ველოსიპედის ქურდობის გამო ახალგაზრდა მამაკაცს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება
ავტორი: გურიის მოამბე
ველოსიპედის ქურდობის გამო ახალგაზრდა მამაკაცს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება

ოზურგეთში ველოსიპედის მოპარვის გამო 30 წლის მამაკაცს ასამართლებენ.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე გიორგი ზვიადაძე) ველოსიპედის ქურდობის საქმეზე სასმართლო განხილვა დღეს დაიწყო.

ხობის რაიონში მცხოვრები ი. კ-ს, ურეკის პოლიცია 150 ლარად შეფასებული ველოსიპედის ქურდობას ედავება. ი. კ-ს, ბრალი 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით წაუყენეს, რაც თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

როგორც ბრალდებული ჰყვება, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, დასვენების მიზნით მეგობრებთან ერთად დაბა ურეკში ჩავიდა. როგორც ბრალდებული თავად აცხადებს, 5 აგვისტოს საღამოს, იგი მეგობრებთან ერთად კაფეში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ქუჩაში ახალგაზრდა ქალბატონი შეამჩნია, რომელიც ბრალდებულმა კაფეში შეიპატიჟა. 

მისივე თქმით, რამდენიმე წუთის შემდეგ, კაფედან სიგარეტის მოსაწევად გამოვიდა, უკან შებრუნებულს კი, გოგონა მაგიდასთან აღარ დახვდა. ბრალდებულმა გადაწყვიტა  მას უკან გაჰყოლოდა. იქვე ახლოს  ველოსიპედი დაინახა და გოგონას დაედევნა. მალევე ველოსიპედის პატრონიც გამოჩნდა და შესაბამისად პოლიციას შეატყობინა მომხდარი ქურდობის შესახებ.  

მსჯავრდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, მას  ორი წლის წინ, ქალაქ ფოთში მოპედის მოპარვის მცდელობაც ჰქონდა.                                                                                                   

მიუხედავად იმისა რომ 2010 წლამდე  აღნიშნული სამართალდარღვევა არ მიიჩნეოდა მძიმე დანაშაულის კატეგორიად და კანონში გათვალისწინებული იყო მუხლი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ველოსიპედების და მოპედების) დროებითი სარგებლობის მიზნით გატაცება, რაც ითვალისწინებდა მხოლოდ ჯარიმის დაკისრებას, ან, გამოსასწორებელი სამუშაოების შესრულებას,დღეს ეს მუხლი გაუქმებულია და აღნიშნული  დანაშაული მძიმე დანაშაულის კატეგორიადა  მიჩნეული, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცს სავარაუდოდ 7 წლით პატიმრობა ემუქრება.

თამუნა გაფრინდაშვილი; სპეციალურად "გურიის მოამბისთვის" ოზურგეთის რაიონული სასამართლოდან.

აღნიშნული ფოტო კავშირში არ არის ინფორმაციასთან.

'.$TEXT['print'].'