ივანიშვილმა უნდა შეიგნოს, რომ ის არ არის საქართველო-ნიკა მელია
ავტორი: გურიის მოამბე
ივანიშვილმა უნდა შეიგნოს, რომ ის არ არის საქართველო-ნიკა მელია

"ღირსების მანიფესტაცია" - ამ ლოზუნგით საპროტესტო მსვლელობას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მართავენ. ისინი რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაასრულებენ. 

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების მცდელობას და კიევში მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები შეთანხმებულად მოქმედებენ.

„დღევანდელი შეკრება ნათელი დადასტურებაა, რომ შეუძლებელია, ქართველი საზოგადოება შეეგუოს ოლიგარქიულ რეჟიმს. რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის სამარცხვინოდ, საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით ხდება. ივანიშვილი და პოროშენკო დაუფარავად თანამშრომლობენ, რომ გაანეიტრალონ ადამიანი, რომელიც მათ ოლიგარქიულ რეჟიმებს საფრთხეს უქმნის, ეს ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილი," - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინის და საქართველოს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას ივანიშვილი და პოროშენკო ზიანს აყენებენ.

„ივანიშვილმა უნდა შეიგნოს, რომ ის არ არის საქართველო, ასევე, პორშენკომ უნდა შეიგნოს, რომ ის არ არის უკრაინა. ოლიგარქიული მმართველობა, რომლითაც დაინტერესებულია რუსეთი, უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ენმ-მ დაამტკიცა, რომ ის ძლიერი და მზარდი პარტიაა. 

„დღეს აქციაზე მოსულ ადამიანებს ამოძრავებთ მხოლოდ ერთი რამ - სოციალურმა თანასწორობამ დაამარცხოს ოლიგარქიული ეკონომიკა და გარყვნილი პოლიტიკური სისტემა ნამდვილი დემოკრატიით ჩანაცვლდეს. გავიხსენოთ, რომ ჩვენ გვიყურებს უბრალო ამომრჩეველი და რიგითი მოქალაქე.

ამ აქციას კიდევ ერთი მიზანი ჰქონდა: ბოლო დროს ჩვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ, დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი პარტიაა, მაგრამ მზარდი არ არისო. არადა, ეს არის 24 საათზე ნაკლებ დროში, „ფეისბუქით“ ორგანიზებული აქცია,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

'.$TEXT['print'].'