"მერცხალის" ყოფილი მწვრთნელები:"ხვალიდან ოზურგეთში განუკითხაობა უნდა დასრულდეს"
ავტორი: გურიის მოამბე
"მერცხალის" ყოფილი მწვრთნელები:"ხვალიდან ოზურგეთში განუკითხაობა უნდა დასრულდეს"

ოზურგეთის ს.კ. "მერცხალის" ყოფილმა დირექტორმა და მწვრთნელებმა, სოციალურ ქსელში ეს ესაა ღია წერილი გაავრცელეს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

"ჩვენი პრობლემა დაიწყო მას შემდეგ, რაც ოზურგეთის გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე თანამდებობიდან გადადგა. შარაშენიძის პერიოდში საფეხბურთო კლუბი ოზურგეთის მერცხალი პირველ ლიგაში ასპარეზობდა, გვქონდა სრული მხარდაჭერა და უფრო მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოდით. გქვონდა ხელფასები და გვყავდა გამგეობის მიერ შეძენილი მიკროავტობუსიც.სწორედ მის პერიოდში დაბრუნდა ის 8 ფეხბურთელი, რომელიც დღეს საქართველოს სხვადასხვა კლუბებში როგორც პირველ, ისე უმაღლეს ლიგაში თამაშობენ.  მას შემდეგ კი რაც შარაშენიძე წავიდა, კლუბის დაღმასვლაც დაიწყო. საქმე იმაშია, რომ გუნდის დირექტორი და მწვრთნელთა შტაბი გაუგებარი მიზეზებით თანამდებობიდან დაითხოვეს.

ამის შემდეგ კლუბს დაენიშნა ახალი დირექტორი, რომელიც მერის, ბეგლარ სიორიძის რჩეული იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ დირეტორს მანამდე ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია.

ახალი დირექტორის დროს გუნდს ხელფასები დაგვიანებით, ზოგჯერ კი საერთოდ არ ურიგდებოდა, რამაც საბოლოოდ გუნდის დაშლა გამოწვია.  "მერცხალი" ძირითადმა ფეხბურთელებმა დატოვეს. შესაბამისად პირველი ლიგიდან სიორიძის პერიოდში მეოთხე ლიგამდე დავქვეითდით. გაუქმდა ბავშვთა სკოლები,ურეკის  ბავშვთა ლიცენზირებულ მწვრთნელებს ხელფასები მოუხსნეს, მათი მოსწავლეები კი სავარჯიშოდ ფოთში გადავიდნენ.

ჩვენი, ყოფილი სამწვრთნელო შტაბის სურვილია, რომ ეს განუკითხაობა დასრულდეს და ოზურგეთში ფეხბურთი კვლავ განვითარდეს ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ფეხბურთის განვითარებას კი ამ პირობებში ვერ ვხედავთ. 

იმედი გვაქვს, რომ რამე შეიცვლება და „მერცხალს“ კვლავ დაუბრუნდება ძველი დიდება".

ოზურგეთის მერცხალის ყოფილი დირექტორი შოთა გიორგაძე. მწვრთნელები არჩილ ლიპარტელიანი, კაკო ათუაშვილი. 

'.$TEXT['print'].'