასიკეთო საქმიანობისთვის, მეხუთეს საერთოდ არსადაც არ მივყავართ, მეექვსე თავის მხრივ კიდევ უსასრულოდ იტოტება, ხოლო მეშვიდეს დიდი ხანია ავცდით, ჭეშმარიტ ხელოვნებას. კიდევ ერთ დეტალი: უნდა ვიცოდეთ, რომ საბოლოოდ ექვსივე გზა ერთიანდება საბოლოო დანიშნულების წერტილთან და ფინალამდეც მჭიდრო კავშირი აქვთ.
მას შემდეგ რაც საკუთარი უუნარობით თვითშთაგონებული ადამიანი აღიარებს ბრძოლის უაზრობას მას ორი ვარიანტი რჩება: პირველი მის სრულ პარალიზებას იწვევს, ასოციალურობა, დეპრესია და იმედგამოცლილი თვალები. თვითგაუცხოება, უმოტივაციო და უაზრო სიცოცხლე სიცოცხლის გარეშე. მეროე ვარიანტი ერთი შეხედვით ახალ სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანს, ის აქტიურდება, დინამიურია და თითქოს არაფრის ეშინია. შიში მისი მთავარი მეტოქეა, რომელის დამარცხება თითქოსდა ბედნიერებას მოუტანს. მაგრამ სინამდვილეში ეს იყო შიში შემდეგი ფორმულირებით: „ნუთუ უაზრობა, რომელშიც ვცხოვრობდი უბრალოდ შეიცვალა მეორე უაზრობით, რომელშიც ახლა ვიმყოფები?“. ადამიანი კი დაღლილია, აღარ სურს ამდენი ფიქრი და გადაწყვეტს უბრალო მიყვეს დინებებს და დაიჯეროს, რომ ყველაფერი მშვენიერების ნაწილია, რომ თვით ცოდვაც კი რაღაც მხრივ, ხელოვნებაა, რადგან საამო და ხშირად ორიგინალურია. საბოლოოდ ამორალიზმის ესთეტიზაციით ქრება ღირებულებები და მათ ადგილს იკავებს( იმავე სახელწოდებით) ანტიფასეულობები. მაგრამ ამაზე აღარავინ ფიქრობს. ფიქრი ბადებს ეჭვს, ეჭვი კი შიშს. ვის სჭირდება ეს? უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ მრავალ ქვეყანაში ტრადიციის, ფოლკლორის და მენტალიტეტის დონეზეა დემონიზმი ესთეტიზირებული. ეს ყოველივე თავისთავადი კატალიზატორია ინდივიდის დეგრადაციისთვის. შესაძლებელია, იაპონიის მაგალითი მოვიყვანოთ; ყოველთვის, როცა ამ ქვეყნის კულტურას, სოციალურ გარემოს ან თუნდაც მხოლოდ ზოგიერთ მწერალთა მოთხრობებს ვეცნობი ყოველი წინადადების გასწვრივ ჯადოსნური არსებები დაფრინავენ. აკუტაგავას „ღმერთების ჩაცინებაში“ ეს მომენტი მკაფიოდაა აღწერილი. ყველა ამ დემონური კულტურის ძაბრშია. მეტისმეტი ღირსება სიამაყეში გადაიზრდება ხოლმე. აქ შემდეგ სიმართლის ინდივიდუალიზაციის სირთულეს ვაწყდებით. ერთი ქვეყნისთვის მისაღები ფენომენები სხვებისთვის მიუღებელია. ჩემი აზრით, არსებობს აბსოლუტური სიმართლე, უნივერსალური ჭეშმარიტება. ამ შემთხვევაში უფრო მეტ სირთულეს წავაწდებით, რადგან სრულყოფილ ფორმას ვერცერთი სახელმწიფო ვერ იცავს. ასეც უნდა იყოს, იდეალური მიუღწეველია. შემდგომი საკითხზე გადასვლამდე რამდენიმე სიტყვით მინდოდა მესაუბრა დემონიზმის დაფარულ თაყვანისცემაზე ხელოვნებაში. საკრალური მნიშვნელობის მქონე საგნები ყოველთვის მორიდების გრძნობას იწვევდა საზოგადოებაში. შედარებით მკვეთრად იყო გამიჯნული კარგი და ცუდი. ჩვენს ეპოქაში კი პოლუსები ერთმანეთისკენ არის მიმართული. რთული ხდება იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ნაწარმოები ჭეშმარიტი ხელოვნების ღირებულებებს. ხშირად კომპრომისებზე მივდივართ ზნეობასთან. ნაწილობრივ ვცოდავთ, ვითომდაც უმაღლესი მიზნის მისაღწევად. შესაძლებელია ვუყუროთ მკრეხელურ კადრებს, რათა დავეწაფოთ არაამქვეყნიურ პოეზიასა და მუსიკას. David Bowie – Blackstar. ბოუის ამ ბოლოს წინა ათწუთიან კლიპში თავდაპირველად შესაძლოა დეტალები გაუაზრებელი დაგვრჩეს, ისევე როგორც „ლაზარეში“. პირველივე უცხოდ მჟღერ სიტყვებში ისმის დემონ ორმენის სახელი. იკვეთება აშკარა ოკულტური სცენები, ევანგელისტების პაროდირება. საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ისეა შემოთავაზებული, ისეთი დახვეწილობით, რომ ალბათ სულელად იგრძნობ თავს, თუ კი იტყვი, რომ მუსიკალურ-სინემატოგრაფიული შედევრი შეიძლება ცოდვის განდიდება იყოს. განსაკუთრებით რთული საყურებელია (ესთეტიურადაც) ჯვარცმის პაროდირების სცენა სიმინდის ყანაში. ერთი სიტყვით, კლიპი ყოველ მხრივ შედევრია, მაგრამ აქვს კი მას გამართლება? შეიძლება თუ არა სიწმინდის უარყოფით, აკრძალული ილეთების გამოყენებით შექმნა დიადი?
ამორალიზმის ესთეტიზაციისას ჰუმანური იერითა და ლიბერალური ტონით ვამბობთ, რომ ყველაფერი დასაშვებია და ეს არის აბსოლუტური სიკეთე. მაგრამ ამ დინებას მივყავართ იმ უკიდურესობამდე, რასაც ჰქვია ბოროტების დაუფარი განდიდება, მე ვიტყოდი - სატანიზმი. შესაძლებელია გონიერი ადამიანი მიხვდა, რომ არ შეიძლება შავს თეთრი დაარქვა და სიწმინდის ძიების მაგივრად შავის თაყვანისცემა დაიწყო ზედმეტი იარლიყების გარეშე. რაღაც მხრივ, ღირსეულ საქცილედაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რამეთუ დაფარულ ბოროტება უფრო საშიშია, ვიდრე დაუფარავი. თუმცა ორივე შემთხვევაში იგრძნობა დაცინვა. შეიძლება ითქვას, ბოროტმადიდებელი მეტად თავისუფალიც კია ნებაყოფლობითი მონობის აღიარებით, ვიდრე ისინი, ვინც მონობას და საკუთარ უღელს არ აღიარებს. მაგრამ ფაქტია, მეორე გზაზე მოსეირნეები რთული საყურებლები არიან. იქ ბნელა, იქ ისმის სიცილი, ქრის მძიმე მხუთავი ქარი და იგრძნობა დემონური თვითკმაყოფილება. უნდა ვაღიაროთ, რომ დემონიზმი აშკარა მომხიბლაობით, მომნუსხველობით ხასიათდება. მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით გერმანიასა და ამერიკაში ახალგაზრდები ინტერსდებიან დემონური კულტებით. როდესაც გაოცებისგან ეკითხებიან, თუ იციან, რა საფრთხე ელით ან საერთოდ ვისთან აქვთ შეხება ისინი აღტაცებით პასუხობენ, რომ გათვიცნობიერებულები არიან და მოწონთ. შარაგზის ეს ნაირსახეობა ნაკლებად პოპულარულია ხელოვნებაში, რადგან მეტისმეტად პირდაპირ გადმოსცემს აზრს.
მესამე შარაგზაზე მოსიარულეები უნაკლოდ გამოიყურებიან ხოლმე. ისინი საკმაოდ მიზანდასახული, ბრძოლისათვის საკმარისი ნებისყოფის მქონე ადამიანები არიან. ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანები ხედავდნენ საკუთარ ნაკლოვანებებს და ზედმეტად მარტივი გამოსავალი იპოვეს; ყველაფერი გადაფარეს ერთი გამორჩეულად საყვარელი ვნებით. ასე ვთქვათ ყველა წვრილი კერპი დაამსხვრიეს და ერთი აღმართეს. თავიდან ამ ფავორიტ ვნებას გამოუსწორებელ სისუსტეს ეძახიან, ხოლო შემდგომში მომატებულ სიყვარულთან ერთად მას ამართლებენ, საბოლოოდ კი ვიღებთ ხელოვნების კონკრეტული დინების მქონე ნაირსახეობებს. დავუშვათ ავხორცი ცდილობს პორნოგრაფიის ესთეტიზაციას. ისინი ამბობენ, რომ ორი სხეული ერთ მთელის მომენტი არის მშვენიერი. ამაზე არავინ დაობს. მეტიც, სექსუალური აქტი საკრალურიც კია. საკრალიზმი კი მესმის, როგორც რაღაც დაფარული, იდუმალი და წმინდა. თუ კი ერთ-ერთი ამ დამახასიათებელ ნიშანთაგანი ამოვარდა მშვენიერებაში ჰარმონია ირღვევა. საინტერესო მომენტი ისაა, რომ არაჰარმონიული აქტები (ნებისმიერ სფეროში) ფსიქიკურ აშლილობების მიზეზია. ადამიაინს სურვილები მახინჯდება, მახინჯდება იმიტომ, რომ აშკარად ვერ დაკმაყოფილდა, რაღაც დააკლდა. დააკლდა წესრიგი, ხოლო ამ ქაოსის გადაფარვას უფრო მეტი ქაოსით ცდილობენ.
სიკეთეს ვერ ექნება ბოროტი საწყისი. ავგარეული სიკეთენარევი ბოროტება იქნება. ცოდვა ტკბილია - ეს არის მიზეზი, რომ ყველანაირად ვამართლებთ, ვიცავთ და მნიშვნელობასაც კი ვუცვლით მას. ზოგიერთი მიდის ეგრეთ წოდებულ „მსხვერპლშეწირვაზე“. ისინი დაუფარავად მიდიან ყველაზე სახიფათო ჯურღმულებში, ეცნობიან ყველაზე საზიანო სულისთვის მომაკვდინებელ საქმიანობებს, რათა ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ გაგვაფრთხილონ. რაღაც მხრივ, კეთილშობილურად ჟღერს: „დიახ, მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრა ეს გზა ჩემი წყევლაა და ერთადერთი სიკეთე, რისი გაკეთებაც შემიძლია თქვენი გაფრთხილებაა, რომ არ მოიქცეთ ისევე, როგორც მე“. სინამდვილეში ასეთი ადამიანები უდიდეს შინაგან სიამოვნებას იღებენ ტკბილი ტკივილისგან. ისინი ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ. ერთ მხარეს დაეწაფონ ცოდვის ყოველგვარ ნაირსახეობას, შემდეგ კი გამაფრთხილებელი ტონითა და მრავალი ძახილის ნიშანით დაგვმოძღვრონ, დაგვაფრთხონ. ისინი არტისტები არიან და ესეც ერთგვარი ხელოვნებაა.
მეხუთე გზას არსად მივყავართ. სიცარიელე.
მეექვსე ქაოსის სამფლობელოა. აქ ნებისმიერ გააზრებულ და გაუზრებელ ქმედებას მნიშვნელობას ანიჭებენ. ყველაფერი ერთად იყრის თავს. შესაძლებელია ზნეობრივი ახალი ინტერპრეტაციით გააუფასურონ.
ცხადია, ხელოვნების გაგება დღესდღეობით იმდენად ვრცელია, რომ შეუძლებელია მისი დაყვანა აბსოლუტურ ზნეობრიობამდე. ამის გარჩევის ამბიცია მე არ მამოძრავებს. მე უბრალოდ მაინტერესებს რა ფუნქციები არის მისაღები და მიუღებელი ხელოვნების ნიმუშისთვის. შესაძლებელია თუ არა მისი გათავისუფლება ცოდვისგან? ხელოვნება ზეცის მიწიერი იმიტაციაა.
მე უკვე ვთქვი, რომ არსებობს სხვა, მეშვიდე გზა. სიმართლე გითხრათ, მეც მაინტერესებს სად არის ის. არსებობს კი? იქნებ მხოლოდ იდეით უნდა დავტკბეთ?
ხშირად პასუხებზე მნიშვნელოვანი ახალი კითხვებია.

დაჩი მეჯიდი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; ნატანები; შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

'.$TEXT['print'].'