"თურქეთში სამუშაოდ არ წავედი, სოციალურს მომიხსნიან-მეთქი და ახლა 4 შვილი მშიერი მყავს"
ავტორი: გურიის მოამბე
"თურქეთში სამუშაოდ არ წავედი, სოციალურს მომიხსნიან-მეთქი და ახლა 4 შვილი მშიერი მყავს"
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯირში (ჩოჩხათის თემი), ზენაიშვილების ექვს სულიანი ოჯახს, რომელიც უმძიმესი პირობებიაქვთ, სოციალური დახმარება ხუთი თვის წინ მოუხსნეს. როგორც ოჯახის უფროსი "გურიის მოამბესთან" ყვება, სოციალურ სააგენტოში ზუსტად ვერ ეუბნებიან, რატომ შეუჩერდა ოჯახს ფულადი შემწეობა. უხსნიან მხოლოდ იმას, რომ აუცილებლად დაენიშნება... 

ომარ ზენაიშვილსა და მარინა ტუღუშს ოთხი შვილი ჰყავთ, აქედან უფროსი 12 წლისაა, ყველაზე პატარა კი ხუთის. უმცროს გოგონას დაბადებიდან მძიმე დიაგნოზი აქვს. მას მეტყველებაც უჭირს და ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა ესაჭიროება. მშობლები ამბობენ, რომ მათ ამის საშუალება არა აქვთ, რის გამოც პატარას მდგომარეობა უფრო მეტად რთულდება: "არც პენსია აქვს დანიშნული, არც სოციალური დახმარება გვაქვს. ბავშვი ლანჩხუთის საავადმყოფოშიც მეწვა, ქუთაისშიც მყავდა, მკურნალობა სჭირდება, მაგრამ არ გვაქვს საშუალება და ვერაფერს ვაკეთებთ. თურქეთში სამუშაოდ არ წავედი, სოციალურს მომიხსნიან-მეთქი და ახლა 4 შვილი მშიერი მყავს"-გვიყვება ომარ ზენაიშვილი. 

ექვსულიან ოჯახს ყოველთვიური ფულადი შემოსავალი არ გააჩნია და როგორც დიასახლისი გვეუბნება, ბავშვების გამოკვების მხრივ პრობლემა ექმნება: 

"ეს სოციალური დახმარება რაც გვქონდა, ვანაწილებდი საკვებისთვის, რომ ბავშვებს არ მოშიებოდათ. ახლა ისიც ხუთი თვეა არ აგვიღია და უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. აქეთ ბავშვი სამკურნალოა, მოზარდებს კვება სჭირდებათ ნორმალური. ჩემი მეუღლე დადის და ეხმარება მეზობლებს ყანის აღებაში, ან შეშას დააპობს, შავ მუშად მუშაობს. ასეთი სამუშაო ყოველთვის ხომ არ არის? უნდოდა თურქეთში წასულიყო სამუშაოდ, მაგრამ უთხრეს, სოციალურ დახმარებას მოგიხსნიანო და ამს გამო არ წავიდა. ახლა იქ სამუშაოც არ არის და აღარც სოციალური დახმარება გვაქვს. უკდურესად მძიმეა ჩვენი მდგომარეობა"-გვიყვება მარინა ტუღუში. 

ზენაიშვილებს არც საკუთარი საცხოვრებელი სახლი გააჩნიათ. ისინი ამჟამად ნათესავის ერთსართულიან სახლში ცხოვრობენ, სადაც მხოლოდ სამი ოთახია. მოძველებული ავეჯი, ცემენტის იატაკი, უმინო ფანჯრები და დაზიანებული ჭერი, ასეთ პირობებში იზრდება ოთხი ბავშვი, რომლებსაც უმძიმეს საცხოვრებელ პირობებთან ერთად, უკიდურეს სიღარიბესთან შეგუებაც უწევთ. 

 

'.$TEXT['print'].'