პრემიერი: ჩვენ ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი
ავტორი: გურიის მოამბე
პრემიერი: ჩვენ ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი
ჩვენ აღარ ვიმღერებთ ”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ჩვენ ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდგორობის დღესასწაულზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს სიძლიერე, საუკუნეების წინაც და დღესაც, ერთიანობაშია. 

”დღეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და ძლიერების. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული და თანმიმდევრული შრომით და ჩვენ, ქართველებს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. მინდა საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით. საქართველო იქნება ძლიერი, ჩვენ აღარ ვიმღერებთ ”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დიდგორობის დღესასწაულის აღსანიშნავად, დიდგორის ველზე მოსახლეობა დილიდან იკრიბება. ადგილზე მიმდინარეობს თეატრალიზებული დადგმები, წარმოდგენილია ქართული კულტურისა და რეწვის ნიმუშები, ქართული ნატურალური პროდუქტი. დიდგორის ველზე მყოფ მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ ასევე ნახონ ქართული საბრძოლო ხელოვნება. 
http://www.interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'