სიორიძის დაჯგუფების ფინანსური კრიზისი ღრმავდება- ბანკები ოზურგეთის მერს კრედიტზე უარს ეუბნებიან
ავტორი: გურიის მოამბე
სიორიძის დაჯგუფების ფინანსური კრიზისი ღრმავდება- ბანკები ოზურგეთის მერს კრედიტზე უარს ეუბნებიან

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ოზურგეთის მერობის პოსტზე ოფიციალური გაბანკროტებიდან რამდენიმე ნაბიჯშია.

ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის (ამავდროულად „ქართული ოცნების“ კანდიდატის ოზურგეთის მერობის პოსტზე) დაჯგუფებას, რამდენიმე ბანკმა უარი უთხრა იპოთეკურ სესხზე.

როგორც „გურიის მოამბეს“ ქალაქ ოზურგეთის მერის ერთ-ერთმა მოადგილემ უთხრა, უარის მიზეზი  არაგადახდისუნარიანობა გახდა.

მერის მოადგილის მოწოდებული ინფორმაციით, სიორიძე სესხის აღებას, რომელიც მას, წყაროს თქმით, კარსმომდგარი არჩევნებისათვის სჭირდებოდა, ამჯერად, მისი სიძის, რესტორან „ფიროსმანის“ სრული და შპს „სოფლის ნობათის“ წილის მფლობელის („სოფლის ნობათი ოზურგეთის ბაზარს და მასში არსებულ 20-მდე შენობა ნაგებობას ფლობს), ზურაბ გობრონიძის მეშვეობით ცდილობდა.

რამდენიმე ასეული ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზურაბ გობრონიძე, ანუ იგივე ბეგლარ სიორიძე, ბანკში ოზურგეთის აბრეშუმის ფაბრიკის ჩადებას აპირებდა.

სწორედ ეს აბრეშუმის ფაბრიკა, გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, სიორიძემ  ბიზნესმენ კოკი ცეცხლაძეს წაართვა, შეიძინა ბეგლარ სიორიძემ მიმდინარე წელს, ოფიციალურად კი ეს ყველაფერი მისი სიძის, ზურაბ გობრონიძის სახელით მოხდა.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ არჩევნების წინ დამდგარი ფინანსური პრობლემების მოსაგ­ვარებლად ყადაღების გამო შეუძლებელი გახდა აბრეშუმის ფაბრიკის ბანკში ჩადება და სესხის სახით თანხის მიღება, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიორიძის ისედაც ფინანსურად კრიზისული სიტუაცია.

თუ რა ხდება სიორიძის მერობის დროს მის მიერ მიტაცებული (როგორც ოზურგეთში იტყვიან „ხიშნიკური“ გზით) ქონების ნაწილის ირგვლივ, ამაზე „გურიის მოამბეს“ იურიდიული ჯგუფი მუშაობდა და ამ სამუშაოების პირველი ნაწილი ჩვენმა მკითხველმა უკვე იხილა, ახლა გთავაზობთ მეორე ნაწილს. რომელიც იმ ქონებას ეხება, ქალაქის მერმა, მერობის დროს, მისი სიძის, ზურაბ გიბრონიზის მეშვეობით რომ მიიტაცა.

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, (14.08.2017 წელს), ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისაგან ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის სიძემ, ზურაბ გობრონიძემ, შეიძინა ქალაქ ოზურგეთში, გურამიშვილის ქუჩაზე არსებული აბრეშუმის ფაბრიკის შენობა და 8065 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.

ამ შემთხვევაში საინტერესო ის გახლავთ, რომ გობრონიძე 25.05.2016 წლიდან დღემდე რეგისტრირებული გახლავთ მოვალეთა რეესტრში, ასევე 2015 წლიდან დღემდე გობრონიძის მთელ ქონებას ადევს შემოსავლების სამსახურის ყადაღა.

23.06.2017 წლის 102017214305/3 გადაწყვეტილებით კი დაყადაღებული იქნა შპს ,,ფიროსმანი 2009,,-ს ქონება, რომლის 100% წილის მფლობელი გახლავთ ზურაბ გობრონიძე.

მანამდე 2015 წლიდან სადადასახადოს ყა­დაღა ადევს ზურაბ გობრონიძის 15% წილს შპს ,,სოფლის ნობათში,,

სწორედ ამ შპს „სოფლის ნობათს“ მიაქირავა ოზურგეთის ბაზარი და მასში არსებული 18 შენობა ბეგლარ სიორიძის მერობის დროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა.

ყველაფერ ამას ემატება ის, რომ სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნით 14.07.2017 საჯარო რეესტრმა დააყადღა გობრონიძის მეუღლის უძრავი ქონებაც.

აშკარაა, რომ უსახსრობის გამო გობრონიძე ვერ იხდიდა ვერც საგადასახადო ვალდებულებებს, ვერც პირად ვალებს და მისი ყველა აქტივი გაყინული გახლდათ, ასეთ უმძიმეს ფინანსურ პირობებში გობრონიძემ შეიძინა აბრეშუმის ფაბრიკის შენობა 151256.6 ლარად, რომელის თავდაპირველი გასაყიდი ფასი გახლდათ 302513.2 ლარი.

ეს დოკუმენტალურად დადასტურებული ფაქტები განსაკუთრებით ზრდის იმ ინფორმაციის სანდოობას, რომ აბრეშუმის ფაბრიკა არა მოვალეთა რეესტრში ჩავარდნილმა გობრონიძემ, არამედ თავად ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ შეიძინა.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ არჩევნების წინ დამდგარი ფინანსური პრობლემების მოსაგ­ვარებლად სწორედ ამ ყადაღების გამო, შეუძლებელი გახდა აბრეშუმის ფაბრიკის ბანკში ჩადება და სესხის სახით თანხის მიღება, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიორიძის ისედაც ფინანსურად კრიზისული სიტუაცია.

საჯარო რეესტრში ზურაბ გობრონიძის სახელზე აბრეშუმის ფაბრიკის რეგისტრაციის დღესვე ქონებას დაედო ორი ყადაღა, პირველი - შემოსავლების სამსახურის 14.08.2017 წლის N161966 გადაწყვეტილებით  და მეორე -  სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე საჯარო რეესტრის 14.08.2017 წლის #102017233119/3 გადაწყვეტილებით, ასევე იმავე დღესვე საჯარო რეესტრის #102017233119/3 გადაწყვეტილებით ყადაღა დაედო გობრონიძის სახლს სოფელ ბოხვაურში.

საჯარო მონაცემებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 17.08.2017 წლის  N161966 გადაწყვეტილებით დაყადაღებული იქნა ზურაბ გობრონიძის მთელი ქონება.

იგივე საგადასახადოს მხრიდან 19.05.2015 წლიდან დაყადაღებულია შპს "სოფლის ნობათში" ზურაბ გობრონიძის 15% წილი (ამონაწერის მიხედვით დაყადაღებულია შპს სოფლის ნობათში დამფუძნებლის აკაკი ჩანჩიბაძის 51% წილი).

საგადასახადოსაგან დამატებით ზურაბ გობრონიძის 15% წილი დაყადაღებულია 26.05.2016 წელს სააღსრულებო ბიუროს მიერ.

ამ მასალაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელ დოკუმენტაციას „გურიის მოამბე“ საკუთარ ვებ გვერდზე ამ წერილის გასწვრივ დღესვე განათავსებს.

 

'.$TEXT['print'].'