გურიის პოლიციის მაღალჩინოსანმა საბილიარდოში ბავშვები და მოზარდები ცემა
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის პოლიციის მაღალჩინოსანმა საბილიარდოში ბავშვები და მოზარდები ცემა

გურიის პოლიციელებმა, მთ შორის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, ოზურგეთის საბილიარდოში ბავშვები და მოზარდები სცემეს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" დაზარალებულთა მშობლებმა აცნობეს.

მათივე განცხადებით, პოლიციის ხელმძღვანელს, რომელმაც საბილიარდოში მოზარდებს ცემა დაუწყო, პოლიციელები ეხმარებოდნენ.

ინცინდენტი ბილიარდის თამაშისას მოხდა, როცა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები მოზარდებს და საბილიარდოში მყოფებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. რამდენიმემ პასუხი გასცა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ისინი ცემეს, დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს საბაბით, თითქოსდა ეს ახალგაზრდები პოლიციელებს თავს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ.

როგორც დაკავებულთა დედები აცხადებენ, ახალგაზრდები ძლიერ ნაცემები არიან და მათ პოლიციის ხელმძღვანელი უშუალოდ ცემდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით მდინარაძემ "გურიის მოამბეს" განუცხადა, რომ ორი პოლიციელი იმყოფებოდა საავადმყოფოში და ისინი უკვე გაეწერნენ.

მშობლები აცხადებენ, რომ არავითარი დაზიანება პოლიციელებს არ მიუღიათ და მათი საავადმყოფოში გადაყვანა იმის გამო მოხდა, რომ სინამდვილე, მოზარდების ცემა გადაფარონ.

ჩვენ კომენტარისთვის შსს დავუკავშირდით, თუმცა პრეს სამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

'.$TEXT['print'].'