1 სექტემბერს, დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის
ავტორი: 1tv.ge
1 სექტემბერს, დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის

დედამიწის ორბიტის შიგნით, ათასობით სხეული დაჰქრის, რომელთაც დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტებს უწოდებენ. მათ შორისაა 14 000-ზე მეტი ისეთი ასტეროიდი, რომლებიც პერიოდულად დედამიწასთან ახლოს ჩაივლიან. 1980-იანი წლებიდან, ეს ობიექტები ასტრონომთა მზარდი ინტერესის საგანი გახდა, ძირითადად იმ საფრთხის გამო, რომელსაც ისინი ხანდახან წარმოადგენენ დედამიწისთვის. მაგრამ როგორც მოზრდილ ასტეროიდებზე მიმდინარე კვლევებმა და ათწლეულების განმავლობაში  ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, როგორც წესი, ისინი დედამიწის სიახლოვეს უსაფრთხოდ მოგზაურობენ. 

რაც კიდევ უფრო მეტად მნიშნელოვანია, ძალიან უიშვიათეს შემთხვევებში (მილიონობით წლებში ერთხელ), მოზრდილი ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება და ეჯახება. მაგალითად, 2017 წლის 1-ელ სექტემბერს, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი 3122 ფლორენსი ჩვენს პლანეტას ახლოს ჩაუვლის, თუმცა არ არსებობს შეჯახების საფრთხე. აღსანიშნავია, რომ ეს ასტეროიდი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის ერთ-ერთი უდიდესი დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტია. მისი დიამეტრი 4,4 კილომეტრს შეადგენს.  

შედარებისათვის, ასტეროიდი, რომელმაც 65 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია — დიამეტრში 10 კმ უნდა ყოფილიყო. აღნიშნულმა მოვლენამ ასევე განაპირობა დედამიწის ცხოველებისა და ფრინველების სამი-მეოთხედის მოსპობა; სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უთვალთვალებენ და აქტიურად აკვირდებიან ამ ობიექტებს NASA-ს მსგავსი ორგანიზაციები.  

NASA-ს განცხადებით, ეს ასტეროიდი დედამიწას უსაფრთხოდ, მინიმუმ 7 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის, ანუ დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულზე 18-ჯერ მეტი მანძილიდან. 

„მიუხედავად იმისა, რომ დედამიწასთან ახლოს მრავალ ცნობილ ასტეროიდს ჩაუვლია, 1-ელ სექტემბერს, ფლორენსთან შედარებით, ყველა მათგანი მაინც პატარა იყო. ფლორენსი უდიდესი ასტეროიდია, რომელიც ჩვენს პლანეტას ასე ახლოს ჩაუვლის მას შემდეგ, რაც NASA-ს პროგრამამ დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა გამოვლენა და თვალთვალი დაიწყო“, — ამბობს პოლ ჩოდასი, NASA-ს დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა კვლევის ცენტრის მენეჯერი.  

საფრთხის ნაცვლად, ასტეროიდის ეს გადაფრენა ძალიან კარგი შანსი იქნება მეცნიერთათვის, რათა ის ასე ახლოდან შეისწავლონ. NASA გეგმავს ფლორენსი რადარულად შეისწავლოს გოლდსტოუნის მზის სისტემის რადარითა და პუერტო-რიკოს არესიბოს ობსერვატორიით. მოსალოდნელია, რომ ამ კვლევების შედეგად გაირკვევა მისი უფრო ზუსტი ზომები და გამოვლინდება ზედაპირის დეტალები 10 მეტრის რეზოლუციით. 

ასტეროიდი 3122 ფლორენსი 1981 წლის 2 მარტს, ამერიკელმა ასტრონომმა შელტ ბასმა აღმოაჩინა ავსტრალიის საიდინგ-სპრინგის ობსერვატორიიდან. სახელი ეწოდა ფლორენს ნაიტინგეილის (1820-1910) პატივსაცემად, რომელიც თანამედროვე საექთნო საქმის დამფუძნებლად მიიჩნევა. NASA-ს სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპისა და მისია NEOWISE-ის საშუალებით ჩატარებული გაზომვების შედეგად კი დადგინდა მისი სავარაუდო ზომა — 4,4 კმ დიამეტრი.  

მომავალი გადაფრენა დედამიწასთან უახლოესი იქნება 1890 წლის 31 აგვისტოს შემდეგ, როდესაც მან დედამიწას 6,7 მლნ კმ მანძილზე ჩაუარა. გარდა ამისა, ჩვენს პლანეტას მან 1930 წლის 29 აგვისტოსაც ჩაუარა, თუმცა მაშინ მანძილი უფრო დიდი იყო, 7,8 მლნ კმ. მიუხედავად იმისა, მომდევნო 500 წლის განმავლობაში ეს ასტეროიდი დედამიწას შვიდჯერ ჩაუვლის, ისეთ მანძილზე, როგორზეც ის დედამიწას ახლა, 1-ელ სექტემბერს მოვა, მხოლოდ 2500 წლის შემდეგ მოუახლოვდება.  

მათთვის, ვინც ცის დაკვირვებითაა დაინტერესებული — ფლორენსი კაშკაშა იქნება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში, თუმცა მაინც არ გამოჩნდება შეუიარაღებელი თვალისათვის; მის სანახავად პატარა ტელესკოპი დაგჭირდებათ, როდესაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაივლის სამხრეთის თევზის, თხის რქის, მერწყულისა და დელფინის თანავარსკვლავედების მიმართულებით.

წყარო

'.$TEXT['print'].'