"მოიდანახე" შესრულება გია და გოგი ბეშიტაიშვილების, ლექსი ხუტა გაგუასი
ავტორი: გურიის მოამბე
"მოიდანახე" შესრულება გია და გოგი ბეშიტაიშვილების, ლექსი ხუტა გაგუასი

  გასული საუკუნის 80-იანი წლები; ოზურგეთი; რაიკომის პირველი მდივნის, ოთარ თენიეშვილის ზეობის ხანა.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ პერიოდში გურიის ყოფილი სატახტო ქალაქი უამრავი მიმართულებით მაშინდელი პერიოდისათვის უჩვეულო გზას ადგა. "ღამის კლუბები" "ვარიეტე", მუზეუმები და სახლ მუზეუმები, საბჭოთა საფეხბურთო ელიტისაკენ მიმავალი ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი, ჩუმი საუბრები კორუფციასა და პირველი პირის სასიყვარულო ისტორიებზე... "აბბასა" და "ბონიემში" ჩაკარგული ახალგაზრდობის დიდი ნაწილი,  "ზეპელინსა" და "ფარფლებში" მთვლემარე "პლანაქეშები".
  "ორერასა" და 'ივერიას" შებერებული საშუალო და მეტი ასაკის ადამიანები, აქა იქ "ვია-75"-ის ფანები.. და..
  თენიეშვილის მოწვევით, გურიას სულ რაღაც ერთკვირიანი ტურნეთი გია ბეშიტაიშვილის ბენდი ესტუმრა.
  ერთკვირიანმა კონცერტებმა ადგილობრივებზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა... მათი "მოიდანახე" კი ერთგვარ "ჰიტად" იქცა.
  ამ ბიჭებმა თავისი ერთკვირიანი კონცერტებით მთელი ქალაქი მოსწყვიტეს "სხვა ორბიტას" და მინიმუმ მომდევნო ორი - სამი წელი ოზურგეთში, "ბეშიტაიშვილების" ხანა იდგა.

 

(მოსასმენათ დააწკაპეთ სურათს)


  გია ბეშიტაიშვილი; მოსკოვში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, დაიბადა ოზურგეთში, მოსკოვის კონსერვატორიის დასრულების შემდეგ იქვე დარჩა და ჩამოაყალიბა ინსტრუმენტული ბენდი - გია ბეშიტაიშვილი – ვოკალი; გოგი ბეშიტაიშვილი – ვოკალი; ია ბეშიტაიშვილი – ვოკალი; ხუტა გაგუა – ტექსტები; ინსტრუმენტული ბენდი გ. ბეშიტაიშვილის ხელმძღვანელობით.
დაბადების ადგილი: გულრიფშის რაიონი, სოფელი ბაბუშარა. 10 აგვისტო; 1935; დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი კურსები 1963 წელს. 1974–1976წწ. იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, სსრკ მწერალთა კავშირის ქართული ლიტერატურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის სამდივნოს კონსულტანტი.
  "საოცარია, თუ როგორ სდუმს ინტერნეტ სივრცე შემსრულებლებზე, ვინც არცთუისე დიდი ხნის წინ მოღვაწეობდნენ და რეგულარულად ალბომებსაც უშვებდნენ. Google-ში რომ „გია ბეშიტაიშვილი“ მოძებნოთ, ვერ მიიღებთ აბსოლუტურად ვერანაირ (!) ინფორმაციას. არადა მართლაც გაუგებარია, როგორ ვერ დატოვა ასეთმა ორიგინალურმა შემსრულებელმა მაშინდელ მსმენელზე თუნდაც რაიმე კვალი.
კარგით, მაშინ მასზე ის მწირი ინფორმაცია ამოვკრიფოთ, რასაც მისი ფირფიტების უკანა ყდაზე გვიწერენ. იგი მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, ძალიან ლამაზი საოპერო ტენორით, მაგრამ მან კლასიკას საესტრადო მოღვაწეობა არჩია. ოთხმოციანების შუაში, თავის ძმასთან ერთად გამოუშვა რამდენიმე EP და ერთი სრულმეტრაჟიანი ფირფიტა, სადაც უცხოური სერენადების პოპ-ვერსიები ანდაც უბრალოდ მარტივი პოპ სიმღერები იყო.
დეკადის მეორე ნახევარში მისი შემოქმედება უფრო საინტერესო გახდა. მან დაიწყო თანამშრომლობა პოეტ ხუტა გაგუასთან და მის ლექსებზე დაწერილი სიმღერებით მან ორი ალბომი „ბედი“ და „მოიდანახე“ გამოსცა. თუ მათ პირველ, ძალიან არათანაბარ ალბომში მუსიკალური მიდგომა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული (რთულ, მრავალთემიან სიმღერებთან ერთად გვხვდებოდა ძალიან სუსტი პოპ-სიმღერებიც), „მოიდანახე“-ში უკვე იგრძნობა ის მიმართულება, რაც ამ დუეტის შემოქმედებას მაშინდელი ქართული მუსიკისაგან ცალკე აყენებს.
მართალი რომ გითხრათ, „მოიდანახე“ სტილის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ალბომია, რაც კი ოდესმე მომისმენია. ძალიან მეძნელება ამ ალბომის აღწერა; წარმოიდგინეთ, რომ Midge Ure-ს მაგივრად Ultravox-ში Roy Orbison-ს ემღერა და ერთად არტ-როკული წიაღსვლები გადაეწყვიტათ. ტექსტებში უმეტესად პატრიოტულ-ფოლკლორული თემები და მაჟორულ და მინორულ სიმღერებს შორის დიდი ემოციური განსხვავება კიდევ უფრო ამძაფრებს მუსიკალურ კონტრასტებს.
  ალბომის არანჟირება იმ პერიოდის ქართულ მუსიკაში, ალბათ საუკეთესოა – ძალიან ლამაზადაა დასმული სინთეზატორული ჟღერადობა; შედარებით მსუბუქ, მაჟორულ სიმღერებს („პეპელა“, „მუსიკა“) ჟღერადობა თითქმის იდილიურ განწყობას სძენს, მაგრამ ალბომის უფრო ფასეული მხარე ლამაზი, სევდიანი სიმღერებია, სადაც ჭკვიანური არანჟირებით დიდი სივრცის მქონე, პირქუში ატმოსფერო იქმნება. „ნანაია“ და ხანგრძლივი „მოიდანახე“ საქსოფონის ინსტრუმენტული პასაჟებითაა გალამაზებული, მაგრამ ჩემი აზრით, აქ საუკეთესო სიმღერა „მთვარიანი ხეივანი“-ა, სადაც ძალიან ემოციური საოპერო ვოკალი და მოულოდნელი new wave დინამიკა დამანგრეველ კომბინაციას ჰქმნის.
აქ არის სუსტი წერტილებიც („ჩიტი“). მაგრამ მთლიანობაში ალბომი იმდენად საინტერესო და ხალასია, რომ გაუგებარია, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომღერალი ამ ალბომის შემდეგ ასე უგზო-უკვლოდ გამქრალიყო. როგორც სჩანს ის შიგადაშიგ აგრძელებს თავის მუსიკალურ საქმიანობას (მაგალითად, რამდენიმე წლის წინ თამარა გვერწითელთან ერთად იმღერა ერთი სიმღერა).
  ამ ალბომის მოსმენას კი ვურჩევ ყველას – ალბათ ამაზე ეკლექტიკური ცოტა რამე გექნებათ მოსმენილი"-წერს GeorgianMusicBlog-ი.

პეპელა

'.$TEXT['print'].'