ბადურაშვილი ბედია ჯოხაძე - ოზურგეთს 26 მაისი 30 ათასი ლარი დაუჯდა
ავტორი: გურიის მოამბე
ბადურაშვილი ბედია ჯოხაძე - ოზურგეთს 26 მაისი 30 ათასი ლარი დაუჯდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესათან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიების ორგანიზებისათვის, 22 მაისს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბეგლარ სიორიძემ ორი ბრძანება გამოსცა:

პირველით-ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კულტურის ღონისძიებების დაფინანსების პროგრამიდან 21 065 ლარი გამოიყო.

მეორე-საქართველოს დამოუკიდებლობის დღესათან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიების  დასაფინანსებლად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან 9 906 ლარი გამოყო.

აღსანიშნავია, რომ, სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ხდება, მაგალითად სტიქიური უბედურებები, კონფლიქტები და ასე შემდეგ. საინტერესოა რა აუცილებლობით იყო განპირობებული 26 მაისის ღონისძიების  დასაფინანსებლად თანხების სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა.

ასევე საინტერესოა, რომ გამოყოფილი 31 ათასი ლარიდან  დაახლოებით 28 ათასი მომღერლებზე, სცენასა და მათ სასტუმროსა და კვების ხარჯებზე მოდის, ხოლო ყველა დანარჩენზე დარჩენილი 3 ათასი ლარი (აქ არ შედის ის ხარჯები (სამხედრო ტექნიკის ჩვენება), რომელიც ქვეყნის მთავრობამ ცენტრალური ბიუჯეტიდან გაიღო.

მაგალითისათვის: კონცერტში მონაწილეობისათვის ნინი ბადურაშვილმა 2 500 ლარი აიღო, სოფო ბედიამ 2 500 ლარი, ანრი ჯოხაძემ 2 500 ლარი, ხოლო "ალეგრომ" 3 500 ლარი.

კონცერტზე დამსწრეთა უმრავლესობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა მომღერალთა მწირი რეპერტუარის გამო, ხოლო იმ ფაქტმა, რომ ყველა მათგანი, მსმენელთა ვარაუდით, ე.წ. "პლიუს ფონოგრამათი" მღეროდნენ, ადგილობრივებმა პირად შეურაცხყოფად აღიქვეს.

საინტერესოა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მომღერლებისათვის სასტუმროსა და კვების ხარჯებისათვისაც გამოიყო ფინანსები, თუმცა ყველა მათგანი, კონცერტის დასრულებისას ადგილობრივ ჟურნალეისტებისათვის მიცემული ინტერვიუების დროს აცხადებდნენ, რომ მიემგზავრებოდნენ ბათუმში დაგეგმილ კონცერტზე (ოზურგეთში ფაქტიურად გზად შემოიარეს), და თავისთავად არა გვგონია ისინი კვებისა და სასტუმროსათვის ოზურგეთში ბათუმიდან მობრუნებულიყვნენ.

ხარჯთაღრიცხვიდან ირკვევა, რომ სცენისათვის 5 500 ლარი გამოიყო, გახმოვანებისათვის 3 500, ხოლო განათებისათვის ასევე 3 500 ლარი-როგორც იტყვიან - კომენტარი მკითხველისათვის მიგვინდია, რაც შეეხება ფეიერვერკს, მასში მერიამ 4 500 ლარი გადაიხადა.

თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ფეიერვერკი მნიშვნელოვნად დაჩრდილა რესტორან "ქალაქურის", იმდევანდელმა, მოქეიფე იუბილარისადმი "გაშვებულმა" ფეიერვერკმა, იქ შეკრებილი საზოგადოება კი, ქალაქ ოზურგეთის მერის შვილის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

 


'.$TEXT['print'].'