ოზურგეთში ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის, ,,გურია“-ს ვარსკვლავი გაიხსნა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის, ,,გურია“-ს ვარსკვლავი გაიხსნა

დღეს ქალაქ ოზურგეთში ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის, ,,გურია“-ს ვარსკვლავი გაიხსნა. საზეიმო კონცერტი ანსამბლის დამფუძნებლის, ჯუმბერ დუნდუას 75 წლის , ანსამბლ ,,მეგობრობა“-ს 40 წლის და ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის 30 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა. ღონისძიებას გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე, ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე, ქორეოგრაფიული კავშირის წარმომადგენლები, ანსამბლის აღზრდილები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

 

ანსამბლმა ,,გურია“ მაყურებელს საკონცერტო პროგრამა სრულად წარმოუდგინა. ღონისძიების დასასრულს ქორეოგრაფიული კავშირის წარმომადგენლებმა ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში ჯუმბერ დუნდუას წვლილსა და სახელმწიფო ანსამბლ ,,გურიას“ წარმატებულ მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე: ,, მოხარული ვარ, რომ ჩვენი თეატრის თაღებში კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა. ,,გურია“, თავისი მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობით, ნამდვილად იმსახურებს ვარსკვლავს. ‘’გურია’’-მ არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოცეკვავე გაზარდა, რომლებიც დღეს ანსამბლებში ,,სუხიშვილები“ და ,,ერისიონი“ აგრძელებენ მოღვაწეობას. ვულოცავ ჩვენს საამაყო ანსამბლს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებ.“

უჩა დვალიშვილი, ქორეოგრაფი: ‘’ანსამბლს განსაკუთრებული ხელწერა აქვს , ,,გურია’-ს’ ჯუმბერ დუნდუას სახით ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული ხელმძღვანელი ჰყავდა. ანსამბლი ნოვატორულ მიმართულებას ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში დღემდე აგრძელებს . ‘’გურია’’ ნამდვილად იმსახურებს ამ ვარსკვლავს“.

ვახტანგ სტურუა, ანსამბლ ,,გურია“-ს აღზრდილი: ,,ყველაზე ბედნიერი და საპასუხისმგებლო დღეა ჩემს ცხოვრებაში, 5 წლის ვიყავი, ანსამბლ ,,გურიაში“ რომ მივედი და ახლა უკვე ანსამბლ ,,ერისიონი“-ს მოცეკვავე ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ჯუმბერ დუნდუას იმ ღვაწლისთვის, რაც მან ჩვენთვის და ზოგადად, ანსამბლის განვითარებისათვის გასწია“.

 ნათია დუნდუა, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი: ,, ანსამბლისა და ჩვენი ოჯახისათვის უმნიშვნელოვანესი დღეა. მამაჩემის შრომა კიდევ ერთხელ დაფასდა. მან მთელი თავისი ცხოვრება ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებას შესწირა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა დღევანდელი დღის ორგანიზებაში“.

 

ქართული-ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ ,,გურიას“ ვარსკვლავი ქალაქ ოზურგეთის დრამატული თეატრის ფოიეში, მისი დამფუძნებლის ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავის გვერდით განთავსდა. ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სტუმრებმა ქალაქ ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში გადაინაცვლეს, სადაც ჯუმბერ დუნდუას შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი.

'.$TEXT['print'].'