NOKIA ნოსტალგიის მოყვარულთათვის
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე
NOKIA ნოსტალგიის მოყვარულთათვის

ვინც 2000-იანების მობილურების ეპოქას "შეესწრო", ყველას კარგად ახსოვთ ნოკია 3310, საზოგადოებაში ცნობილი როგორც: პალო, ჩაქუჩი, ნიგოზის სატეხი, "დუბინკა" და სხვა. ბევრისთვის საოცნებო და საამაყო აპარატი, მობილური, რომელსაც ანტენა ჩაშენებული ჰქონდა (სხვა იმ დროის მობილურებთან შედარებით, რომლებსაც ლამის ნახევარმეტრიანი ანტენები ჰქონდათ ამოშვერილი) და ამასთანავე "ბორტზე" ლეგენდარული თამაში "გველი" იყო. მობილური, რომელიც ერთი დატენვიდან მეორემდე, უამრავ დროს სძლებდა (ლამის უსასრულობას) და ამავდროულად ქვასავით გამძლეც გახლდათ. უდავოა, ეს იყო ნოკიას ყველაზე პოპულარული აპარატი. მას შემდეგ კი 17 წელი გავიდა და უეცრად, კომპანია HMD-ემ (რომელშიც შედის ნოკია), გადაწყვიტა "ძველი" მომხმარებლების ნოსტალგიაზე ითამაშოს და მომხმარებლებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, განახლებული 3310 შესთავაზა.
განახლებული 3310 საუბრის რეჟიმში 22 საათს სძლებს, ლოდინის რეჟიმში კი - მოემზადეთ - ერთ თვეს (!!!), დიახ, ერთ თვეს! აპარატს ფერადი 2.4 დიუმიანი ეკრანი აქვს (320x240 გარჩევადობით), 2 მეგაპიქსელიანი კამერა, ხელმისაწვდომი იქნება ერთ და ორ სიმიანი ვერსიები, ოთხი ფერის კორპუსებით, ასევე მას ამშვენებენ "გველი" და საფირმო რინგტონები. თავისი წინაპრისგან განსხვავებით, ის უფრო თხელი და მსუბუქია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განახლებულ ვერსიაში, წინაპრის "წაკვერცხილ" ღილაკებს ფორმა არ შეუცლიათ და ყველანი ისევე ისე გაახარებენ მომხმარებლებს, როგორც თავის დროზე.
ეს სიამოვნება და ნოსტალგიის მორევში თავით გადაშვება, მომხმარებლებს 49 ევრო დაუჯდებათ (ჩვენთან, როგორც წესი უფრო მეტი).
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყია, წელს, Lenovo-ც (რომელსაც ეკუთვნის Motorola) აპირებს "მკვდრის გაცოცხლებას", არანაკლებად ლეგენდარული RAZR V3-ის სახით!

'.$TEXT['print'].'