"კვირაში ერთხელ თურაშაულის ვაშლები-ვენაცვალე ბატონი ჯეჯელავას მოფიქრებას"
ავტორი: გურიის მოამბე
"კვირაში ერთხელ თურაშაულის ვაშლები-ვენაცვალე ბატონი ჯეჯელავას მოფიქრებას"

თუ როგორ აფასებენ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ახალ ინიციატივას სკოლებში ვაშლების დარიგებასთან დაკავშირებით, ამ კითხვაზე საზოგადოების წარმომადგენლები პასუხობენ.

გია ბურჯანაძე (მსახიობი): "ამ კლოუნის განცხადებებს ვერანაირად ვერ შევაფასებ. ისე, კვირაში ერთხელ დარიგება რა არის, ყოველდღე რომ მისცენ, არ შეიძლება?! ძალიან სასაცილო კაცია, არ ვიცი, რა გითხრათ."

 რეზო მიშველაძე (მწერალი):"თუ სკოლა თავისი ინიციატივით კვირაში ერთხელ ბავშვებს ვაშლებს დაურიგებს, რასაკვირველია, ცუდი არ არის. მაგრამ საქმე ისაა, რომ მაშინ, როდესაც ჩვენს სკოლებში ბავშვებს არ აქვთ სამყოფი კომპიუტერი, სახელმძღვანელოები და რაც აქვთ, ისიც სავსეა უნიჭო, არაკომპეტენტური ავტორების მიერ შეკრებილი ნაწარმოებებით, მაშინ, როდესაც სკოლიდან იაკობ გოგებაშვილს ერეკებიან, მაშინ, როდესაც საქართველოში 9 კილომეტრის ფეხით გავლა უხდებათ ზოგიერთ რაიონში ბავშვებს, რომ სკოლაში მივიდნენ, აი, ამ დროს ვენაცვალე ბატონი ჯეჯელავას მოფიქრებას, რომ ჩვენს მოზარდებს საჩუქრად კვირაში ერთხელ თურაშაულის ვაშლები დაურიგდებათ.

"ისე, ვურჩევდი მას, რაკი მსოფლიოს არც ერთ სკოლაში ჯერჯერობით ვაშლის დარიგების პრაქტიკა დანერგილი არ არის, ვაშლთან ერთად შესვენების დროს პური და ყველიც მიეყოლებინათ - ეს ხუმრობით. სერიოზულად კი გეტყვით - ჯეჯელავამ, ჯობია, გამოძებნოს სახსრები, რომ ბავშვებს ზოგიერთი სახელმძღვანელო თუ არა, დედაენა მაინც დაურიგოს უფასოდ. თან მოიცალოს ერთი კვირა და ჩაიხედოს უფროსი კლასების ლიტერატურის სახელმძღვანელოებში, რა საშინელება ხდება."

განათლების სამინისტრო სკოლებში "ვაშლის დარიგების" კამპანიას იწყებს. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, ვაშლის დარიგების კამპანია შემოდგომიდან თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა. კამპანიის ფარგლებში ვაშლები კვირაში ერთხელ დარიგდება.

წყარო: "რეზონანსი"

'.$TEXT['print'].'