ოზურგეთში ხელისუფლებამ "განსხვავებულ აზრზე" ნადირობა დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ხელისუფლებამ "განსხვავებულ აზრზე" ნადირობა დაიწყო

განსხვავებული აზრის გამო ოზურგეთში სამსახურიდან კიდევ ერთი საჯარო მოხელე გაანთავისუფლეს

გურიის მხარის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმ ნაკრძალის კურატორი, ნინო ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ ის აღნიშნული სამსახურიდან განსხვავებული აზრის გამო დაითხოვეს.

მისივე თქმით, მან სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში ხელისუფლება რამდენჯერმე გააკრიტიკა, რასაც უმალ მოყვა მისი ხელმძღვანელობის მხრიდან შენიშვნები და მუქარა:

"1 მარტს ჩემს მეუღლეს, კონსტანტინე თოდრაძეს ანთავისუფლებენ სამსახურიდან (პროფესიით ფერმწერი-პედაგოგის აკადემიური ხარისხით), ხოლო 1 აპრილს მე(პროფესიით ხელოვნების მენეჯერს,20 წლიანი გამოცდილებით, სხვადასხვა პროექტების ავტორს და კოორდინატორს ), გაუგებარი და აბსურდული მიზეზებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. როგორც ჩემი, ასევე ჩემი მეუღლის შემთხვევაშიც ,აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელებისაგან მხოლოდ ერთი ვიცით -  ავალებენ!!!
ახლა კი მხოლოდ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს-რას უნდა ველოდო 1 მაისს???-ჩემს 8 წლის შვილსაც დაითხოვენ სკოლიდან?!......"- წერს ბურჭულაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნინო ბურჭულაძის განთავისუფლების მიზეზი მისი მეუღლის საქციელი გახდა, რომელიც, იყო რა ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილე, არ დაესწრო ოზურგეთის მერი კუთვნილ სარიტუალო სახლში გამართულ ოფიციალურ ბანკეტს და მასში არც შესაბამისი საფასური - 50 ლარი გადაიხადა.

ამისათვის, ქალაქის მერის არაოფიციალური მითითებით, სამსახურიდან ჯერ ნინო ბურჭულაძის მეუღლე დაითხოვეს, შემდეგ კი თავად ბურჭულაძე.

მეორე ვერსიით კი განთავისუფლების მიზეზი მერის კარიკატურა გახდა, რომლის ავტორიც მხატვარი კონსტანტინე თიდრაძეა (ნინო ბურჭულაძის მეუღლე)-ეს კარიკატურა გაზეთმა "გურიის მოამბე" გაავრცელა.

აი, რატომ გამიშვა სამსახურიდან ოზურგეთის მერმა - სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილე

ავტორი: გურიის მოამბე

აი, რატომ გამიშვა სამსახურიდან ოზურგეთის მერმა- სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილე

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის მითითებით, ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილე, კოტე თოდრაძე სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

თოდრაძე ქალაქ ოზურგეთის მერს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ის უკანონოდ გაანთავისუფლეს, რის გამოც, ამ დღეებში, ოზურგეთის სასამართლოს, სარჩელით მიმართავს.

"გურიის მოამბე" დაუკავშირდა კოტე თოდრაძეს და მომხდარზე კომენტარი სთხოვა:

"ჩემი განთავისუფლების რეალური საფუძველი გახლავთ ის, რომ მე მიუღებელი პიროვნება ვარ ოზურგეთის მერისათვის შემდეგი გარემოებების გამო: -

არ ვუჭერდი მხარს არც მას და არც მის წარმდგენ პოლიტიკურ ძალას არჩევნებზე, რასაც არც შემდგომში ვაპირებდი, რაც მერის ასევე სკოლის ხელმძღვანელობის აზრით არ იყო მართებული საქციელი ჩემი მხრიდან;

- ხელფასის სიმცირის და ჩემი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ ვახერხებდი დღესასწაულებზე თანხის დადებას, იმ მიზნით, რომ ბატონი მერის საკუთრებაში არსებულ რესტორანში წავსულიყავი;

- არ ვღებულობდი მონაწილებას არც მმართველი პოლიტიკური პარტიის და არც მერის პიარაქციებში.

განსაკუთრებით მისაყვედურეს იმისათვის, რომ 2017 წლის იანვრის თვეში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მონაწილება ვერ მივიღე მერის მიერ ორგანიზებულ აქციაში, რაც ითვალისწინებდა ქალაქ ოზურგეთის ქუჩების თოვლისაგან ხელით გაწმენდას.

- მთხოვდნენ სხვადასხვა სახის აბონემენტების ყიდვას და გაზეთების გამოწერას, რაზედაც უარს ვამბობდი ინტერესის არქონის ან/და უსახსრობის გამო.

- მთხოვდნენ ხელფასიდან ფულის ჩამოჭრას და რომელიღაც ფონდში ჩარიცხვას.

- ჩემმა 8 წლის შვილმა მისი შეგროვებული თანხა გადარიცხა ტვ რუსთავი 2-ის ფონდში რაც გაშუქდა პრესის საშუალებით, რაც ასევე მიუღებელი დარჩა მერისათვის.

მე, ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი სამსახურებრივად ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას და დღემდე ჩემი სამსახური და თანამდებობა საჭირო იყო ა(ა)იპ-ის ფუნქციონირებისათვის. რაც შეეხება ფულის დადებას ან ფიზიკური სამუშაოებზე უარის თქმას, მოგახსენებთ, რომ არ მქონდა ინტერესი, სახსრები ან/და ფიზიკური შესაძლებლობა, შემესრულებინა ხან თხოვნა და ხანაც მოთხოვნა.

ხელმძღავენელობა მეუბნებოდა, რომ მერი ყოველთვის ინტერესდებოდა იმ პირებით, რომლებიც რესტორანში წასასვლელ ფულს არ დებდა ან/და ვინც ფიზიკურ სამუშაოებზე უარს ამბობდა. მიმაჩნია, რომ ჩემი განთავისუფლებაც სწორედ ამიტომ მოხდა და აქ შტატების შემცირებაზე ან/და რეორგანიზაციაზე საუბარი ზედმეტია. შესაბამისად, ჩემი განთავისუფლება აშკარად დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს რის გათვალისწინებასაც ვთხოვ სასამართლოს"-გვითხრა თოდრაძემ.

სასამართლოში კონსტანტინე თოდრაძის ინტერესებს ადვოკატი კახა ჩავლეშვილი დაიცავს.

 

'.$TEXT['print'].'